როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვის ბრაზი და გაღიზიანება უკონტროლო ხდება

ნებისმიერი მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო და, ამავდროულად, ხშირი პრობლემა ბავშვის ბრაზთან გამკლავებაა. ზრდასრული ადამიანებისგან განსხვავებით, ბავშვები ვერ აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს და შესაბამისად, ბრაზს და გაღიზიანებას ყველანაირი ფილტრის გარეშე გადმოსცემენ ირგვლივმყოფებს. ბრაზთან ადეკვატურად გამკლავებისთვის საჭიროა, ბავშვს ჩამოუყალიბდეს ნეგატიურ ემოციებთან გამკლავების გარკვეული უნარები. ეს უნარები მოიცავს:

> გრძნობების და სურვილების გამიხატვა სიტყვიერად;

> დახმარების თხოვნა საჭიროებისამებრ;

> საკუთარი თავის დამშვიდება საჭირო დროს;

> ყურადღების გადატანა სხვა მოვლენებზე;

> საკუთარი ბრაზის შემჩნევა და აღიარება;

> გამაღიზიანებელი სიტუაციების დროულად ამოცნობა.

ამ უნარების ჩამოყალიბება მცირე ასაკში ხდება მშობელთან, ზრდასრულ ადამიანებთან უშუალო კონტაქტის შედეგად. თუ მშობელი იჩენს ადეკვატურ რეაქციას ბავშვის აგრესიასა და ბრაზზე და ახერხებს მის დამშვიდებას – პატარა ითავისებს ამ ქცევას და ცდილობს მომავალში მსგავს სიტუაციაში საკუთარი ძალებით მიაღწიოს იმავე შედეგს. რა შეუძლია გააკეთოს მშობელს ასეთ დროს?

დაამყაროს კავშირი განერვიულებულ ბავშვთან – იქნება ეს ხმის ტემბრი, სახის გამომეტყველება, სიტყვები, გარკვეული ფრაზები თუ უბრალოდ ახლოს ყოფნა – აუცილებელია ბავშვმა იგრძნოს მშობლის დახმარებისთვის მზადყოფნა და დაიჯეროს, რომ უფროსს გული შესტკივა მის მდგომარეობაზე. უმჯობესია, ასეთ დროს, სანამ უფროსი გადადგამს უშუალო ნაბიჯებს ფიზიკური კონტაქტისკენ, ჯერ დაეკითხოს ბავშვს იგრძნობს, თუ არა ის თავს კომფორტულად. მაგალითად: „შეიძლება ჩაგეხუტო?“, „გინდა კალთაში ჩამიჯდე?“ და ასე შემდეგ.

უსაფრთხოების უზრუნველყოფა – ბავშვები, ისევე როგორც უფროსების უმეტესობა, ვერ აკონტროლებენ საკუთარ ქმედებებს ბრაზის დროს. შედეგად, შესაძლებელია გაღიზიანებულმა ბავშვმა გააფუჭოს რაიმე ნივთი, ზიანი მიაყენოს სხვა ბავშვებს და ასე შემდეგ. ამის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია თუ მშობელი უზრუნველყოფს ირგვლივმყოფების და უშუალოდ ბავშვის უსაფრთხოებას.

ფიზიკური დამშვიდება – აუცილებელია ასეთ დროს პატარას ფიზიკურ დამშვიდებაზე მუშაობა. ღრმად სუნთქვა ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ასევე, ეფექტურია ყურადღების გადატანა სხვა მოვლენაზე ან ნივთზე, მაგალითად: „შეგიძლია ჩამომითვალო რამდენ ფერს ხედავ ახლა?“ ან „გინდა რამე ვითამაშოთ?“ და ა.შ. შედეგად, ბავშვი დროებით მაინც შეძლებს ყურადღების გადატანას საკუთარი ნეგატიური ემოციებისგან და დამშვიდდება.

მიზეზის გარკვევა – რატომ არის ბავშვი გაღიზიანებული? რამ გამოიწვია მისი აგრესია? დამშვიდების შემდეგ, სასურველია მშობელი გაერკვეს, თუ რამ გამოიწვია ბავშვის გაბრაზება და შეეცადოს პატარასტან ერთად მოიფიქროს სიტუაციიდან გამოსავალი და პრობლების გადაჭრის საერთო გზა. ასეთ დროს, ბავშვისგან მკაცრად ახსნა-განმარტების მოთხოვნა არასასურველია. საჭიროა უფრო კომპლექსური მიდგომა. მაგალითად, ბავშვისგან ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ რაიმეს შეთავაზება  – „თუ მომიყვები რა მოხდა – გპირდები, ერთად გადავჭრით პრობლემას“, „მითხარი ვინ გაგაბრაზა და მერე ტელევიზორს ვუყუროთ ერთად.“

ბავშვებს ჰაერივით სჭირდებათ უფროსების და მშობლების თანადგომა, მათთვის ემოციურ მომენტებში. ბრაზის და ნეგატიური განცდების კონტროლის პრობლემა ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება და უამრავ პრობლემას უქმნის როგორც პირად, ასევე სოციალურ ცხოვრებაში. ამიტომ, აუცილებელია პატარებს მცირე ასაკიდან დავეხმაროთ ბრაზის მართვაში, რათა მათ ჯანსაღი და სტაბილური მენტალური მდგომარეობა ჩამოუყალიბდეთ.


წყარო: www.developingminds.net.au

წყარო : marketer.ge

თარგმანი: Cerebrum • ცერებრუმი, ელი კონცელიძე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები