როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს რასიზმზე

ჩუმად ყოფნა არ არის გამოსავალი

ბავშვებთან რასიზმზე ლაპარაკი შესაძლოა ძალიან რთული აღმოჩნდეს. ოჯახების აღქმა რასიზმისა და დისკრიმინაციის შესახებ ხშირად ერთმანეთისგან განსხვავებულია. ცხადია, არ არსებობს ამ თემაზე საუბრის ერთი უნივერსალური მეთოდი, თუმცა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მალე დავიწყებთ საუბარს ბავშვთან, მით უკეთესი იქნება მათი პიროვნების ჩამოყალიბისთვის.

ბავშვები ფიზიკურ განსხვავებას, მაგალითად კანის ფერს, ექვსი თვის ასაკიდან ამჩნევენ. კვლევების მიხედვით, ბავშვები ხუთი წლის ასაკისთვის უკვე ავლენენ კონკრეტული რასებისადმი მიკერძოების ნიშნებს, მაგალითად, რომელიმე რასის წარმომადგენლებს უკეთ ეპყრობიან ვიდრე სხვას. თემის თავიდან არიდება, ან უგულებელყოფა კი არ იცავს, არამედ ტოვებს ბავშვს იმ ნეგატიური წინასწარგანწყობის საფრთხის ქვეშ, რომელიც სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში არსებობს.

რასიზმსა და თანასწორობაზე ლაპარაკი გვიანი არასდროსაა. ქვემოთ ჩამოთვლილია რჩევები, როგორ შეიძლება ველაპარაკოთ ბავშვს კონკრეტულ ასაკში.

ხუთ წლამდე

ამ ასაკში ბავშვები იწყებენ გარშემომყოფებში განსხვავებების დანახვას. როგორც მშობელს, თქვენ შეგიძლიათ მის მომავალ ხედვებს ჩაუყაროთ საფუძველი.

  • ერთად ყოფნისას აღნიშნეთ ირგვლივ მყოფთა განსხვავებები. უთხარით, რომ შეიძლება ვიღაცას კანის ფერი განსხვავებული ჰქონდეს, მაგრამ ამავე დროს ახსენეთ მსგავსებებიც.
  • ეცადეთ გქონდეთ საკითხისადმი ღიაობა. წაახალისეთ ბავშვი, რომ დაგისვათ კითხვები. თუ ბავშვი განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანზე მიგითითებთ, ნუ გააჩუმებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი ჩათვლის, რომ თემა ტაბუდადებულია.
  • ხაზი გაუსვით სამართლიანობის მნიშვნელობას. ამ ასაკის ბავშვებს სამართლიანობის ცნება უკვე კარგად ესმით. უთხარით, რომ რასიზმი არაა სამართლიანი და კარგი იქნება, თუ შევძლებთ ამ უსამართლობის შეცვლას.

6-11

ბავშვები ამ ასაკში უფრო კარგად ახერხებენ საკუთარი განცდების გამოხატვას. ასევე, იღებენ საკმარისზე მეტ ინფორმაციას, რომლის გადამუშავებაც უჭირთ. ამიტომ დაიწყეთ იმის გარკვევით, თუ რა იციან საკითხის შესახებ.

  • დაინტერესდით, დაუსვით კითხვები იმის შესახებ თუ რას ამბობენ სკოლაში მისი თანატოლები, რას ისმენენ ტელევიზიით და რას წერენ სოციალურ მედიაში.
  • ერთად განიხილეთ ინტერნეტში წაკითხული ინფორმაცია. ყურადღება გაამახვილეთ არსებულ სტერეოტიპებზე.
  • იყავით გულწრფელი. ბავშვებისთვის მთავარია დაინახონ, რომ თქვენ სანდო ხართ. ასეთ შემთხვევაში, ისინი მოვლენ თქვენთან და განიხილავენ მათთვის აქტუალურ პრობლემებს.

თქვენ ხართ მაგალითი ბავშვისთვის

არცერთი ბავშვი რასიზმისადმი წინასწარგანწყობით არ იბადება, მისი დასწავლა ცხოვრების განმავლობაში ხდება. სანამ ბავშვს დაეხმარებით, მანამდე თქვენ უნდა გადააფასოთ საკუთარი ღირებულებები. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა რასიზმთან შესაბრძოლებლად და ასწავლეთ ბავშვს, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს პატივისცემას.

მასალა მოამზადა : მარიამ კვერნაძემ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები