როგორ შევარჩიოთ ბავშვის ასაკის შესაფერისი სათამაშო?

ცნობილი ფაქტია, რომ სათამაშო მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური, სოციალური, მენტალური და ფიზიკური განვითარებისთვის. თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი სათამაშო გარკვეული ასაკისთვისაა შესაბამისი. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ სათამაშოს არჩევის პროცესში.

აარჩიეთ მარტივი სათამაშოები. თოჯინები, რომლებსაც შეუძლიათ სიმღერა და ბევრ მოქმედებას ასრულებენ, არცთუ ისე სახარბიელოა ბავშვის განვითარებისთვის. ასეთი თოჯინები ბავშვის წარმოსახვის განვითარებას ხელს არ უწყობენ, რადგან ბავშვს აღარ უწევს სიტუაციის წარმოდგენა და გახმოვანება.

დააწესეთ შეზღუდვები ელექტრონული სათამაშოების მოხმარებისას. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნემ ბევრი ელექტრონული ხელსაწყო და სათამაშო ყველასთვის მეტნაკლებად ხელმისაწვდომი გახადა, აუცილებელია რომ მისი ზიანიც გავითვალისწინოთ. ასეთი სათამაშოები შეიცავენ სმენის დაქვეითების საშიშროებას (სათამაშოები, რომლებიც მაღალ ხმაზე უკრავენ/მღერიან), ასევე წონაში მატების საფრთხეს (ბავშვებს ნაკლებად უწევთ გადაადგილება) და მეტყველების შეფერხების რისკს. ერთ-ერთმა კვლევამ ცხადყო, რომ ასეთი ტიპის სათამაშოები ბავშვებისგან არანაირ ჩართულობას არ მოითხოვენ. ისინი უფრო პასიურ, დამკვირვებლის როლში რჩებიან, რაც ხელს უშლის დამოუკიდებლად ფიქრსა და გადაწყვეტილების მიღებას.

არ მოტყუვდეთ სათამაშოს საგანმანათლებლო დანიშნულებით. დღესდღეობით ძალიან მომრავლდა სათამაშოები, რომლებზეც ამბობენ, რომ აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. მაგალითად, თოჯინები, რომლებსაც შეუძლიათ კითხვა, ან მათემატიკური უნარების განვითარებისთვისაა აუცილებელი. 2005 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც ასეთი სათამაშოების სარგებლიანობა არ დაადასტურა. ნამდვილი საგანმანათლებლო სათამაშოები არაა რომელიმე ტექნიკურ მოწყობილობასთან კავშირში, უბრალო თოჯინა, თუ რბილი სათამაშოც საკმარისია ბავშვის განვითარებისთვის.

არ გადატვირთოთ. ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ რაც მეტი სათამაშო იქნება ბავშვის ირგვლივ, მით უკეთესი. სინამდვილეში, ბავშვი ამ დროს ვერ ახერხებს ვერცერთ მათგანზე კონცენტრირებას. უმჯობესია სათამაშოების ნაწილი შეინახოთ ყუთში, ან კონტეინერში და პერიოდულად განაახლოთ. ერთი და იგივე სათამაშო შესაძლოა ბავშვს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გამოადგეს, ამიტომ ნუ იჩქარებთ მის ჩანაცვლებას. მაგალითად, ასაწყობი კუბიკებით ბავშვმა პირველ ეტაპზე შეიძლება მოტორული უნარები განივითაროს, ერთი წლის შემდეგ კი უკვე ერთვება წარმოსახვის უნარი, გეგმავს, აშენებს და უზიარებს სხვას.

შეარჩიეთ ასაკის შესაფერისი სათამაშოები.

0-6 თვე. ბავშვებს მოსწონთ მოძრავი, ხმოვანი და მარტივი, შავ-თეთრი სათამაშოები. ასეთებია საჩხარუნო სათამაშოები, საწოლის თავზე დასაკიდი მოძრავი ცხოველები და ა.შ. ნებისმიერი სათამაშო, რომელზეც ბავშვს ხელის მოკიდება, შენჯღრევა, ან ჩაჭიდება შეეძლება.

6-8 თვე. ამ ასაკში ბავშვს უკვე სათამაშოების ხელში ჭერა შეუძლია. მოსწონთ ერთი ხელიდან მეორეში გადატანა, ამიტომ ამ ასაკში ძველი სათამაშოებიც გამოდგება.

8-18 თვე. ამ ასაკში ბავშვები ნელ-ნელა ფერისა და ფორმის გარჩევას სწავლობენ. ამიტომ კარგია სხვადასხვა ფორმის კუბიკები, რომელიც თვითონ უნდა მოათავსონ ყუთში.

18-24 თვე. ამ ასაკში ბავშვებს მოსწონთ წარმოსახვითი თამაშები, ამიტომ კარგია თოჯინები, სხვადასხვა სახის მანქანები, სამზარეულოს მოწყობილობა და ა.შ.

2-4 წელი. ბაღში ბავშვები სოციალურ უნარებს ივითარებენ. მოსწონთ წარმოსახვითი თამაშები, მაგ. მინიატურული ფერმა და ცხოველები. გარდა ამისა ივითარებენ ნატიფ მოტორიკას, ამიტომ კარგია ფაზლები და სხვა ასაწყობი სათამაშოები. ასევე საძერწი და სახატავი მასალა, რომელიც ავითარებს კრეატიულობას.

მასალა მოამზადა : მარიამ კვერნაძემ 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები