ჯანმრთელობის  მსოფლიო ასამბლეამ აღიარა, რომ ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის მქონე უმსხვილესი კონტრიბუტორი და ადრეული სიკვდილიანობის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია. დაბინძურებული ჰაერი ორგანიზმში შეუმჩნევლად ილექება და თავის მძიმე შედეგებს წლების შემდეგ აჩვენებს.

ჰაერის დაბინძურებას განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოაქვს ორსულებისთვის, მოხუცებისთვის და ბავშვებისთვის. რისკ-ფაქტორია არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებებისთვის, როგორიცაა ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი, არამედ, ასევე დაკავშირებულია ბავშვებში ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარების პათოლოგიასთან, აგრეთვე დიაბეტთან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ავადობის 17 და სიკვდილიანობის 19 პროცენტი გარემოს საზიანო ზემოქმედებას უკავშირდება. ეკოლოგები და გარემოს დამცველები თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ჰაერის ხარისხს საგანგაშოდ აცხადებენ. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად მიზეზად საწვავის ხარისხი და  გაუმართავი ავტოტრანსპორტი სახელდება. 1 ლიტრი ბენზინის დაწვის შედეგად 750 გრამი მავნე ნივთიერება გამოიყოფა, რომლებიც თანაბრად იწვევს სიმსივნურ დაავადებებს როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. საერთოდ, ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებები ძირითადად მიწიდან ერთი მეტრის, ანუ ბავშვის სიმაღლეზე კონცენტრირდება, რის გამოც ბავშვი უფრო მეტ მავნე ნივთიერებას ჩაისუნთქავს, ვიდრე ზრდასრული. არადა, მართალია, სუფთა ჰაერი ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ პატარებს განსაკუთრებულად სჭირდებათ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ბავშვის ყოველდღიური გასეირნება სუფთა ჰაერზე აუცილებელია მისი ჯანმრთელი ზრდა-განვითარებისთვის. სუფთა ჰაერი და მზის სხივები აძლიერებს ბავშვის ორგანიზმს და იცავს მას დაავადებებისგან, განსაკუთრებით კი რაქიტისგან. სუფთა ჰაერზე გასეირნება აძლიერებს ბავშვის მადას და მის ნერვულ სისტემას, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ძილი უფრო მშვიდი და ღრმა ხდება, ტემპერატურის ცვალებადობა ხელს უწყობს ორგანიზმის გაკაჟებას.   ბავშვი, რომელიც მიჩვეულია ზაფხულშიც და ზამთარშიც გასეირნებას, იშვიათად ცივდება. წელიწადის თბილ დროს ბავშვი სასურველია მთელი დღის განმავლობაში იყოს ჰაერზე, თუ მშობლებს ამის დრო და საშუალება აქვთ.

ექიმების რეკომენდაციით, სანამ ბავშვი სიარულს ისწავლის და სუფთა ჰაერზე თავადვე ირბენს და გაერთობა, უკეთესია დღისით მშობლებმა იგი გარეთ, სუფთა ჰაერზე დააძინონ.

მასალის ავტორი: ნათია ხარბედიამ