„შშმ პირთა მიმართ  დამოკიდებულება – არის შეცოდება…“ – ინკლუზიური განათლების პროგრამის მენეჯერი – სალომე ჩარკვიანი

ინკლუზიური განათლების პროგრამის მენეჯერი – სალომე ჩარკვიანი

სინამდვილეში რა ვიცით შშმ ბავშვების ცხოვრების შესახებ?

ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი ბავშვისთვის რთულად ხელმისაწვდომია განმავითარებელი აქტივობები, დეფიციტია ისეთი სივრცეების, სადაც ბავშვს მალე არ მობეზრდება, ითამაშებს, განვითარდება მისი აზროვნება და მოტორიკა. და ასმაგად რთული და ხელმიუწვდომელია ეს ადგილები შშმ ბავშვებისთვის. გარემოს ადაპტაცია, საზოგადოების მოუმზადებლობა, მათთან კომუნიკაციისთვის, მათი თერაპიის ფასები წარმოუდგენელს ხდის ოჯახისთვის ამ ყველაფერზე ხელმისაწვდომობას.

რამდენად რთულია შშმ პირებთან კომუნიკაცია?

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

როდესაც ჩვენს კულტურაში მისაღები იქნება,  რომ ბავშვებთან გვქონდეს კომუნიკაცია ისე, როგორც ისინი ისურვებენ და არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა რომ მოვექცეთ, მერე მივეჩვევით შშმ ბავშვებთან ურთიერთობასაც. ყველა ბავშვი გაგრძნობინებს რა მოსწონს,  რა აღიზიანებს,  ყურს თუ დავუგდებთ,  აუცილებლად შედგება ეს კომუნიკაცია. არის ხოლმე სირთულეები, როცა სენსორული გადაღლა იმდენად გამაღიზიანებელია ბავშვისთვის, რომ სხვები ვერ წარმოიდგენენ, რამ გააღიზიანა ის. თუმცა სურვილის შემთხვევაში, ინტერნეტის ხანაში უამრავი ინფორმაციის მოძიება შეიძლება ამის მოსაგვარებლად.

როგორ შეგვიძლია შევუწყოთ ხელი სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებში მათ ინტეგრაციას?

გარემოს ადაპტირება, ბავშვებთან მომუშავე პერსონალის გადამზადება, მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის პოლიტიკა (მაგ. დამატებითი ბიუჯეტი, დამატებითი პრივილეგია, დამატებითი მხარდაჭერა) , რაც მათ ყოფნას ნებისმიერ ინსტიტუციაში გახდის არა საშიშს, არამედ სასარგებლოს.

რამდენად ინტეგრირებულნი არიან შშმ პირები პირველად ჯგუფებში (ოჯახი; სამეგობრო წრე)?

ოჯახების მიერ შშმ ბავშვების მიღება ნელ-ნელა უმჯობესდება. მეტი და მეტი მშობელი ჩნდება, რომელიც ადვოკატირებს მათი შვილის უფლებებს და განვითარებას. თუმცა, განსაკუთრებით რეგიონებში, სტიგმის  ისევ დიდი პრობლემაა  და ადამიანები ვერ იღებენ ემოციურად მათი შვილის მდგომარეობას, რაც აფერხებს ბავშვის შესაძლებლობების განვითარებას, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. რაც შეეხება მეგობრებს, ინკლუზიური განათლება ქვეყანაში თანდათან უწყობს ხელს იმას, რომ სხვადასხვა შესაძლებლობის ბავშვებმა ერთმანეთთან იმეგობრონ, თუმცა ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა მაინც არის ის, რომ თანატოლთა მშობლების დამოკიდებულება შვილებსაც გადაედებათ ხოლმე, მაშინ როცა დამოუკიდებლად ბევრად უფრო ჯანსაღად და გულწრფელად იღებენ თანატოლს. დამოუკიდებლად ბევრად უფრო ჯანსაღად და გულწრფელად იღებენ თანატოლს.

რამდენად ინტეგრირებულნი არიან შშმ პირები მეორად ჯგუფებში?

მეორად ჯგუფებში იმდენად არიან ინტეგრირებული, რამდენადაც პირველადში. თუ ოჯახი მხარს უჭერს ადამიანს, ნებისმიერი უმცირესობის წევრს და მათ შორის შშმ ბავშვს, ის უფრო მეტი წარმატებით და თავდაჯერებით ახერხებს ინტეგრირებას უფრო ფართო ჯგუფებშიც. თუ სახლში დათრგუნულია ადამიანი, ის განდეგილია მერე ყველგან.

როგორ არიან ჩართული საზოგადოებრივ აქტივობებში და რა სტერეოტიპები უშლით ხელს სრულფასოვან ინტეგრაციაში?

შშმ პირების ნაწილი სრულად ჩართულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იბრძვიან საკუთარი თემის უფლებებისთვის,  თუმცა აქ წარმატებული ადამიანებიც კი უამრავ ბარიერს აწყდებიან. ელემენტარულად,  ქუჩაში გადაადგილება პრობლემაა ეტლით მოსარგებლე და უსინათლო ადამიანებისთვის და უამრავ რესურსს ხარჯავენ თანაბარი მისაწვდომობისთვის

რა სერვისებია მათთვის ხელმისაწვდომი?

ხელმისაწვდომს ორი გაგება აქვს. ქვეყანაში არსებობს თერაპიული სერვისები შშმ ბავშვებისთვის, თუმცა დაფინანსების რიგში თვეობით დგანან ბავშვები. მეორე მხრივ, პირადი ასისტენტის,  ჟესტური ენის სპეციალისტის და მსგავსი დამხმარე სერვისების დიდი დეფიციტია.

დამოკიდებულება და საჭიროება…

დამოკიდებულება – არის შეცოდება,  რაც ათი ნაბიჯით უკან ხევს ამ ადამიანებს. უნდა იყოს: რა არის ჩვენი პასუხისმგებლობა იმაში, რომ ის სრულფასოვანი წევრი იყოს ჩვენი საზოგადოების.

სკოლასა და სკოლამდელ დაწესებულებაში ჩართულობა…

ზოგადი განათლების დონეზე არის ძვრები. ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ პროცესი დაძრულია, თუნდაც დაპირისპირებები, ამ თემაზე კამათი თითოეულ სკოლაში ნიშნავს,  რომ პროცესი დაიწყო და შეუქცევადია. ამ ბავშვებს უკან სახლებში ვეღარ განდევნიან. სამწუხაროდ, იმავეს ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვით ბაღებზე.  იქ სულ ახალი დაწყებულია ეს პროცესი, დრო ცოტაა,  ყველას გვეჩქარება განვითარება და უფრო მტკივნეულია ეს პროცესი. არა და   როგორ შეიძლება განვითარდეს ეკონომიკა იმ ქვეყანაში,  სადაც შშმ შვილი დედას ბაღში ვერ მიჰყავს და იძულებულია მოწყდეს თავის საქმეს.

რეკომენდაციები ბარიერების დასამსხვრევად…

შშმ პირების სახელით ლაპარაკი კარგია, მათი ადვოკატირება,  სადაც მათ არ მიუწვდებათ ხელი, კარგია , მაგრამ  ვეცადოთ, რომ მათ პრობლემებზე ვალაპარაკოთ თვითონ ეს ადამიანები.  ვერასდროს ვერ გავიაზრებთ დეტალებში, რას განიცდის ეტლით მოსარგებლე,  როცა ტროტუარზე მანქანა ხვდება, რას გრძნობს უსინათლო, როცა შუქნიშანზე ხმოვანი სიგნალი არ არის დაყენებული და ტაქტილური ბილიკები არ არის ტროტუარებზე, რა სჭირდება ინტელექტუალური დარღვევის მქონე ადამიანს იმისთვის, რომ პროფესია ჰქონდეს და დამოუკიდებლად იცხოვროს.

                                                                                                                                                                              ავტორი: მარიამ ხორავა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები