ნებისმიერი პროფესიიდან ახალი საქმისაკენ გადადგმული ნაბიჯები მეტად რთული და ამავე დროს საპასუხისმგებლოა. ირჩევ იმ მიმართულებას, რომელიც გეხმარება დარჩე საკუთარ შინაგან სამყაროსთან იდილიაში. თუმცა, მხოლოდ შემდგომ იაზრებ, რომ გსურს აკეთო ის საქმე, რაც შენი ნაწილია და ცდილობ პროფესია და ჰობი ერთმანეთს ჰარმონიულად დაუკავშირო. საინტერესო თემებზე გვესაუბრა აქტიური დედა, დიზაინერი და ვლოგერი – ნინო ჯანიძე!

  • ოგორია ნინოს ერთი ჩვეულებრივი დღე?

საკმაოდ გადატვირთულია ჩემი თითოეული დღე.  მუდმივად დროის დეფიციტი მაქვს და ამას ძალიან განვიცდი. ჩემი  დროის ძირითადი ნაწილი შვილებს ეთმობა.  ეპიდემიის გამო მაქსიმალურად ვცდილობ მოვარიდო გასართობ სივრცეებს, ამიტომ ძირითადად სახლში გვიწევს ყოფნა და გართობა.   ვცდილობ მათი ყოველდღიურობა მაქსიმალურად გავაფერადო და საინტერესო გავხადო, რომ არ მოიწყინონ  და რაც მთავარია, ნაკლებად ჰქონდეთ კონტაქტი მობილურებთან. მოგეხსენებათ ამ თაობის ყველაზე დიდი სისუსტე სწორედ პლანშეტებია, ამიტომ  სხვადასხვა თამაშებსა და აქტივობებზე გადამაქვს მათი ყურადღება, რომ ნაკლებად გაუჩნდეთ ეკრანის ყურების სურვილი.

 

ალბათ მკიხავთ ჩემს საქმეს როდისღა ვასწრებ. მხოლოდ და მხოლოდ ღამე. ბავშვების დაძინების შემდეგ, როცა ხელს არავინ და არაფერი მიშლის, ვრთავ სასიამოვნო მუსიკას და ვიწყებ მუშაობას.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი
  • მინდა გაიხსენო ის პირველი ნაბიჯები, რომელიც მოიცავდა გზას ჟურნალისტობიდან საყვარელი საქმიანობისკენ.

როცა ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, ვფიქრობდი, რომ ზუსტად ის პროფესია ავირჩიე, რომელიც  ჩემთან ყველაზე ახლოს იყო. მე-4 კურსიდან დავიწყე ბეჭდურ მედიაში მუშაობა. 5 წელი ვიმუშავე ჩემი პროფესიით, თუმცა, რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, რომ ამ საქმის მიმართ ჩემი ინტერესი  იკლებდა, ხოლო დიზაინი,   სხვადასხვა  ნივთებისა თუ აქსესუარების შექმნა, რაც ყოველთვის ჩემს ჰობად მიმაჩნდა, კიდევ უფრო ახლოს მოდიოდა ჩემს შინაგან სამყაროსთან. მინდოდა ჩემი პროფესია და ჰობი როგორღაც დამეკავშირებინა ერთმანეთისთვის, მაგრამ როგორ, ვერ ვხვდებოდი.  მუშაობის პარარელურად  დავიწყე ისეთი საქმის ძებნა, რომელიც ჩემთვის იქნებოდა სასიამოვნო და განტვირთვის წყარო. ხელსაქმე ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა, სხვადასხვა ტექნიკით აქსესუარებს და დეკორაციებს ყოველთვის ვაკეთებდი.

სწორედ  ახალი ტექნიკის  ძიებაში აღმოვაჩინე სუტაჟის თასმა, რომლითაც დავიწყე სამკაულების კეთება. იმდენად უშრეტი აღმოჩნდა ამ მხრივ ჩემი ფანტაზია, რომ ღამე ვეღარ ვიძინებდი. თვალებს დავხუჭავდი თუ არა, სამკაულის დიზაინზე და ფერთა შეხამებაზე ვფიქრობდი. როგორც კი ჩემს ფიქრებში დიზაინს ავაწყობდი, ვდგებოდი, ვიწყებდი მუშაობას და დილით უკვე ახალი სამკაული მზად მქონდა. თავიდან თითქოს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვქმნიდი, მაგრამ საზოგადოებაში გამოჩენისთანავე იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მივხვდი, უფრო სერიოზულად უნდა მოვკიდებოდი ამ საქმეს.

  • როგორ გაჩნდა გვერდის შექმნის იდეა და რა მნიშვნელობას სძენს გვერდს მინიჭებული სახელი?

მას შემდეგ, რაც გარშემომყოფებისგან წამოვიდა დაინტერესება, თავს უფლება მივეცი, სერიოზულად მეფიქრა ბრენდის შექმნაზე. სასწრაფოდ შევქმენი კოლექცია, გავაკეთე facebook-ზე გვერდი, რომელსაც ასე მოკლე დროში  სახელიც ვერ მოვუფიქრე, უბრალოდ დავაწერე  jewelry by nino janidze და განვათავსე სამკაულების ფოტოები. ზუსტად იმ პერიოდში მიმდინარეობდა თბილისის მოდის კვირეულის სამზადისი და შემომთავაზეს კოლექციის შოურუმში გატანა. ერთ-ერთ ორგანიზატორთან რომ მივედი, კოლექციის წარსადგენად, ვუთხარი რომ ბრენდის სახელზე არ ვიყავი ჩამოყალიბებული. იქვე განვიხილეთ რამდენიმე ვარიანტი, ბოლოს მან თავად შემომთავაზა “ჯანინი” ჩემი სახელი და გვარიდან გამომდინარე. პირველივე გაჟღერებისთანავე იმდენად მომეწონა, რომ მას შემდეგ სხვა ვარიანტი აღარ განმიხილავს. ასე გახდა ჩემი ბრენდი “ჯანინი” , მე კი სამკაულების დიზაინერი.

  • რამდენად დიდი წარმატება მოგიტანა აქსესუარების დიზაინმა, როგორც საქმეში, ასევე გვერდისთვის გამომწერების მოზიდვაში? მხოლოდ საქართველოს მასშტაბით შემოიფარგლები თუ უცხოეთიდანაც იღებ შეკვეთებს?

სამი წლის განმავლობაში შევქმენი ასობით სამკაული, რომელთა მფლობელები ხდებოდნენ, როგორც ქართველები, ისე უცხოელები. თითოეულ  სამკაულში ვაქსოვდი  მთელ ჩემს დადებითი ემოციას და სიყვარულს. ძალიან ბევრი ამზადებს სუტაჟის სამკაულებს, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში, მაგრამ როცა მეუბნებიან რომ ჩემს სამკაულებს ყოველთვის ეტყობა, რომ “ჯანინის” ბრენდია, ეს სიამაყით მავსებს. მიუხედავად იმისა, რომ სუტაჟის სამკაულები, თუნდაც პატარა დეტალებით ყოველთვის გვანან ერთმანეთს, მაინც  ვცდილობდი, მქონოდა ჩემი, განსხვავებული ნიშა.

როცა ხედავ, რომ შენს მოფიქრებულ პატარა დეტალს თუ მთლიან დიზაინს, უკვე მასიურად იყენებენ სხვებიც, ეს ცხადია ნიშნავს, რომ შენმა იდეამ გაამართლა და შენი ბრენდი შედგა.  დღეს  თამამად შემიძლია ვთქვა,  რომ “ჯანინი” ჩემთვის ნამდვილად იყო წარმატებული. გარდა იმისა, რომ გამიცნო და გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, სწორედ ეს ბრენდი გახდა ერთგვარი ხიდი, მოვსულიყავი იმ საქმიანობამდე, რომელსაც  დღეს ვაკეთებ.

  • რამდენიმე თვეა წამოიწყე ახალი საქმე და გახდი ვლოგერი, გამომწერების რაოდენობაც მატულობს. რა არის შენთვის ვლოგერობა?

მას შემდეგ რაც შეიქმნა “ჯანინი”, სამკაულების გარდა, ამავე ბრენდის სახელით შევქმენი ნაძვის ხეები, რომელსაც დავარქვი საშობაო ზღაპარი.   ნაძვის ხე, რომელზეც მოძრაობს მატარებელი, გიზგიზებს კოცონი, დადის თოვლის ბაბუა და ა. შ.. მას შემდეგ რაც ეს საშობაო ზღაპარი საზოგადოებას გავაცანი, ყოველდღიურად მომდიოდა ათობით შეტყობინება კითხვებით, თუ  როგორ დავამზადე, რა მასალა გამოვიყენე, როგორია კონსტრუქცია და ა. შ. ამდენმა დაინტერესებულმა ადამიანმა და შეტყობინებებმა  ახალი იდეა დაბადა ჩემში. გადავწყვიტე, გამეკეთებინა ვლოგი diy (შექმენი შენით) თემით, სადაც საზოგადოებას სწორედ იმ თემებზე ვესაუბრებოდი,  თუ როგორ შეგვიძლია სხვადასხვა ნივთი, თუნდაც მსგავსი გრანდიოზული ნაძვის ხეები თუ  საოჯახო დეკორაციები, რომლებსაც მაღაზიები საკმაოდ მაღალ ფასად გვთავაზობენ, გავაკეთოთ საკუთარი ხელებით, დაბალი ბიუჯეტით და არ გადავიხადოთ მათ შესაძენათ კოლოსალური თანხები. შევქმენი youtube არხი, ასევე instagtam გვერდი, რომელსაც დავარქვი janini channel და დავიწყე  საინტერესო იდეებისა და მასტერკლასების გაზიარება ჩემი აუდიტორიისთვის.

პირველი DIY ვიდეო რომელიც არხზე განვათავსე იყო ბუშტების სადღესასწაულო  გირლანდა, რომელთაც კომპანიები საკმაოდ მაღალ ფასში გვთავაზობენ, ჩვენ კი საკუთარი ხელით მისი დამზადება სულ რაღაც 30 ლარი დაგვიჯდა.  ეს ვიდეო იმდენად აიტაცა Youtube ს აუდიტორიამ, რომ კიდევ უფრო გაამყარა ჩემი  გადაწყვეტილება diy თემით ვიდეოების ჩაწერის.

როგორ ქმნი კონტენტს და როგორ ხდება ვიდეოების მონტაჟი?

ვცდილობ, მაქსიმალურად საინტერესო რუბრიკები შევთავაზო ჩემს მაყურებელს. ერთ-ერთია, მაგალითად, ჩემთვის ძალიან საყვარელი თემა “ ახალი სიცოცხლე ძველს”, რომელიც მოიცავს ძველი ნივთების, ავეჯის, დეკორაციების განახლებას და მათთვის ახალი სიცოცხლის ჩუქებას. ვაჩვენებ, რა შემთხვებაში რა მასალა გამოიყენონ, სად შეიძინონ და ა.შ.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საკუთარი ხელით, პალეტებისგან შექმნილმა ეზოს ავეჯმა.  ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა,  თუ როგორ შეგვიძლია დაბალი ბიუჯეტით შევქმნათ გრანდიოზული ნივთები. რაც შეეხება გადაღებას და მონტაჟს, ამ ყველაფერს გეგმავს, იღებს და ამონტაჟებს მხოლოდ ერთი ადამიანი და ეს ვარ მე.  ზოგადად მიჭირს ჩემი საყვარელი საქმის სხვასთან გაზიარება, მირჩევნია ორჯერ მეტი დრო დამჭირდეს და ჩემი ხელით შევქმნა ყველაფერი.

  • სად უფრო გიმარტივდება კონტენტის შექმნა ინსტაგრამზე თუ იუთუბ არხზე?

Youtube-ს მართვა და იქ აუდიტორიის მოზიდვა გაცილებით უფრო რთულია ვიდრე instagram-ზე. გარდა ამისა instagram-ზე გაქვს საშუალება ყოველდღიურად გქონდეს კონტაქტი შენს გამომწერებთან. ვიდეოს გარდა, სადაც ვხსნი თუ რა როგორ შეიძლება დამზადდეს, ასევე ვუზიარებ სხვადასხვა საჭირო ინფორმაციას და რჩევას სთორების სახით. ვაჩვენებ იმ ადგილებს, სადაც ვყიდულობ დაბალ ფასად მასალებს, ვაკეთებ პატარა გათამაშებებს და ა. შ. ბევრი საინტერესო გეგმა, რომელიც ინსტაგრამთან დაკავშირებით მაქვს, შეუძლებელია youtube -ზე  განხორციელდეს.

  • გეგმავ თუ არა ამ კუთხით განვითარებას, ახალ აქტივობებს? ასევე გაგვაცანი გეგმები სამკაულებთან დაკავშირებით.

ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის, თუ როდის დავდებ სამკაულების ახალ კოლექციას და რატომ აღარ ვაქტიურობ უწინდებურად. ვფიქრობ, ამ მხრივ ჩემი თავი ამოვწურე და ჩემი სათქმელი ვთქვი. იმავე, სუტაჟის ტექნიკით  სამკაულების კეთებას ამ ეტაპზე აღარ ვფიქრობ, მომავალში რა იქნება არ ვიცი. ახლა მთლიანად  გადართული ვარ ვლოგზე. ჩვენს ქვეყანაში diy თემა არ არის განვითარებული, ამიტომ მინდა ეს თემა მაქსიმალურად დავხვეწო და მივაწოდო ჩემს მაყურებელს. ვფიქრობ,  სწორედ ის საქმეა, რომელსაც წლების განმავლობაში ვეძებდი და ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც დოზით მაინც შევძელი ჩემი პროფესიისა და საყვარელი საქმის ერთმანეთთან დაკავშირება.

                                                                     ავტორი: ნუცა მეხრიშვილი