როგორი აღზრდაა მისაღები ბავშვისთვის? რას გვირჩევენ ფსიქოლოგები

საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის აღზრდის სტილია მისაღები და ეფექტური, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს როგორც  სპეციალისტებში, ასევე მოზრდილ ადამიანებში, რომელთაც ყოველდღიური შეხება უწევთ ბავშვებთან.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 45% თვლის, რომ ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობა დასაშვებია.  რესპონდენტთა 60 % მიიჩნევს, რომ ოჯახში მკაცრად აღზრდა უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდების გამოყენება.

მაინც როგორი აღზრდაა მისაღები ბავშვისთვის, რას გვირჩევენ ფსიქოლოგები?

ამ თემაზე ფსიქოლოგ ანა მეუნარგიას ვესაუბრეთ.

აღზრდის რა ფორმები არსებობს?

ფსიქოლოგები აღზრდის რამდენიმე სტილს გამოყოფენ. ყოველ მათგანს თავისი მახასიათებელი აქვს. გამოვყოთ აღზრდის ოთხი ყველაზე გავრცელებული მეთოდი: 1. ავტორიტარული, 2. შერეული, 3. მიშვებული და 4. ავტორიტეტული.

ავტორიტარული აღზრდის სტილში მოვიაზრებთ დიქტატორულ აღზრდას. ამ დროს ბავშვის მოქმედების არეალი შეზღუდულია, დევიზი შეიძლება იყოს „ბავშვი მტრად გაზარდე და მოყვარედ გამოგადგებაო“, მის მიმართ სითბოს ნაკლებად გამოხატავენ, იშვიათად უხსნიან მოთხოვნის მიზეზს, ხშირად გავიგონებთ შეკითხვა „რატომ“-ზე მშობლის პასუხს „იმიტომ რომ მე ასე ვთქვი“. ასეთ დროს, მშობელი უმეტესად ძალით იმორჩილებს ბავშვს და იშვიათია ბავშვებისადმი სითბოს გამოხატვა და წახალისება, ყურადღება არასასურველ ქცევაზეა მიმართული და პოზიტიურ ქცევას ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას.

შერეული აღზრდის დროს ოჯახის წევრები შეთანხმებულად არ მოქმედებენ და ბავშვს ყველა სხვადასხვა მითითებას აძლევს. შეიძლება მამამ დასაჯოს ან რამე აუკრძალოს და დედა მოეფეროს და ჩუმად მისცეს ის რაღაც. ამ დროს ბავშვი დაბნეულია, მისი საზღვრები არ არის მკაფიოდ განსაზღვრული და შემდეგ უჭირს მითითებების და წესების დაცვა.

აღზრდის მიშვებული სტილის დროს ბავშვს მეტს ეფერებიან და ნაკლები აქვს აკრძალვა, ძირითადად საზღვრები მისთვის მოძრავია, ხან სრულდება პირობა და ხან არა, ქცევის შეზღუდვები ხან დაცულია და ხან არა. მშობელი ნაკლებად ინტერესდება ბავშვის ცხოვრებით ან უფრო მეტად მეგობრის როლშია და არა მშობლის.

დაბოლოს ავტორიტეტული აღზრდის სტილი, დემოკრატიული აღზრდა. რომლის დროსაც მშობელი ბავშვისთვის არის ავტორიტეტი, მას კარგად აქვს განსაზღვრული ქცევითი ჩარჩოები და ლიმიტები და ასრულებს მათ. ასევე, გამოხატავს სითბოს და სიყვარულს ბავშვის მიმართ, აქცენტი უმეტესად პოზიტიურ ქცევაზეა. ამ დროს, ბავშვი უფრო დაცულად გრძნობს თავს, რადგან მის მიმართ გამოხატავენ სითბოსა და სიყვარულს, ასევე იცის რა ტიპის ქცევაა მისაღები და რა ქცევაა მიუღებელი და რა შედეგი ექნება მის საქციელს;

 

რა შედეგი აქვს და აღზრდის რომელი სტილი ჯობს?

აღზრდის ჩამოთვლილი მეთოდებიდან ეს ოთხი ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული.

დიდ ოჯახებში, სადაც ბებია ბაბუებიც ცხოვრობენ,  უფრო ხშირია ხოლმე აღზრდის შერეული მეთოდი, რომლის დროსაც ბავშვი საკმაოდ იბნევა, სწავლობს მანიპულაციას სასურველის მისაღებად და წესებისთვის გვერდის ავლას, რაც აღზრდის დროს უქმნის არასტაბილურობის განცდას და სამომავლოდ მისთვის რთული ხდება წესების დაცვა და ა.შ.

აღზრდის ავტორიტარული სტილის შემთხვევაში ბავშვები უმეტესად იცავენ წესებს, რადგან ესაა რასაც მათგან მკაცრად მოითხოვენ, თუმცა მაღალია რისკი, რომ ბავშვებს ჰქონდეთ მტრული განწყობა სხვების მიმართ და იყვნენ აგრესიული (რადგან დისციპლინის დაცვა შეიძლება აგრესიული და ძალადობრივი მეთოდებით ხდებოდეს), გარდა ამისა იტყუებოდნენ სასჯელის თავიდან აცილების მიზნით. ასევე, შეიძლება ჰქონდეთ თვითშეფასების პრობლემები, რადგან მათი მოსაზრება ხშირად დაუფასებელია და მათ არ უსმენენ.

მიშვებული აღზრდის სტილის შემთხვევაში, ბავშვებს უმეტესად აქვთ აკადემიური პრობლემები, მათ შეიძლება ჰქონდეთ ქცევითი პრობლემები და არ აღიარებენ ავტორიტეტებს და წესებს. აქვთ თვითშეფასების პრობლემები და უმეტესად სევდიანები არიან. მაღალია ჯანმრთელობის პრობლემების და ჭარბი წონის განვითარების რისკი, რადგან მშობლები მკაფიოდ არ ადგენენ და მიყვებიან ლიმიტებს, მაგალითად, შეიძლება არ აკონტროლონ პერმანენტულად კბილების გამოხეხვა და ა.შ. რის გამოც ბავშვის ქცევაც არასტაბილური ხდება.

მკითხველიც მიხვდებოდა, რომ ავტორიტეტული აღზრდის სტილი ყველაზე სასურველია, რადგან ამ დროს, ბავშვს ვუქმნით უსაფრთხოების და სტაბილურობის განცდას და მისთვის გასაგები ვხდებით ჩვენც და სამყაროც, ვუვითარებთ საკუთარ მოქმედებებზე პასუხისმგებლობის გრძნობას, ვთავაზობთ არჩევანს და ვართ ავტორიტეტი, რომელიც ბავშვს სჭირდება. მართალია რთულია მივყვეთ აღზრდის ამ მეთოდს თუმცა შედეგად ვიღებთ, დამოკიდებელ, პასუხისმგებლიან ადამიანებს, რომელსაც აქვს ადეკვატური თვითშეფასება და თავისუფლად შეუძლია საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება და დაცვა. იცავს წესებს და თავს გრძნობს ბედნიერად.

ყველა ასაკში თავისებური მიდგომა სჭირდება შვილებს, რა უნდა გაითვალისწინოს ამ დროს მშობელმა?

სწორედ ამის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი, რომ ყველა ასაკში თავისებური მიდგომაა საჭირო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღზრდის სტილს, მეთოდოლოგიას ვცვლით. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ვანიჭებთ მისთვის შესაბამის თავისუფლებას და პასუხისმგებლობას. მაგალითად, 3 წლის ასაკში, როცა ბავშვი აქტიურად გვთხოვს თავისით ჩაცმას, ან რაიმე საქმის გაკეთებას, ვაძლევთ ამის შესაძლებლობას და ვასწავლით, როგორ გააკეთოს ეს სწორად. 6 წლის ასაკში, როცა მიდის სკოლაში, ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ საკუთარ გაკვეთილებზე ან მეცადინეობაზე იყოს პასუხისმგებელი. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და გასაგები წესები, რომელსაც ვიცავთ და შედეგები რაც ამ ქცევის დარღვევას მოყვება. უმჯობესია, წესები პოზიტიური ფორმით იყოს ჩამოყალიბებული, რათა წავახალისოთ სასურველი ქცევა. ნელ-ნელა ვრთავთ ოჯახური გადაწყვეტილებების მიღებაში, წესებს ვუხსნით და ვუსმენთ, თუ მას განსხვავებული აზრი აქვს, თუ მისაღებია მისი მოსაზრება ვეთანხმებით, თუ არა ამ შემთხვევაში ჩვენს პოზიციას ვაგებინებთ. სწორედ ამას გულისხმობს ავტორიტეტული აღზრდაც.

რა რჩევებს მისცევდით მშობლებს შვილის აღზრდის პროცესში?

საკვანძოა იმის გათვალისწინება თუ რა ასაკის არის ბავშვი, რა საჭიროებები აქვს ასაკის მიხედვით და ჩვენ რას ვამჩნევთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენდოთ ბავშვებს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისას და მივცეთ ამის შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ მათთან ერთად და გავითვალისწინოთ მათი აზრი .

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ჩვენ არ ვიბადებით მშობლობის თანდაყოლილი უნარით და ეს არის ის სფერო, სადაც მნიშვნელოვანია გარკვეული საკითხების ცოდნა და ჩვენი ცოდნის გაღრმავება. ამიტომაც რაც უფრო მეტად გავეცნობით აღზრდასთან დაკავშირებულ ლიტერატურას მით უკეთესად გამოგვივა ბავშვთან ურთიერთობა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები