საქართველოში უფროსების მხრიდან არასრულწლოვანთა ფიზიკური დასჯა, ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ყველაზე დაფარულიც. ბავშვთა უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ მოძალადე მშობლებს ასეთი ამბების გახმაურება არ აწყობთ, ბავშვებს კი ამაზე ხმამაღლა ლაპარაკის ეშინიათ. აღნიშნულ საკითხზე, ფსიქოლოგის კონსულტაციის ცენტრის,  ,,დიალოგი”- ს ფსიქოლოგებს კითხვით  მივმართეთ.

არსებობს მოსაზრება, რომ მოძალადის ქცევის კორექცია იშვიათად ხდება. თქვენი დაკვირვებით, რამდენად შესაძლებელია მშობლის ძალადობრივი ქცევის შეცვლა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის შედეგად?

ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი, არტ თერაპიის სპეციალისტი

ნონა ტაბატაძე:  მოძალადე მშობლის ქცევის კორექტირება ფსიქორეაბილიტაციით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი თვითონ ექნება ამ ქცევის შეცვლის სურვილი და სინანული… თუ გააცნიბიერებს ასეთი აგრესიული ქცევის წარმომავლობას, გააცნობიერებს საკუთარ წარსულ გამოცდილებებს, გადააფასებს და აწმყოში ეცდება დალაგებას. თუმცა ბუნებრივია ეს ყველაფერი შესაძლოა, გარკვეულ დროსა და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ხარჯზე არ მოხდეს ეს ტრანსფორმაცია და იყოს დაკვირვების ქვეშ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

 

ქეთი მესხიშვილი – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, გეშტალტთერაპევტი, ტრენერი, კვებითი ჩვევების სპეციალისტი

ქეთი მესხიშვილი:  არა მხოლოდ მოძალადის, არამედ ნებისმიერი არასასურველი ქცევის კორექცია შესაძლებელია ფსიქოთერაპიის დახმარებით.  შედეგისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის მზაობა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რამდენად აღიარებს თავად ის პრობლემას და აქვს მზაობა ცვლილებების.

ანა მეუნარგია – ბავშვთა ფსიქოლოგი

ანუკა მეუნარგია:  ზოგადად, ადამიანის ქცევის კორექცია ხდება იშვიათად თუ ის პრობლემას ვერ ხედავს ან არ აღიარებს და/ან სერიოზული მოტივაცია და სურვილი არ აქვს ესა თუ ის ქცევა შეცვალოს.. საკმაოდ რთული პროცესია შეიცვალოს ქცევა, რომელიც მით უმეტეს ემოციებთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვური და რომელიც ადამიანთან ცხოვრების დიდი ნაწილი მასთან იყო. ამიტომაც, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია სერიოზულ როლს თამაშობს ადამიანის, მათ შორის ძალადობრივი მიდრეკილებების მქონე ადამიანის ცვლილებაში, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ადამიანის მოტივაცია და სურვილი, რომ საკუთარ თავზე იმუშაოს.

სტატია მოამზადა: ნათია ხარბედიამ