როგორ ვიზრუნოთ პატარაზე მის დაბადებამდე?

ამ თემის დაწერას საკმაო ხანი გვერდს ვუვლიდი, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩემს გარშემო მომრავლებულმა უსიამოვნო ფაქტებმა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებით დაბადებულ ბავშვებს ან მძიმედ მიმდინარე ორსულობას ეხება, გადამაწყვეტინა ჩემი რეალური გამოცდილება გამეზიარებინა ამ საკითხში.

წინასწარ მინდა აღვნიშნო, რომ ამ სტატიის ავტორს საკუთარ თავზე მუშაობის და უწყვეტი ვარჯიშის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, ფიზიოლოგიის გარკვეული ცოდნა, რის გამოც თავს ნება მისცა აეღო პასუხისმგებლობა საკუთარი და მომავალი პატარას ჯანმრთელობაზე. ამიტომ ქვემოთ მონათხრობი არ წარმოადგენს რაიმე სახის ინსტრუქციას სხვისთვის.

საქმე ორსულობის პერიოდში ვარჯიშს ეხება. რამდენიმე თემა უკვე დავდე, რომელიც ძირითადად სამედიცინო ოფიციალურ გადილაინებზე იყო აგებული, თუმცა საკუთარი დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას მაინც სულ სამომავლოდ ვდებდი. ჯერ მინდოდა ბოლომდე გამომეცადა რა შეუძლია ორსულს, რა დონის და ტიპის აქტიურობა; როგორ ვარჯიში მოქმედებდა ორგანიზმზე და ორსულობის მიმდინარეობაზე; როგორ უნდა ეკვება ორსულს და რამდენად შეიძლებოდა მაქსიმალურად „უმედიკამენტო“ ან რაიმე ტიპის თუნდაც ვიტამინების დახმარების გარეშე ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა და მინდოდა მენახა ამ ყველაფრის შედეგი – საკუთარი შვილი, რომ თამამად შემძლებოდა მეთქვა თქვენთვის – ივარჯიშეთ გოგონებო! ივარჯიშეთ მომავალო დედებო! ივარჯიშეთ ორსულებო! – იზრუნეთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე მის დაბადებამდე, ყველა დახარჯული წუთი და გაცემული ენერგია ასმაგად აგინაზღაურდებათ თქვენი ჯანმრთელი, ძლიერი და მუდამ მომღიმარი შვილის სახით.

რა თქმა უნდა ამის შესახებ უამრავი ლიტერატურა, მასალა, რეკომენდაციები არსებობს, შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გავლა, არსებობს სპეციალური კლასები ორსულთათვის, მაგრამ სხვაა პირადი გამოცდილება, როცა შეგიძლია უსმინო შენს ორგანიზმს, დააკვირდე მის რეაქციებს, შეისწავლო შესაძლებლობები. არ მიმაჩნია სწორედ ორსულის ვარჯიშის შესახებ ესაუბრო ისეთ ექიმს და მიიღო რეკომენდაციები, რომელსაც თავად მას ამის არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არ გააჩნია და მხოლოდ დაწერილი გადილაინებით ხელმძღვანელობს (თუმცა ამ მოსაზრებას არავის თავს არ ვახვევ, ჩემი პირადი აზრია). ძალიან ბევრი ექიმი თავს იზღვევს და მხოლოდ ფეხით სეირნობას ურჩევს ორსულს. თუმცა მათი ამ შემთხვევაში მესმის, თუ ორსულობამდე არ გქონდა არავითარი გამოცდილება, ორსულობის პერიოდი არც ისე კარგი დროა ახალი გამოცდილების მისაღებად.

ჩემი შვილის დაბადებიდან 7 თვე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ სამშობიაროშივე უპრობლემო სრულიად ჯანსაღ ბავშვად აღიარეს, მაინც ეს პერიოდი სულ ვაკვირდებოდი მის განვითარებას, იმუნიტეტს, ნერვულ სისტემას და ა.შ. შემიძლია უკვე თამამად ვთქვა შედეგი ნამდვილად შესანიშნავია და თავს უფლებას მივცემ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.

ჩემი ორსულობა ცოტა მოგვიანებით აღმოვაჩნე. უკვე 8 კვირის ვიყავი, როცა მუცლის არეში გაჩენილი მცირე დაჭიმულობა განვლილი ახალი წლების სადღესასწაულო კვებას დავაბრალე და ვარჯიშს ერთი-ორად მოვუმატე, დავრბოდი სწრაფ ტემპში 5-6 კილომეტრს, ვასრულებდი ტრეისის მაღალი ინტენსივობის 30 წუთიან კარდიოს, რომელიც სულ ხტუნვით მოძრაობებზეა აგებული. იმის გამო, რომ თავის დროზე ექიმთან განვლილი კონსულტაციის გამო ვიცოდი რომ ჩემი დაორსულების შანსი მინიმალური იყო სათანადო მკურნალობის გარეშე, ორსულობის ეჭვი საკმაოდ გვიან გამიჩნდა.

ექოსკოპიაზე მისულს 8 კვირის ორსულობა დამიდგინეს და უკვე მომავალი შვილი გულისცემა მომასმენინეს. აბსოლუტურ შოკში ვიყავი! არადა ჯერ კიდევ წინა დღეს საკმაოდ მძიმე რუტინული ვარჯიში მქონდა, სამომავლო დიდი ფიტნეს გეგმები და რაც მთავარია შეგუებული ვიყავი რომ მხოლოდ დედისერთა, უკვე წამოზრდილი, შვილის მშობელი უნდა ვყოფილიყავი. რამდენიმე წუთში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა.

შოკის შემდეგ რამდენიმე დღე დეპრესიაში ვიყავი. მეჩვენებოდა რომ ამდენი ვარჯიშის გამო ორსულობის შეწყვეტის საშიშროება მქონდა, მეშინოდა ოდნავ მოძრაობაც კი, რამდენიმე საათში სრულიად ჯანმრთელ ადამიანს ყველაფერი ერთად ამტკივდა. ხუმრობა ხომ არ იყო, პირველი ტრიმესტრის ძირითადი ნაწილი, როცა ყველაზე მეტადაა მოშლის საფრთხე განვლილი მქონდა, ხოლო ის უცნაური დისკომფორტები კი ჩვეულებრივი ტოქსიკოზი გახლდათ.

დეპრესიამ და შოკმა 2-3 დღე გასტანა. საბოლოოდ ახალი სპორტული გეგმა დავსახე და მის განხორციელებას შევუდექი.

გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: ვარჯიში, სწორი კვება და მინიმალური მედიკამენტები, ჯანსაღი და ძლიერი შვილის გასაჩენად. მომავალი პატარა ჩემი სპორტული ექსპერიმენტის თანამონაწილედ ვაქციე!

ვ ა რ ჯ ი შ ი

რადგან დაორსულებამდე საკმაო ხანი აქტიურად ვვარჯიშობდი, გადავწყვიტე გამეგრძელებინა ჩვეულებრივ, მხოლოდ ის ამომეღო რეჟიმიდან რაც მკაცრად არ იყო ორსულთათვის რეკომენდირებული.

ესენია – მაღალი ინტენსივობის დატვირთვები, თუ ორსულობამდე პულსს 150-160 დარტყმამდე წუთში ვუშვებდი, ახლა 120 დავადგინე ზედა ზღვრად; ამოვიღე ხტუნვები; ამოვიღე ქვედა პრესი; ამოვიღე სირბილი, თუმცა ამაზე სამედიცინო და სპორტულ წყაროებში არაა შეთანხმებული აზრი, როგორც მიუთითებს ბევრი წყარო, თუ მომავალი დედა დაორსულებამდე დარბოდა, მაშინ პირველ ტრიმესტრში თავის შეკავების შემდეგ, ხოლო მეორე ტრიმესტრიდან საშუალო დატვირთვებით შეუძლია სირბილის გაგრძელება. თუმცა მაინც სირბილისგან თავი შევიკავე, რადგან ისეც საკმაო დატვირთვები იყო რომელიც შემეძლო მეკეთებინა.

აქვე ერთი საინტერესო შემთხვევა მინდა გავიხსენო, რომელსაც ინტერნეტში წავაწყდი. ერთერთმა სპორტსმენმა ქალბატონმა ორსულობის 9 თვე ვარჯიშში და სირბილში გაატარა, დარბოდა ბოლო წუთამდე, მე-9 თვეზე მარათონში მიიღო მონაწილეობა და ფინიშის ხაზიდან პირდაპირ სამშობიაროში წაიყვანეს. ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა 🙂

ორსულობის მე-3-4 თვე – ვვარჯიშობდი იოგას, ვაკეთებდი მუცლის პრესს, ოღონდ სრული წამოჯდომით, ვაკეთებდი ხელების და ფეხების ვარჯიშს ჩვეულებრივ. ვაკეთებდი საცეკვაო საშუალო აქტიურობის კარდიოებს, ხტუნვების გარეშე. თუ სირბილს და ხტუნვების ამოღებას არ ჩავთვლით, ეს თვეები სავარჯიშო რუტინის ცვლილებას არ დატყობია.

ორსულობის მე-5 თვიდან ამოვიღე იოგა, რადგან მუცელზე წოლითი და ამობრუნებული პოზები უკვე დისკომფორტს მიქმნიდა და არც იყო სასურველი, ამოვიღე პრესი. იოგათი შესაბამისი პოზების და პროგრამის შემთხვევაში ბოლო თვეებამდე შეიძლება დაკავება, მაგრამ მხოლოდ იოგათი ვერასდროს ვკმაყოფილდებოდი, მეტი აქტიურობა მსურდა და ამის გამო შევცვალე ჩემი პროგრამა. გავაგრძელე საშუალო დატვირთვის კარდიოები, ხელის და ფეხის ვარჯიშები, დავამატე ფეხით სიარული. რადგან არ დავრბოდი ვცდილობდი მევლო აღმართებზე, სიარულის დროს ხელში 1-1კგ.-იანი ჰანტელები მეჭირა, რათა დატვირთვა მომემატებინა. მე-5-6 თვეებში დავამატე სტეპები, ანუ დაახლოებით 30 სანტიმეტრიან პლატფორმაზე ასვლა-ჩამოსვლა ჰანტელებით ან სხვა კომბინაციური ვარჯიშების კომპლექსებით. ვცდილობდი მაქსიმალურად არ მოვდუნებულიყავი და კუნთების ტონუსში რაც შეიძლება დიდხანს დამეტოვებინა.

ორსულობის მე-7 თვიდან საცეკვაო კარდიოების ნაცვლად მოვუმატე ფეხით სიარულს. რადგან სწორზე სიარული საერთოდ არ მღლიდა, მიზანში კუს ტბა ამოვიღე. ყოველ მეორე დღეს ფეხით ავდიოდი ბოლომდე კუს ტბაზე და ჩამოვდიოდი. დანარჩენი დღეები კი ხელების, ფეხების კუნთების და წელვით ვარჯიშებს ვუთმობდი.

ამ პერიოდიდან ძალიან მხიარულად მახსენდება როგორ მთავაზობდნენ კუს ტბაზე მიმავალს დახმარებას, როცა ამხელა მუცლით აღმართზე შემდგარს მხედავდნენ, მიჩერებდნენ მანქანას და გულითადად მთავაზობდნენ აყვანას. ძლივს ვარწმუნებდი, რომ ქვევით საკუთარი მანქანა მყავდა დატოვებული და შეგნებულად ვიღლიდი თავს 🙂

მე-8 თვე ივლისში მომიწია, უკვე საკმაოდ დაცხა და ამის გამო აღმართზე სიარული შეუძლებელი გახდა, ამიტომ სუფთა ჰაერზე ვარჯიში და მხოლოდ ჩრდილიან ტერიტორიებზე სიარულით შემოვიფარგლებოდი.

მე-9 თვეს, აგვისტოში როცა ჩემმა ზომებმა სიცხეებს პარალელურად პიკს მიაღწია, ვაღიარებ რომ დავნებდი, მხოლოდ რამდენიმე დღეში ერთხელ მსუბუქად 15-20 წუთი წავივარჯიშებდი და დანარჩენ დროს საათის ყურებაში ვატარებდი. უკვე თავისუფლებას ველოდი და ახალ სავარჯიშო რუტინას ვგეგმავდი, ოღონდ უკვე მარტო, მუცლის გარეშე.

კ ვ ე ბ ა 

საკმაოდ სწორედ და ჯანსაღად ვიკვებებოდი დაორსულებამდე და ამიტომ არანაირი ცვლილებები არ შემიტანია კვებაში. ერთადერთი სისუსტე, რომელიც აღმომაჩნდა და დავნებდი ეს ხაჭაპური იყო. დანარჩენი კი ვაგრძელებდი სწორ კვებით ჩვევებს – არავითარი ჯანქ ფუდი, ჰამბურგერები, ჩიპსები, გაზიანი სასმელები, შებოლილი ნაწარმი, ძეხვეული და ა.შ. იმის გამო, რომ გადავწყვიტე არ მიმეღო არავითარი მედიკამენტები, ვიტამინები, სხვადასხვა დასარეგულირებლები, საიდანღაც სასარგებლო ნივთიერებების მარაგი უნდა შემევსო, ამიტომ რაოდენობაში ჭამას მოვუმატე – ხილს და ბოსტნეულს უზომო რაოდენობით ვიღებდი (ხილის გამო 7-9 თვეში წონა სწრაფად ავკრიფე), დიდი მოთხოვნილება მქონდა და ბევრ ხაჭოს, ნადუღს, ყველს ვჭამდი.

წ ა მ ლ ე ბ ი

ორსულობის დადგენის შემდეგ როგორც ყველა ორსულს, მეც პოპულარული „ტონუსი“ დამიდგინდა და ყველა ორსულისათვის ნაცნობი მკურნალობა – პაპავერინის სანთლები და ნოშპა დამინიშნეს. რა თქმა უნდა ამიკრძალეს აქტიურობა და საწოლში წოლა მირჩიეს, რათა პირველ ტრიმესტრში მოშლისგან თავი დაგვეზღვია. როგორც ზევით უკვე აღვნიშნე, ორსულობის დადგენის შემდეგ 2-3 დღე შოკის მდგომარეობაში ვიყავი, მაშინ შევიძინე ნოშპაც და პაპავერინიც და საწოლიდანაც შიშით ფეხს ვერ ვყოფდი. ნოშპა-პაპავერინის მხოლოდ ერთხელ მიღება მოვასწარი, რომ შიშმა გადამიარა, ორივე წამალი სადღაც შორს მოვისროლე და ისევ ვარჯიში დავიწყე, ნაცვლად საწოლში გორაობისა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უცხოურ წყაროებში და პრაქტიკაში საშვილოსნოს ტონუსს, როგორც ასეთს ჩვეულ მოვლენად თვლიან უცხოელი ექიმები და არანაირ მკურნალობას არ ნიშნავენ. შემიძლია დავეთანხმო, რამდენადაც ფიზიოლოგიაში ვერკვევი და პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარეც. თუმცა, თუ რა თქმა უნდა გაქვთ სხვა სამედიცინო ჩვენებებიც და ნიშნები, მაშინ ზედმეტი აქტიურობისაგან თავი უნდა შეიკავოთ. მინდა გითხრათ, რომ ამ სტატიის ავტორს საკმაო ვარჯიშის სტაჟი, გაკაჟებული სხეული და საკუთარი ორგანიზმის მოსმენის უნარი გამომუშავებული ჰქონდა, როცა თავს უფლება მისცა უგულებელველყო ექიმის დანიშნულება.

12 კვირამდე მხოლოდ იოდი და ფოლიუმი მივიღე, ორივე ვიტამინად ითვლება და აუცილებელია ამ ვადაზე. ამის შემდეგ 6 თვემდე არანაირ აბს არ გავკარებივარ. მე-6 თვეზე პროტრომბინის ანალიზმა არ დააკმაყოფილა ექიმი და ერთერთ ცნობილ ანგიოლოგთან გამგზავნა. დაახლოებით 150 ლარის წამლები და ნემსების დანიშნულებით გამოვედი იქიდან. ეს დანიშნულებაც დახეული და ქარს გატანებული იქნა, მას შემდეგ რაც მე თვითონ შევეცადე უფრო დეტალურად გავცნობიდი ჩემი პროტრომბინის და ფიბრინოგენის მატების პრობლემას. ეს ყველაფერი დიდი რაონოდენობის ალუჩის, ტყემლის, ლიმონის და წყლის სმის საშუალებით დავძლიე და 10 დღეში ყველა მაჩვენებელი ნორმაში ჩადგა. ფინანსურად თუ გადავითვლით ეს „ალუჩათერაპია“ ალბათ ასე 15 ლარი დამიჯდა.

მე-9 თვემდე კვლავ უტაბლეტოდ მივედი. ვიკეთებდი პერიოდულად ექოსკოპიას და მხოლოდ აუცილებელ ანალიზებს, ვაკონტროლებდი სისხლს და ცილების რაოდენობას. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი. არავითარი დისკომფორტი, სისუსტე, წნევა და სხვა ჩივილები არ მქონია. წინა გადატანილი ოპერაციების გამო ისევ საკეისრო კვეთა მიწევდა, ამიტომ ოპერაციის წინ დავემორჩილე ექიმის მოთხოვნას და სისხლის შედედების პრობლემის თავიდან ასაცილებლად საკეისრომდე 2-3 კვირით ადრე კარდიომაგნილი და დეტრალექსის მიღებაზე დავთანხმდი.

9 თვის თავზე მიღებული შედეგი შესანიშნავი გახლდათ. სამშობიაროში ბავშვებს ყოველდღე სინჯავდა პედიატრი. მეორე გასინჯვაზე პედიატრმა გადაატრიალ-გადმოატრიალა პატარა, ხელები გაასავსავა და უკან დამიბრუნა – აბა ამას რა უნდა ვუნახო, ტყუილად მოგყავს, მე არაფერში ვჭირდები!

რ ე ზ ი უ მ ე :

ყურადღებით ვაკვირდებოდი პატარას განვითარების მომავალ თვეებსაც. ყოველდღიურად უამრავი ჯანმრთელი ბავშვი იბადება (ასე იყო ჩემი უფროსი გოგონაც), თუმცა პატარ-პატარა პრობლემებს, თუნდაც ადვილად გაციებას, დიათეზს, გაღიზიანებადობას, ასევე ნევროპათოლოგთან, ორთოპედთან ან პედიატრთან პერიოდული კონსულტაციებს, როგორც წესი მშობელთა უმეტესობა ვერ სცდება. ასე ვიყავი უფროს შვილზეც. ჩემი პატარა „ექსპერიმენტის შედეგისაგან“ კი ამ პრობლემებსაც მოკლებული ვარ. უბრალოდ ვერ ვხვდები და ვერ ვპოულობ მიზეზს, რის გამოც ექიმს უნდა ვანახო ან რაიმე სახის კონსულტაცია სჭირდებოდეს (იმედია მომავალშიც ასე იქნება). პატარას ძლიერი იმუნიტეტი და მშვიდი, ბედნიერი ფსიქიკა – აი ეს მივიღე სპორტული ორსულობის შედეგად.

რა იყო ყველაზე დიდი სარგებელი ჩემი ვარჯიშისაგან? – ჟანგბადი, მეტი ჟანგბადი!

ჩემი მომავალი პატარა ღებულობდა ყველაზე ძვირფასს, რაც ადამიანის ორგანიზმს სწორი განვითარებისათვის ესაჭიროება – ეს არის ჰაერი, ჟანგბადი!

ეს კი უფრო ფასეული და ქმედითი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი პრესტიჟული ექიმის კონსულტაციები, ათასგვარი ანალიზების კონტროლი ან ძვირადღირებული წამლები.

ვარჯიშის დროს მთელი ორგანიზმი, მისი ქსოვილები, ყოველი უჯრედი მთელი დატვირთვით სუნთქავს, უფრო მეტად ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში. ჟანგბადი სხეულს უჯრედულ დონეზე საშუალებას აძლევს უფრო მაღალი ხარისხით აწარმოოს ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური პროცესები, იმაზე მეტად ვიდრე მშვიდ მდგომარეობაში ხდება. ვარჯიშის გამო გაძლიერებული დედის ორგანიზმი დახვდა პატარას და თავადაც იგივე რეჟიმით გააგრძელა განვითარება. (თუმცა ცალკე აღნიშვნის საგანია, ის რომ ასაკობრივად უკვე გვიან ორსულად და რისკის ჯგუფად ვითვლებოდი და ამას ჩემი 3 წლის წინ გადატანილი ტრავმები და ოპერაციებიც ემატებოდა)

ასე რომ მომავალო დედებო, თქვენს პატარაზე ზრუნვა დღესვე დაიწყეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით. ნუ დაანგრევთ თქვენს ჯანრთელობას სასტიკი დაუბალანსებელი დიეტებით, ნუ გაატარებთ თავისუფალ საათებს კომპიტერთან, იმოძრავეთ მეტი, იმოქმედეთ მეტი, ივარჯიშეთ, იკვებეთ სწორედ, დაივიწყეთ სამუდამოდ ჯანქ-ფუდი, საეჭვო წარმოშობის პროდუქტები, იცოდეთ რას და რითი იკვებებით და თქვენი პატარა  ამას სათანადოდ დაგიფასებთ!

წყარო : fitni.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები