კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში”, — ასე ჰქვია გაეროს (UNFPA და UNDP) მიერ მომზადებულ კვლევის ანგარიშს, სადაც საქართველოში არსებულ გენდერული ურთიერთობები და ამ მხრივ არსებული ტენდენციებია მიმოხილული. ანგარიშში განხილულია რესპონდენტების მხრიდან აღქმისა და ქცევების ცვლილების დინამიკა 2013 წლის შემდეგ.

გენდერული თანასწორობის აღქმა

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ 2013 წლიდან დღემდე, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერება საკმაოდ ამაღლებულია — ამჟამად, გენდერული თანასწორობის იდეას საქართველოს გაცილებით მეტი მოქალაქე უჭერს მხარს, ვიდრე ექვსი წლის წინ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

კვლევის ავტორებმა რესპონდენტებს გამოკითხეს სექსუალური მრავალფეროვნების საკითხიც და გაარკვიეს, რომ საქართველოში, ქალებსა და კაცებს შორის, კვლავაც ნარჩუნდება ჰომოფობიური დამოკიდებულებები.

ქალები და კაცები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში

გაეროს კვლევამ აჩვენა, რომ უთანასწორო დამოკიდებულებები რჩება ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და მათი ლიდერობის მიმართ: 10-დან, დაახლოებით, ოთხი კაცი არ თანხმდება, რომ თუ ქალს კაცის თანაბარი კვალიფიკაცია აქვს, მას თანაბარი ხარისხით შეუძლია იგივე სამუშაოს შესრულება.

ამასთან, ქალთა ჩართულობის მხრივ მხარდაჭერა საკმაოდ დიდია პოლიტიკის სფეროში, მაგრამ ყოველი მეორე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, ვიდრე ქალები.

როდესაც მკვლევარებმა რესპონდენტებს ჰკითხეს, თუ ვის უფრო წარმოიდგენდნენ პრეზიდენტად, 56 პროცენტმა უპასუხა, რომ მათთვის კანდიდატის სქესს მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა რესპონდენტების 39 პროცენტის აზრით, კაცი უკეთესი კანდიდატი იქნებოდა.

რაც შეეხება დასაქმების შესაძლებლობებს, კვლევის რესპონდენტების აზრით, ამ მხრივ კაცები და ქალები ერთნაირ წინააღმდეგობას აწყდებიან, თუმცა, კარიერული წინსვლისას, ქალებს მეტი სირთულე ხვდებათ:

“პასუხად კითხვაზე: თუ რას მიიჩნევენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისას ყველაზე დიდ წინააღმდეგობად, ქალებმა საკუთარი ოჯახური მოვალეობები დაასახელეს”.

ოჯახური ურთიერთობები

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ საყოფაცხოვრებო ხარჯის თაობაზე გადაწყვეტილებას ოჯახში ქალები და კაცები ერთობლივად იღებენ. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ 2013 წელთან შედარებით, 2019 წლის საბაზისო მონაცემებით გამოჩნდა, რომ ახლა მეტი წყვილი იღებს საოჯახო ხარჯის გადაწყვეტილებას ერთობლივად:

მკვეთრად გენდერული ნიშნით არის განაწილებული საოჯახო საქმეც:

“ქალები ასრულებენ უამრავ სამუშაოს: ამზადებენ საჭმელს, ალაგებენ სახლს, უვლიან ბავშვებს. მიუხედავად იმისა, რომ, საოჯახო საქმის გამო, ქალებს კაცებზე მეტად ეშლებათ ხელი სამსახურში სახლში მოვალეობების ამგვარი განაწილებით, ძირითადად, ყველა რესპონდენტი კმაყოფილია. სახლის მოვლა კვლავაც ქალის მოვალეობად მიიჩნევა, და, ამ მხრივ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა”.

მიუხედავად ამისა, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ 2013 წელთან შედარებით, ახლა ნაკლები ქალი მიიჩნევს, რომ ოჯახში საბოლოო გადაწყვეტილებას კაცი უნდა იღებდეს. 2013 წელს ამ მოცემულობას ქალების 71 პროცენტი ეთანხმებოდა, 2019 წელს კი მხოლოდ მესამედი. კაცების წილიც მნიშვნელოვნად შემცირდა, 88-დან 68 პროცენტამდე.

ამასთან, 2013 წელთან შედარებით, 2019 წლის კვლევაში შემცირებულია კაცებისა და ქალების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ბავშვის მოვლა მხოლოდ ქალის პასუხისმგებლობაა:

“მნიშვნელოვნად შემცირდა — 81 პროცენტიდან 69 პროცენტამდე კაცებისა და, 76 პროცენტიდან 54 პროცენტამდე, ქალების შემთხვევაში”.

ძალადობის აღქმა

კვლევისას გამოკითხული რესპონდენტების ინტერვიუსას, მკვლევარებმა გამოიკვლიეს ეკონომიკური, ემოციური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, ასევე ამ ყველაფრის აღქმა მათ მიერ და დაადგინეს შემდეგი:

კაცების 60 და ქალების 30 პროცენტი ეთანხმება აზრს, რომ კარგი ქალი ქმრის გადაწყვეტილებას არასოდეს აქცევს მსჯელობის საგნად, თუნდაც არ ეთანხმებოდეს”.

 

მეთოდოლოგია და კვლევის ინსტრუმენტები

ანგარიში გაეროს ერთობლივი პროგრამა “გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში მომზადდა. კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს), ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა ხუთ რეგიონში. რაოდენობრივი კვლევის რეპრეზენტატული შერჩევა განხორციელდა 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან. რესპონდენტები გამოკითხეს პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. თვისობრივი კვლევა ჩატარდა ფოკუსჯგუფებში დისკუსიების (FGD-ს) მეთოდით.

საველე სამუშაოები 2019 წლის ივლის-ოქტომბერში ჩატარდა და ჯამში 2 408 რესპონდენტი გამოიკითხა. შერჩევა რეპრეზენტატულია ქვეყნის დონეზე. კვლევისთვის ინსტრუმენტად შეირჩა საერთაშორისო კვლევა “კაცები და გენდერული თანასწორობის” (IMAGES) კითხვარი, რომელიც, თვისობრივი კვლევის დასკვნების საფუძველზე, კონტექსტუალურად იყო ადაპტირებული.

წყარო: UNFPA

                                                                           მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ