შფოთვა ბავშვებში

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის მოსვლა ბავშვებისთვის ძალიან სასიხარულოა, შესაძლოა არასტრუქტურირებული დროისა და რუტინის ცვლილების გამო გარკვეულწილად შფოთვის წყარო გახდეს. შფოთვა, როგორც წესი, ნეგატიურად აღიქმება, თუმცა მას შეიძლება დადებითი მხარეებიც ჰქონდეს. „მას შეუძლია ჩვენი მოტივირება, ან დახმარება მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში“ – ამბობს პედიატრი, მონა პოტერი. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც შფოთვა ხელს გვიშლის გადაწყვეტილებების მიღებაში. ასეთ დროს შესაძლოა შფოთვით აშლილობასთან გვქონდეს საქმე.

შფოთვის რომელი სახეებია გავრცელებული ბავშვებში?

განშორებასთან დაკავშირებული შფოთვა: მშობელთან, ან აღმზრდელ პირთან დაშორებისას გაღიზიანება, ან/და შფოთვა. ასეთ დროს ბავშვი ღელავს, რომ მას, ან მის მშობელს შესაძლოა ამ პერიოდში რამე ცუდი მოუვიდეს.

სოციალური შფოთვა: სოციალურ სიტუაციებში ყოფნის დროს ძლიერი შიშის განცდა; ნერვიულობა, რომ განიკითხავენ, ან დაამცირებენ.

სპეციფიური ფობია: მწვავე, ირაციონალური შიში, რომელიც გამოწვეულია სიტუაციით, ან რაიმე ობიექტით. მაგ. ჭექა-ქუხილის, მწერების, პირღებინების შიში.

 

რა ხდის ზოგიერთ ბავშვს შფოთვისადმი უფრო მოწყვლადს ?

შფოთვა შესაძლოა გამოიწვიოს ქვემოთ ჩამოთვლილმა მიზეზებმა, ან მათმა კომბინაციამ:

  • ბიოლოგიურმა ფაქტორებმა, როგორიცაა: გენეტიკა, ან თავის ტვინის განვითარება;
  • ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა, როგორიცაა: ტემპერამენტი და გამკლავების სტრატეგიები;
  • გარემო პირობებმა, როგორიცაა: აღზრდის სტილი, ან ადრეული ბავშვობის გამოცდილება.

 

 

როგორ შეუძლია მშობელს დახმარება?

 

  • პერსონალიზება და ექსტერნალიზება: თხოვეთ ბავშვს სახელი დაარქვას თავის შფოთვას და დახატოს, გამოძერწოს, ან რამე მისთვის მისაღები გზითით გამოსახოს.
  • ეცადეთ იყოთ თავდაჯერებული და ემოციურად გაწონასწორებული მათ გვერდით, რადგან ბავშვები კარგად გრძნობენ მშობლების შფოთვას და ეს მათზეც ცუდად აისახება.
  • არ აარიდოთ თავიდან სტრესული სიტუაციები, ასწავლეთ მათთან გამკლავება. სტრესორის თავიდან არიდებით, მხოლოდ დროებით შედეგს მიიღებთ. ასწავლეთ, როგორ შეუძლია გადაერთოს, მაგ. ირბინეთ კიბეებზე ზემოთ-ქვემოთ, ასწავლეთ სარელაქსაციო, მარტივი ტექნიკები, ან თხოვეთ ირგვლივ იპოვოს ერთი ფერის სხვადასხვა ნივთი. ეს მას ყურადღების გადატანაში დაეხმარება.
  • პრაქტიკა მნიშვნელოვანია; თუ ბავშვს აქვს თავშეყრის ადგილებში სიტყვით გამოსვლის შიში, შეგიძლიათ დაიწყოთ მარტივი ამოცანით. წაიყვანეთ რესტორანში, სადაც ბევრი ხალხია და თხოვეთ, თავად შეუკვეთოს საჭმელი. თავდაპირველად, შესაძლოა გაუჭირდეს, თუმცა დროთა განმავლობაში შემატებს თავდაჯერებულობას და სტრესორის მიმართ ტოლერანტობას.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი შფოთვის გამო ერიდება სხვადასხვა აქტივობას, ან ძალიან ხშირად ნერვიულობს, მიმართეთ პედიატრს. ხშირ შემთხვევაში საჭიროა ფსიქოლოგთან კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის შერჩევა.

მასალა მოამზადა : მარიამ კვერნაძემ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები