ტექნიკის გამოყენების უარყოფითი გავლენა ადრეული ასაკის ბავშვის განვითარებაზე

კვლევის შედეგად, ცინცინატის ბავშვთა სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ეკრანებთან დიდი დროის გატარების შედეგად, ბავშვებს შესამჩნევი დეფიციტი აღენიშნებათ თავის ტვინის განვითარებაში. „ეს პერიოდი კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან თავის ტვინი ყველაზე სწრაფად პირველი ხუთი წლის განმავლობაში ვითარდება“ , ამბობს პედიატრი, ჯონ ჰუტონი, რომელმაც სამიდან ხუთ წლამდე ასაკის ორმოცდაშვიდი ბავშვი გამოიკვლია.

მკვლევრების რეკომენდაციით, თვრამეტ თვემდე ბავშვებს საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ ეკრანთან შეხება, ხოლო ორიდან ხუთ წლამდე ბავშვებმა კი ტექნიკასთან ყველაზე მეტი, დღეში ერთი საათი უნდა გაატარონ. ჰუტონის კვლევაში, მრტ-ს (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) სპეციფიური ტიპის საშუალებით, აკვირდებოდნენ თავის ტვინის თეთრ ნივთიერებას. „წარმოიდგინეთ, რომ თეთრი ნივთიერება, ფუნქციონირებს ტელეფონის კაბელების მსგავსად და ერთმანეთთან აკავშირებს თავის ტვინის სხვადასხვა რეგიონს, რათა მათ ერთმანეთთან დალაპარაკება შეძლონ“, განმარტავს ჰუტონი. ამ „კაბელების“ არასაკმარისმა განვითარებამ, შესაძლოა თავის ტვინის მუშაობის სიჩქარე შეაფერხოს. მეორე მხრივ, კვლევებმა აჩვენა, რომ სწავლა, კითხვა, ან რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტის დაუფლების პროცესი, თავის ტვინში არსებული თეთრი ნივთიერების სტრუქტურას აუმჯობესებს.

კვლევაში ჩართული ბავშვების მშობლებს თხოვდნენ დაეფიქსირებინათ, რომელი ასაკიდან აქვთ შეხება ბავშვებს ტექნიკასთან და რამდენ დროს ატარებენ ეკრანთან (ჭამისას, მანქანასა თუ მაღაზიაში) დღის განმავლობაში. მკვლევრებისთვის ასევე საინტერესო იყო პროგრამების შინაარსი, მაგ. ირჩევდნენ თუ არა ბავშვები მათთვის სასურველ პროგრამას/თამაშს და იყო თუ არა ამ პროცესში ინტერაქცია – ჰქონდა თუ არა მშობელს დიალოგი ბავშვთან, ტექნიკის გამოყენებისას. შედეგებმა ცხადყო, რომ ბავშვებს, რომლებიც რეკომენდირებულზე მეტ დროს ატარებენ ეკრანთან, მშობლის ინტერაქციის გარეშე, აქვთ არასაკმარისად განვითარებული თეთრი ნივთიერება თავის ტვინში. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ტელევიზორთან გადაჭარბებული დროის გატარების შემთხვევაში, ბავშვებს აღენიშნებათ ყურადღებისა და კონცენტრაციის სირთულეები. ამას გარდა, ხშირია კვების დარღვევა, ქცევისა და ძილის პრობლემები და მეტყველების შეფერხება, რის გამოც გადაჭარბებული დოზით ეკრანებთან მყოფმა ბავშვებმა ენის ტესტებში შედარებით ცუდი შედეგები აჩვენეს.

მკვლევარი მარტინ კორტე ეხმაურება ამ თემას და გაზეთ Die Welt-თან მიცემულ ინტერვიუში  აცხადებს : „ ბავშვები, რომლებიც ეკრანთან დიდ დროს ატარებენ, ლაპარაკობენ ნაკლებს და ნაკლებად უსმენენ სხვებსაც“. ის მშობლებს ურჩევს, რომ დრო უფრო აქტიურად გაატარონ და ბავშვებთან ერთად სპორტით დაკავდნენ. კორტეს თქმით, ბავშვებისთვის „არანაირი საჭიროება არ არსებობს, ეკრანთან დროის გასატარებლად“, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, განვითარებაში არსებული დეფიციტები მალე შესამჩნევი გახდება.

 და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის სწავლებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მოდელირებაა. ბავშვები სწავლობენ მიბაძვით. შესაბამისად,  მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ბავშვთან ყოფნისას ნაკლებად გამოიყენონ ტელეფონი და მეტი დრო დაუთმონ პირისპირ ინტერაქციას.

მასალა მოამზადა : მარიამ კვერნაძემ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები