იცით თუ არა, რომ 1 კილოგრამი თაფლის მისაღებად ფუტკრები 4500-ჯერ უნდა გამოფრინდნენ სკიდან და ესტუმრონ ნექტრისთვის 6-10 მილიონ ყვავილს. ძლიერი ოჯახი დღეში 5-10 კგ თაფლს აგროვებს.

ეს უნიკალური პროდუქტი, რომელიც ბუნების საოცრებად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას. თაფლი – ისე, როგორც არცერთი პროდუქტი, მდიდარია ამინომჟავებით, ფერმენტებით, ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ნახშირწყლებით, ეთერზეთებითა და ლიპიდებით.

თაფლი ჩვენს ორგანიზმს ენერგიითა და ძალით უზრუნველყოფს, ამაღლებს კუნთების ტონუსს და ფიზიკურად აქტიურს ხდის ადამიანს. თაფლი გონების საუკეთესო სტიმულატორია, უზრუნველყოფს გლუკოზის შემცირებას სისხლის პლაზმაში, შესაბამისად ნატურალური თაფლის მიღება შეუძლია შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანსაც.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

და ეს ყველაფერი მითი არ არის, რეალობაა!

მაგრამ არსებობს საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციები თაფლის შესახებ, რომლებიც უამრავ კითხვას სვამს და მასზე სწორი პასუხისთვის, იონას საფუტკრის დამფუძნებელს, გიორგი იონათამიშვილს მივმართეთ!

პირველ რიგში მოგვიყევით თქვენს შესახებ. რატომ გადაწყვიტეთ ასეთ ახალგაზრდა ასაკში მეფუტკრეობა? რა იყო მიზეზი?

მე გახლავართ იონათამიშვილი გიორგი მეფუტკრე. დიდი ხანი არაა რაც მეფუტრეობით ვარ დაინტერესებული – სულ რაღაც 3 წელია, სიმართლე რომ ვთქვა, იმის მიუხედავად, რომ ჩემი დიდი პაპა კონსტანტინე იონათამიშვილი პროფესიონალი და წარმატებული მეფუტკრე იყო და 1929 წელს ივანე ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, მე ფუტკრის შესახებ არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რაც ყველამ იცის. მაგრამ დაახლოებით 3 წლის წინ “მოვიწამლე” მეფუტკრეობით და ამ საოცარი მწერით სერიოზულად დავინტერესდი. ყველა მეფუტკრე დამეთანხმება, რომ ეს საქმიანობა “ნარკოტიკივითაა”, ერთი თუ დაიწყე, მერე ვეღარ ანებებ თავს… ასე დამემართა მეც… თუმცა თავიდან მაინც არ ვუყურებდი ასეთი სერიოზულობით, სანამ დაახლოებით 5 წლის წინ თბილისიდან აგარაკზე არ გადავედი საცხოვრებლად და იქ  ჩემმა მეზობელმა მეფუტკრე მიშა პაპამ ნაყარი, მეორე მეზობელმა ლადო პაპამ კი სკა მაჩუქა…

ასე დაიწყო ჩემი მეფუტკრეობა,მაგრამ დაახლოებით 2 წელი ღმერთის ანაბარა იყო სკები. საერთოდ არაფერი ვიცოდი და ვინც რას მეტყოდა, იმას ვაკეთებდი, შემდეგ დედაჩემის თხოვნით, დავაპირე სწავლა მეფუტკრეობის და სრულიად შემთხვევით მოვხვდი საპატრიარქოში, უწმინდესის ლოცვა კურთხევით არსებულ კურსებზე… აი, ზუსტად იქ  “მოვიწამლე ფუტკრით”.  კურსების დამთავრების შემდეგ პატრიარქმა გვაჩუქა ერთი ოჯახი და იმ დღის მერე გაათმაგებული პასუხისმგებლობით შევუდექი ამ საქმიანობას.  დავამთავრე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი მეფუტკრეობის სპეციალობით, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ პროფესიონალთან მქონდეს ურთიერთობა, რადგან ნებისმიერი ჩემი შეხვედრა მათთან დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მაძლევს. ამ ეტაპზე გვაქვს 2 საფუტკრე: ერთი დასავლეთ საქართველოში და მეორე აღმოსავლეთ საქართველოში და ვაწარმოებთ ფუტკრის თითქმის ყველა პროდუქტს. ამ დარგს აქვს პერსპექტივა როგორც აგროტურიზმის მიმართულებით, ასევე აპითერაპიის და სხვადასხვა პროდუქტის წარმოების მიმართულებით. ჩვენი ბრენდია “იონას საფუტკრე”.

გიორგი, ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვა პროდუქტს სხვადასხვა პროცენტულობით ითვისებს: მაგალითად, ხორცსა და კვერცხს ითვისებს 95 %-ით, ხორბლის პურს 96 %-ით, კარტოფილს – 89 %-ით და სხვა.. ამბობენ, რომ თაფლი ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი 100 % -ით ითვისებს. მცდარია თუ მართალია ეს მოსაზრება?

დიახ, მართალია ! თაფლს ადამიანის ორგანიზმი სრულიად ითვისებს.

გოზინაყი – ჩვენი ტრადიციული ტკბილეული, რომლის გარეშეც ახალი წელი ქართულ ოჯახებში წარმოუდგენელია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, დუღილის დროს თაფლი კანცეროგენულ ნივთიერებებს გამოყოფს, რაც ჯანმრთელობისთვის დიდ  საფრთხეს წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით, გოზინაყი არც ისეთი სასარგებლო ტკბილეული გამოდის, როგორც დღემდე გვეგონა. თქვენი, როგორც პროფესიონალის შეფასება როგორია ამ საკითხთან მიმართებაში? მართალია?

ზოგადად თაფლის გაცხელება არ შეიძლება 40 გრადუსის ზევით თვისებებს კარგავს, მაგრამ კარამელიზაციის დონემდე თუ მივიდა და მოხდა მისი ადუღება, მავნებელია ორგანიზმისთვის.

ამბობენ, რომ 100%-ით ნატურალური თაფლი დროთაგანმავლობაში შაქრდება. მითია თუ სიმართლე?

ნატურალური თაფლი აუცილებლად უნდა დაკრისტალდეს (რასაც დაშაქრებას უწოდებენ საზოგადოებაში) , მაგრამ სხვადასხვა დროს, ეს დამოკიდებულია შენახვის პირობებზე, თაფლის სახოებასა და მასში არსებული გლუკოზის და ფრუქტოზის შემცველობაზე.

მაგალითად,  წაბლისა და აკაციის თაფლი შედარებით გვიან კრისტალდება, მინდვრის თაფლი – სწრაფად, სუროს თაფლი კი შეიძლება ფიჭაშივე დაკრისტალდეს.

ასევე, ხშირად გვსმენია, რომ სველი კოვზის თაფლში მოთავსებით, პროდუქტი კარგავს სასარგებლო თვისებებს.  მითია თუ სიმართლე?

საერთოდ წყლის მოხვედრა თაფლში, თუნდაც სველი ჭურჭელის მეშვეობით არ შეიძლება რადგან შეიძლება თაფლის ადუღება(დამჟავება) გამოიწვიოს.

დაბოლოს, თუ გაქვთ რაიმე მარტივი მეთოდი, რითაც თაფლის ნატურალურობის შემოწმებას შეძლებს ჩვენი მკითხველი? გაგვიზიარეთ.

საზოგადოებაში თაფლის შემოწმების ბევრი მეთოდია გავრცელებული. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, არცერთი არაა ზუსტი, რადგან 100%-იან პასუხს მხოლოდ ლაბორატორია იძლევა. ამ კუთხით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში დადებითადაა შეცვლილი სიტუაცია თაფლის და ფუტკრის პროდუქტებთან მიმართებაში, რადგან საკმაოდ ამაღლებულია თაფლის ხარისხიც და მეფუტკრეების პროფესიონალიზმიც. გირჩევთ რომ შეიძინოთ ფუტკრის პროდუქტები პროფესიონალი მეფუტკრეებისგან, ასეთი ძალიან ბევრია საქართველოში. ამოიღეთ მოხმარებიდან შაქარი და გადადით ნატურალურ თაფლზე.

დაბოლოს, მინდა გითხრათ რომ ფუტკარს თაფლის გარდა ბევრი პროდუქტი აქვს და თაფლზე ბევრად სასარგებლო, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროდუქტების შესახებ საზოგადოებამ ინფორმაცია იცოდეს და ასევე აუცილებელია მეფუტკრეებმაც გაითვალისწინონ  და აწარმოონ სხვადასხვა პროდუქტი. მხოლოდ თაფლზე ნუ გააკეთებენ ორიენტირებას.