შაკიკი არის ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც ძლიერი პაროქსიზმული თავის ტკივილი ახასიათებს. ტკივილი, როგორც წესი, თავის მარჯვენა ან მარცხენა ნახევარსფეროში ფიქსირდება და ყველაზე ტიპურ შემთხვევებში 4-დან 72 საათამდე გრძელდება. შაკიკი საკმაოდ სიმპტომატურია, რაც გულისრევაში, სინათლისადმი, ხმებისა და სუნისადმი მგრძნობელობის გამძაფრებაში გამოიხატება. ის მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის მესამე ადგილზეა. რატომ არის ეს დაავადება ამდენად ხშირი? მართალია თუ არა, რომ შაკიკის მქონე პაციენტების დაახლოებით 75%-ი ქალია? შესაძლებელია თუ არა, რომ შაკიკი ბავშვსაც ჰქონდეს?

რა იწვევს შაკიკს? 

შაკიკის მიზეზებს მეცნიერები დღემდე სწავლობენ. თუმცა უკვე დადგენილია, რომ დაავადება პაციენტს ხშირად მემკვიდრეობით, მდედრობითი ხაზით გადაეცემა. სწორედ ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ აშშ-ში შაკიკის დიაგნოზის მქონე 4 ადამიანიდან, სამი ქალია. ამასთან, გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაში, რაც საბოლოო ჯამში კონკრეტულ სიტუაციაში თავის ტკივილს უწყობს ხელს.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

შაკიკის თანმხლები ტკივილის განვითარების მექანიზმი სამწვერა ნერვის ბირთვის აქტივაციასთან არის დაკავშირებული. ეს თავიდან სპაზმს იწვევს, შემდეგ – თავის ტვინის არტერიის გაფართოებას, საბოლოოდ კი პერივასკულურ შეშუპებას აყალიბებს, რაც შაკიკის დაწყების მიზეზია. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ შაკიკის ჩამოყალიბებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სეროტონინის გაცვლის დარღვევა უწყობს ხელს.

შაკიკის შესაძლო მიზეზები შეიძლება 4 ჯგუფად დაიყოს:

– ფსიქოლოგიური: გონებრივი და ემოციური დატვირთა, სტრესი;

– ფიზიოლოგიური: ძილის დარღვევა, გადაღლა, ჰორმონალური ფონის ცვლილება;

– კვებითი: დადასტურებულია, რომ თირამინს, რომელიც ძალიან ბევრ პროდუქტშია (ყავა, შოკოლადი, თხილი, ყველი, ციტრუსი) შეუძლია შაკიკის ტკივილის პროვოცირება. ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული შაკიკი და ალკოჰოლი. ღვინოს, შამპანურსა და სხვა მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელებს მისი შეტევის  გამოწვევა შეუძლია.

– გარე ფაქტორები: მძაფრი სუნი, მკვეთრი შუქი, ხმამაღალი ბგერები, ატმოსფერული წნევის ცვლილება, დახუთულ სივრცეში ყოფნა.

შაკიკის მიზეზი როგორც ქალებში, ასევე კაცებში დაკავშირებულია ჰორმონალური ფონის თავისებურებებთან.

შეიძლება შაკიკი ბავშვსაც ჰქონდეს? 

დიახ. მთელი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს შაკიკის დიაგნოზი აქვს, მათ შორის არიან ბავშვები. სტატისტიკის თანახმად, ამერიკაში მცხოვრები ოთხი ოჯახიდან ერთში შაკიკის მქონე ადამიანი ცხოვრობს. რაც შეეხება სქესსა და ასაკს, ამერიკელი ქალების 18%-ს ეს დაავადება აქვს. მაჩვენებელი კაცებში 6%-ს, ბავშვებში კი 10%-ს შეადგენს. შაკიკი ბავშვების შემთხვევაში დაკავშირებულია გადაღლასთან, რაც ძლიერ გონებრივ და ემოციურ დატვირთვას უკავშირდება. მოზარდებში შაკიკის მიზეზი  შეიძლება გახდეს ჰორმონალური ცვლილებები, რაც ძირითადად გარდამტეხ ასაკში ხდება. სწორედ ამიტომ, ამ ასაკში ძლიერი თავის ტკივილები არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა.

შაკიკის სიმპტომები ბავშვებში უფრო რთულად ვლინდება. ეს განსაკუთრებით ეხება ადრეულ ასაკს, როდესაც თქვენს პატარას ჩივილების ზუსტად ფორმულირება არ შეუძლია. მოზარდების შემთხვევაში კი ამ დაავადების გამოვლინება, ფაქტობრივად, იგივეა რაც ზრდასრულებში, ამიტომაც დიაგნოსტიკას არანაირი გართულება არ ახლავს.

რა სიმპტომები აქვს შაკიკს? 

შაკიკის მთავარი სიმპტომია ძლიერ პულსირებული თავის ტკივილი. ჩვეულებისამებრ, ის თავის ცალ მხარეს აღინიშნება, ძირითადად კი შუბლის არეში, თუმცა ტკივილის ადგილმდებარეობა შეიძლება განსხავებულიც იყოს. ამის პარალელურად შაკიკს სხვა გამოვლინებებიც აქვს. ეს არის გულისრევის შეგრძნება, ღებინება და უმადობა; შუქის, ხმების, გემოსა და სუნისადმი მაღალი მგძრნობელობა; თავბრუს ხვევა, ძილიანობა, გაღიზიანება და აღგზება აგრესიის ფონზე.

დაავადების თავისებურებები განისაზღვრება შაკიკის ფორმით, რომელიც რამდენიმეა. ქალებსა და კაცებში სიმპტომები, ფაქტობრივად, ერთნაირია. განსხვავებულია მხოლოდ შეტევის სიხშირე. ის კაცებში უფრო იშვიათია, ვიდრე – ქალებში.

განასხვავებენ შაკიკს აურითა და აურის გარეშე. აურა არის პერიოდი, რომელიც თავის ტკივილის დაწყებას წინ უსწრებს. ის შეიძლება ყნოსვის გაუკუღმართებაში ან სხვა ფორმით გამოიხატოს. აურის შემდეგ იწყება თავის ტკივილის შეტევითი ხასიათი და დაახლოებით 4-დან 72 საათამდე გრძელდება. შეტევების სიხშირე ინდივიდუალურია. შაკიკი აურის გარეშე, ვლინდება თავბრუსხვევით, წონასწორობის დარღვევით, კუნთების მოდუნებითა და სხვ.

შაკიკის ფორმებიც განსხვავებულია? 

სპეციალისტები გამოყოფენ კლასიკურ ფორმისა და ნევროლოგიური სიმპტომების მქონე შაკიკს, რომელიც თავის მხრივ ცალკე ქვესახეობებად იყოფა. შაკიკი აურის გარეშე თავის ეპიზოდური ტკივილებით მიმდინარეობს. მას ნევროლოგიური დეფიციტი არ ახასიათებს. შაკიკი აურით კი ზემით ჩამოთვლილი ნეიროფსიქოლოგიური სიმპტომების ფონზე მიმდინარეობს.

კისრის შაკიკი ხერხემლის არტერიაში სისხლის მიმოქცევის დარღვევების მაჩვენებელია. მას თავის ძალიან ძლიერი ტკივილი ახასიათებს; ქრონიკულ პაროქსიზმულ ჰემიკრანიას (შაკიკი) კი – ეპიზოდური ხანმოკლე სიმტომები. ის ნახევარ საათზე მეტ ხანს არ გრძელდება, მაგრამ დღეში რამდენჯერმე მეორდება; ბაზილარული შაკიკი არის საკმაოდ იშვიათი ფორმა, რომლის სიმპტომებიც ადამიანის თვითშეგრძნებას მნიშვნელოვნად ამძიმებს. მას ახასიათებს თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, ყურებში ხმაურის შეგრძნება და გონების დაკარგვაც კი. მთავარი სიმპტომია თავის ძლიერი ტკივილი, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე საათს გაგრძელდეს. შეტევის შემდეგ პაციენტს ეძინება. შაკიკის ეს ფორმა ხშირია გარდატეხის ასაკში მყოფ გოგოებში, მათი სქესობრივი მომწიფების დროს.

თვალის (ოფთალმოლოგიური) შაკიკის დროს პაციენტს მხედველობის გაბუნდოვნება და ციმციმი ეწყება. შეტევა ნახევარ საათზე მეტს არ გრძელდება. თვალის შაკიკის მიზეზია თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროს უკანა ნაწილში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. რეტინალურ შაკიკს კი მოვლითი სიბრმავე ახასიათებს, რასაც თვალის ბადურის სპაზმი იწვევს.

როგორ ხდება შაკიკის დიაგნოსტიკა? 

შაკიკის დიაგნოზს ექიმი პაციენტის ჩივილების მოსმენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სვამს. საამისოდ ტკივილისა და მისი თანამდევი სიმპტომების დახასიათება საკმარისია. თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, ამიტომაც ინსტრუმენტული გამოკვლევა აუცილებელია. ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული პათოლოგიის გამოსარიცხად თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება. აუცილებლად ინიშნება ოკულისტის კონსულტაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ექიმს თვალის შაკიკზე აქვს ეჭვი. თვალის ფსკერის გამოკვლევა საშუალებას იძლევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა დადგინდეს.

შაკიკი არის ქრონიკული დაავადება, რომლის სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა თუ კონკრეტულ წესებსა და პროფილაქტიკური მკურნალობის კურსს დაიცავთ, შეტევების ინტენსივობის შემცირდება.

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ