როგორია იდეალური საბავშვო ბაღი და რატომ არის ის აუცილებელი ბავშვისთვის?

რატომაა საჭირო ბაღი?

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ საბავშვო ბაღის მიზანია, ბავშვს მისცეს საბაზისო სოციალური, ემოციური და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარების შესაძლებლობა.

  • თვითშეფასების განვითარება საბავშვო ბაღის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ესაა პროცესი, როდესაც ბავშვი ხდება მეტად თავდაჯერებული, რაც შემდგომში სხვადასხვა სასწავლო მასალასთან გამკლავების შესაძლებლობას აძლევს.
  • ბაღი ხელს უწყობს თანამშრომლობითი უნარების განვითარებას – ბავშვი სწავლობს თანატოლებთან ერთად თამაშს, რიგის დათმობას, გაზიარებასა და მოთმინებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც სასკოლო პერიოდში, ასევე ზრდასრულობის პერიოდშიც.
  • ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, ბაღი კი მათ ეხმარება ინტერესების დაკმაყოფილებაში. ესაა ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ ბევრი და განსხვავებული ინფორმაცია სამყაროს შესახებ.

როგორ გამოიყურება იდეალური ბაღი?

კითხვაზე: „როგორი უნდა იყოს იდეალური ბაღი?“ იმდენ განსხვავებულ პასუხს მოისმენთ, რამდენ მშობელსაც დაელაპარაკებით, თუმცა საგანმანათლებლო სივრცეში არსებობს გარკვეული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პროგრამაა სკოლამდელი ბავშვებისთვის რელევანტური. პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ბავშვის ცოდნა სამყაროს შესახებ უნდა გახდეს მრავალფეროვანი და მისთვის შესაძლებელი უნდა იყოს ამ ინფორმაციის ორგანიზება. შედეგად ბავშვს უყალიბდება საკუთარი თავის მიმართ რწმენა; უღვივდება სამყაროს მიმართ ინტერესი და უკეთ ახერხებს თანატოლებთან თანამშრომლობას.
  • პროგრამა ბავშვს უნდა სთავაზობდეს ფორმალურ (მასწავლებლის ინიცირებულ) და არაფორმალურ (ბავშვის მიერ ინიცირებულ) აქტივობებს. აქტივობები ბავშვს ასწავლის როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფში მუშაობას.
  • მინიმუმამდეა დაყვანილი ისეთი აქტივობები, რომელიც დიდხანს ჯდომას მოითხოვს. ამის საპირისპიროდ, პროგრამა უნდა იყოს თამაშზე ორიენტირებული.
  • ხელი შეუწყოს წიგნების, კითხვისა და წერის სიყვარულის გაღვივებას.

რა თქმა უნდა, არც ერთი პროგრამა არაა იდეალური, თუმცა დაგეგმვის დროს, აუცილებლად გასათვალისწინებელია ზემოთ აღნიშნული ელემენტები.

და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ პროგრამის განხორციელებას სჭირდება გარკვეული დრო. დაელოდეთ და დააკვირდით, იღებს თუ არა ბავშვი ზემოთ ჩამოთვლილ სარგებელს ბაღიდან. თუ რამდენიმე კვირის შემდეგ მაინც გაქვთ ეჭვები პროგრამის შესაბამისობასთან დაკავშირებით, აუცილებლად გაიარეთ მასწავლებელთან და დირექტორთან კონსულტაცია, რათა კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, რამდენად შეესაბამება მათი პროგრამა თქვენს მოლოდინებს.

                                                                                                             ავტორი: მარიამ კვერნაძე

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები