ჭარბი წონა არამარტო უწინ, დღესაც მძიმე დაავადებასთან ასოცირდება.  ეს ხშირ შემთხვევაში განპირობებულია  ჯანმრთელობის სხვადასხვა  დარღვევით. ჭარბი წონა დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა ენდოკრინული სისტემის დარღვევა, დიაბეტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, გულსისხლძარღვთა პრობლემები. ჭარბ წონას ადამიანი ინფარქტამდეც კი მიჰყავს და უკიდურეს სიტუაციამდე მისვლის  შემდგომ გვებადება ერთადერთი  კითხვა: თუ როგორ ვუშველოდ ამ პრობლემას?

ადამიანები ყოველთვის მარტივ და საუკეთესო ხერხს ვეძებთ. გვსურს, ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ, ამისთვის  მივმართავთ პრესის ვარჯიშს, ლიპოსაქციას, დიეტის სხვადასხვა სახეობას, ქირურგიულ ჩარევასა და  მედიკამენტებს…

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გარდა გამოიყოფა სოციალური რისკებიც,  რომელსაც განსაკუთრებით ჭარბწონიანი ბავშვები ან თინეიჯერები შეიძლება წააწყდნენ.  ჭარბი წონა სოციალურ და ფსიქოლოგიურ რისკებსაც წარმოშობს – მაგალითად, დაბალ თვითშეფასებასა და დისკრიმინაციას. ბავშვებთან, უფრო მეტად  გარდატეხის ასაკში  ყოველივე იმდენად რთულ და შეურაცხმყოფელ ფორმას იღებს, რომ  ამასთან გამკლავება რთული ხდება .

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ამ თემაზე ვესაუბრეთ მედიცინის დოქტორს, ბავშვთა და მოზარდთა ენდოკრინოლოგს – ეკატერინე კვარაცხელიასა და ფსიქოთერაპიისა  და კონსულტაციის სახლის ფსიქოლოგს – ქეთი მესხიშვილს.

 

რა როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში ენდოკრინული სისტემა? ვისაუბროთ ენდოკრინულ დაავადებებზე

ეკატერინე კვარაცხელია:

  ენდოკრინული სისტემა შინაგანი მუდმივობის, ჰომეოსტაზის უმნიშვნელოვანესი რგოლია. მას აქვს როლი ორგანიზმის ზრდა-განვითარებაში, გამრავლებაში, ენერგიის წარმოქმნაში, უტილიზაციასა და დაგროვებაში.

ენდოკრინული დაავადებები სწავლობს ენდოკრინული ჯირკვლების, ანუ შინაგანი სეკრეციის უნარის მქონე ორგანოებს, მათ ფუნქციურ და სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც ხშირად ორკესტრირებულად და ერთდროულად იცვლება, ხან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.  ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს, როგორც ფუნქციის დაქვეითებით, ისე სიჭარბით მიმდინარე დარღვევები, როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი, მწვავედ განვითარებული თუ ქრონიკული ხასიათის.

 

როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან  ჭარბი წონა და სიმსუქნე ?

არსებობს სხეულის მასის ასაკობრვი სტანდარტული მრუდები, ვაჟებისა და გოგონებისთვის. განსხვავებას ახდენს ექიმი (პედიატრი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი). საყურადღებოა სხეულის მასის სიმაღლის ფონზე შეფასება, დინამიკა, სიმაღლეში ზრდის, სქესობრივი მომწიფების მიმდინარეობა და ა შ. რა თქმა უნდა, ვსწავლობთ ოჯახურ ანამნეზს, კვების რაციონს, კვებით ქცევას ოჯახში, საკვების მომზადებას, გარეთ კვების ინტენსივობას და ე.წ. სწრაფ კვებას. ფიზიკურ აქტივობას,  მის ინტენსივობას, სიხშირეს დღის და კვირის განმავლობაში…. ამის შემდეგ ვიკვლევთ სათანადო მაჩვენებლებს, როგორც ჭარბი მასის გამომწვევ მიზეზს, ისე სიმსუქნის შედეგად მიღებულ ცვლილებებს.

ჭარბი წონი მაღალი რისკი  ყოველთვისაა, მაშინ, როცა მიღებული კალორიები აჭარბებს დახარჯულ კალორიებს, ასევე დაუბალანსებელი კვებისას, მჯდომარე ცხოვრებისას, განსაკუთრებით ზრდის დასრულების შემდგომ.

-რამდენად ხშირად მიმართავენ მშობლები ფსიქოლოგს ამ მძიმე პრობლემაში მონაწილეობის მისაღებად ?  როგორ ხდება გამკლავება და რა როლს ასრულებს ფსიქოლოგი ?

 ქეთი მესხიშვილი:

ჭარბი წონა ბიო-ფსიქო-სოციალურ პრობლემას წარმოადგენს და ჩემს პრაქტიკაშიც კვებითი აშლილობის დარღვევით ძალიან ხშირად მოდიან ადამიანები.

შემიძლია ვთვქა, რომ 21-ე საუკუნეში მსოფლიოში ყოველ 5 ადამიანში მინიმუმ ერთს კვებასთან და წონასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და არც საქართველოა გამონაკლისი.

იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემა კომპლექსურია, მუშაობა აუცილებლად გულისხმობს სწორი კვების ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართულია კილოგრამების კლებაზეც და ფოკუსში ექცევა ემოციური მდგომარეობის გაცნობიერება. რა არის გადაჭარბებული რაოდენობის საკვების მიღების ფსიქო-ემოციური მიზეზები, როგორ მოქმედებს გარემო კლიენტზე, რა მხარდამჭერი საშუალებები აქვს მას ცხოვრებაში და ამის შემდეგ ხდება ემოციური შიმშილის მიზეზების გაცნობიერება. მუშაობა გულისხმობს ოჯახთან და მშობლებთან მუშაობასაც (თუკი კლიენტი არასრულწლოვანია). ოჯახშიც ინერგება სწორი კვების ჩვევები და წახალისებულია ემოციურად მხარდამჭერი გარემოს შექმნა.

 

-როგორ დავძლიოთ პრობლემა? რჩევები, რომლებიც მშობლებს დაეხმარება არსებული პრობლემის აღმოჩენასა და დაძლევაში .

ქეთი მესხიშვილი:

თუკი კლიენტი მოტივირებულია და აქვს მზაობა, პროცესი ძალიან მარტივად მიმდინარეობს. სწორი ფსიქოთერაპიული მუშაობის შემთხვევაში კლებაც მიმდინარეობს ისე, რომ აღარ მოხდეს მატება. ბავშვებს ასევე უჩნდებათ უნარი იმისა, რომ  გაუმკლავდნენ ბულინგს და ახერხებენ საკუთარი თავის დაცვას. ძლიერდება თვითრწმენა და თავდაჯერებულობა.

პირველ რიგში აუცილებელია ოჯახის წევრების მზაობა.  არ უნდა მიაწებონ უარყოფითი იარლიყები, როგორებიცაა: მაგ. “რა მსუქანი ხარ”, “ღორივით ჭამ”. შეძახილები ,,რას გავხარ” ,,როგორ არ გრცხვენია” და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრები თავად ასრულებდნენ სწორი კვების რეკომენდაციებს და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოსთხოვონ მოზარდებს მათი გათვალისწინება. ის ფაქტორი ავიწყდებათ მშობლებს, რომ ყველაზე მეტად თავად მათ სურთ ამ პრობლემის დაძლევა და ამ პრეცესში მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. თუ მოზარდი ახლობლებისგან გარიყულია და აკლია ემოციური მხარდაჭერა, ის უფრო ადვილად მოექცევა სხვების მხრიდან ჩაგვრის ქვეშ.

 

ეკატერინე კვარაცხელია:

მშობლებს ვურჩევ, ადრეული ასაკიდან მოხდეს ბავშვისთვის სწორი კვებითი ჩვევების და ქცევების გამომუშავებაზე ზრუნვა, რაც ხშირად მიღწევადია. ძალინ იშვიათია ბავშვი, რომელიც პრაქტიკულად არ ჭამს, ან მხოლოდ ერთი სახის საკვებს იღებს. კვების რეჟიმი შეძლებისდაგვარად უნდა  იყოს დაცული, ფიზიკურ აქტივობებზე გაკეთდეს მეტი ყურადღება, ვიდრე გონებრივ და მჯდომარე მეცადინოებებზე. ცოტა არარეაულურად ჟღერს, მაგრამ შეუძლებელი მაინც არ მგონია, იმედია, მალე დასრულდება პანდემია და აღდგება ცხოვრების ძველი, დინამიური რიტმი. ვიკვებოთ ჩვენ თვითონ სწორად და ჯანსაღად, რადგან მშობელი, ყოველთვის არის მაგალითი შვილების ქცევის ჩამოყალიბებაში.

 

სტატია მოამზადა: ნუცი ნეხრიშვილმა