საკვერცხის ცისტა, რომელსაც ფართო მასებში მოიხსენიებენ როგორც საკვერცხის კისტას, ერთ-ერთი გავრცელებული  და გახშირებული პათოლოგიაა. მის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებზე,  მკურნალობის მეთოდებსა და რეკომენდაციებზე „ავერსის კლინიკის“ ექიმი-გინეკოლოგი ლელა თანდაშვილი მოგვითხრობს.

საკვერცხის ცისტა არის სითხის ან ნახევრად სითხის შემცველი კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი წარმონაქმნი საკვერცხეში. ცისტები ძირითადად ქალის რეპროდუქციულ ასაკში ვითარდება, დაახლოებით 15-44 წლამდე.

საკვერცხის ცისტის მრავალი სახეობა არსებობს: ფუნქციონალური, ნეოპლაზიური, ენდომეტრიული, დერმოიდული, პოლიცისტოზური და სხვა.

საკვერცხის ცისტის გამომწვევი მიზეზებია:

  • ჰორმონალური დარღვევები
  • ანთებითი და ინფექციური დაავადებები
  • მრავლობითი აბორტი
  • ნაადრევი მენსტრუაცია

საკვერცხის ცისტის მკვეთრი და პათოგნომური სიმპტომები არ არსებობს. ხშირ შემთხვევაში, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის დროსაც კი პროცესს არ აქვს მკაფიოდ  გამოხატული ნიშნები.

და მაინც, როგორ შეიძლება მივხვდეთ რომ საკვერცხის ცისტის განვითარების საშიშროება გვემუქრება?

  • ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ქვემო არეში
  • დისპარეუნია (ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს)
  • ნაწლავების გაძნელებული მოქმედება
  • ხშირი შარდვა
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა
  • მტკივნეული და ჭარბი მენსტრუაცია
  • მოუნელებლობა და გულძმარვა
  • პოლოცისტოზის შემთხვევაში უნაყოფობა, გაცხიმოვნება, აკნე, ჭარბთმიანობა

ცისტის მკურნალობა კომპლექსური საკითხია. არსებობს მკურნალობის კონსერვატიული (მედიკამენტოზური) და ქირურგიული (ლაპაროსკოპია, ლაპაროტომია) მეთოდები. შესაბამისი მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია დიაგნოზზე, ცისტის ზომასა და თავისებურებაზე.

მკურნალობის საწყის ეტაპზე, ასიმპტომურ პაციენტთან მიმდინარეობს დაკვირვება რამდენიმე თვის მანძილზე. ჩარევის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ლაპაროსკოპიულ მიდგომას.

წყარო : aversiclinic.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები