როგორ მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა?

ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს ურთიერთობის როგორც დადებით ასპექტებს, ასევე – უარყოფითსაც.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვის ცუდი ქცევა და აგრესია არის მისი მეთოდი მიიტანოს თავისი სათქმელი მშობლამდე ან საზოგადოებამდე. მათ ყოველთვის სათქმელის სიტყვებით გამოხატვა  არ შეუძლიათ. ამიტომ  პროტესტსა და წყენას აგრესიითა და ცუდი ქცევით გამოხატავენ.

როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს ბავშვთან? ამ თემაზე , ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი “დიალოგი”-ს,  ბავშვთა ფსიქოლოგი  ანა მეუნარგია გაგვესაუბრება:

რატომ იქცევიან ბავშვები ცუდად და არიან  აგრესიულები?

მოდით, დავფიქრდეთ  იმაზე, თუ რას ვგულისხმობთ ცუდად მოქცევაში. არის ეს ხმაურიანი თამაში, სახლში სირბილი, ნივთების მოფანტვა ან დამტვრევა, სიზარმაცე, ნივთებისთვის ზიანის მიყენება თუ ადამიანების დაზიანება? ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკის განსხვავება, რადგან ბავშვის პასუხისმგებლობისა და თავისუფლების ხარისხიც ასაკზეა დამოკიდებული. ხანდახან მშობელი თავად შეიძლება იყოს გაღიზიანებული, დაღლილი, აღელვებული, სჭირდებოდეს დასვენება და მისთვის ხმაურიანი და აქტიური თამაში გამაღიზიანებელი იყოს, არადა ბავშვი ამ დროს უბრალოდ თამაშობდეს. ამ დროს, მნიშვნელოვანია მშობელმა ეს გაიაზროს და იზრუნოს იმაზე, რომ დამშვიდდეს და დაისვენოს. ან შეიძლება თავად ბავშვი იყოს გაღიზიანებული, დაღლილი, შიოდეს და ამის გამო იქცეოდეს უხეშად და ცუდად. ამ დროს, შეგვიძლია ბავშვს დავუკმაყოფილოთ მისი თავდაპირველი მოთხოვნილება და მისი ქცევაც გამოსწორდება. თავდაპირველად, საჭიროა ამოვიცნოთ რა არის პრობლემა, განვსაზღვროთ ცუდი ქცევა, შემდეგ დავფიქრდეთ ყოველთვის ასე იქცევა, თუ ახლა დაიწყო ასე მოქცევა, რაიმე აწუხებს და ამას გამოხატავს და რა შეიძლება აწუხებდეს და შემდეგ დავიწყოთ მისი ქცევის დარეგულირება.

ხშირად ბავშვი შეიძლება ცუდად იქცეოდეს მაშინაც, როცა მას არ უსმენენ და აქვს იმის განცდა, რომ მისი არ ესმით. ამ დროს, ბავშვი შეიძლება ქცევით ცდილობდეს ჩვენი ყურადღების მიპყრობას, თანაც ცუდ ქცევაზე ჩვენ ხომ უფრო აქტიურად ვრეაგირებთ ხოლმე, ვიდრე მშვიდ ქცევაზე.

კითხვა ასევე აგრესიულ ქცევასაც უკავშირდება, ამიტომ ისიც განვასხვაოთ რომელია ცუდად მოქცევა და რა არის აგრესიული ქცევა. ხანდახან შეიძლება ადამიანისთვის აგრესიული ქცევა საჭიროც იყოს და თავის დაცვაში ეხმარებოდეს. აგრესიული ქცევა არაადაპტური ხდება, როცა მას განურჩევლად იყენებს ადამიანი ყველა სიტუაციაში და მისთვის ეს ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმა ხდება.

როცა ბავშვი აგრესიულად იქცევა, შეიძლება მშობლებს თავად უჭირდეთ თავიანთი აგრესიული იმპულსების გაკონტროლება და მართვა, ბავშვი ხედავს ამას, მასაც უგროვდება ემოციები და იმავე ფორმით გამოხატავს მას რასაც გარშემო ხედავს. თუ მის გარშემო აგრესიული და უხეში ქცევა ურთიერთობის მიღებული ფორმაა ბავშვიც გადმოიღებს ამ ქცევას. ბავშვი არის ღრუბელივით, რომელიც აქტიურად ისრუტავს იმ ინფორმაციას რაც მის გარშემოა და როცა ერთმანეთის გამომრიცხველია ის რასაც ვამბობთ და ის რასაც ბავშვი ხედავს, წარმოიქმნება კონფლიქტი და უმეტესად ბავშვი ისე იქცევა, რის მაგალითსაც ფიზიკურად  ხედავს.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვი აგრესიას გამოხატავს და ცუდად იქცევა?

ბავშვის აგრესიული ან ცუდი ქცევა შეიძლება იყოს უფრო კომპლექსური პრობლემა და არა მხოლოდ ბავშვის თვისება. ამიტომაც მნიშვნელოვანია კომპლექსურად მივუდგეთ საკითხს. გავითვალისწინოთ მისი გარემო და შინაგანი მდგომარეობა. შეიძლება ბავშვი ცუდად იქცეოდეს, მაგრამ ეს არ იყოს აგრესიული ქცევა ან შეიძლება აგრესიულად იქცეოდეს და ეს არ იყოს ცუდი ქცევა, რადგან იყოს ადეკვატური რეაქცია იმ გარემო გამღიზიანებელზე რაც მას აქვს.

თავდაპირველად, მშობლის მხრიდან მნიშვნელოვანია მოხდეს იმის გააზრება თუ რას ნიშნავს ცუდად მოქცევა და რას უკავშირდება ბავშვის ცუდი ქცევა, რა მიზეზი აქვს ამას, შემდეგ კი მოხდეს ამ მიზეზზე მუშაობა და დარეგულირება.

მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს მკაფიო საზღვრები და ზუსტად იცოდეს რა არის დასაშვები და რა დაუშვებელი. ისიც საგულისხმოა, რომ ბავშვს არ ჰქონდეს ძალიან ბევრი შეზღუდვა და დასაშვები ქცევის არჩევანი დიდი იყოს. როცა ბავშვს ბევრი შეზღუდვა აქვს, მისი მოქმედების არეალიც უფრო ვიწროა და მეტია შანსი არასასურველად მოიქცეს. ასევე, როცა მას ხშირად აძლევენ შენიშვნას, მისთვის ეს ჩვეული მდგომარეობა ხდება და შემდეგ გარემოდან ელის მისი ქცევის შეფასებას და გარემოსგან ნეგატიურ უკუკავშირს ეჩვევა.

იმისთვის, რომ ბავშვის პოზიტიური ქცევა განვამტკიცოთ და ჩვევად ვაქციოთ, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, კიდევ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. 1. წესების პოზიტიური ფორმით ფორმულირება; 2. წესების რაოდენობის შეზღუდვა და აქცენტის გაკეთება იმაზე თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი და ნებადართული; 3. სასურველი ქცევის წახალისება, შემჩნევა და დაფასება.

  1. მაგალითად, როცა ბავშვს ვეუბნებით „არ ირბინო“, „ნუ ზარმაცობ“, „არ აიღო, დაგივარდება“ ბავშვის ქცევის შეზღუდვა მაინც ამ ქცევის გარშემო ხდება და მისთვის რთულია სხვა საკითხზე გადართვა. ამის ნაცვლად შეგვიძლია ვთქვათ, „ფრთხილად ირბინე“ ან „ნელა იარე“, „იმეცადინე“, „ფრთხილად აიღე“ ან „ამის ნაცვლად სხვა რაღაცით (დააკონკრეტეთ) ითამაშე“. ამ დროს ბავშვის მოქმედების არეალს ვაფართოებთ და პოზიტიური ქცევისკენ ვუბიძგებთ. ასევე, შეგვიძლია თუ ვუკრძალავთ ბავშვს რამე ქცევას შევთავაზოთ რისი გაკეთება შეუძლიათ. მაგალითად, „ბალიშები ადგილზე დააბრუნეთ და თქვენი სათამაშოებით ითამაშეთ“.
  2. როცა სახლში ბევრი წესი და შეზღუდვაა, ბავშვისთვის რთული ხდება ვარირება, რადგან რა ტიპის ქცევასაც არ ირჩევს უმეტესობა მიუღებელია მშობლისთვის, ამ დროს პასუხისმგებელი პირი მშობელია და ბავშვი პასიურად ან ემორჩილება ან აპროტესტებს.
  3. თავიდანაც აღნიშნეთ, რომ ბავშვები შესაძლოა ყურადღების მიქცევის მიზნითაც იქცეოდნენ ცუდად და ამისთვის საჭიროა ფოკუსი პოზიტიურისკენ მივმართოთ, წახალისებული და დაფასებული პოზიტიური ქცევა გახდეს. ხშირად შევაქოთ ბავშვები და დავინახოთ მისი კარგი საქციელი. მაშინაც კი როცა ჩვენთვის არასასურველად იქცევა დავინახოთ რაღაც რასაც კარგად აკეთებს და ის ქცევაც წავახალისოთ. ასე ბავშვს მეტი მოტივაცია ექნება კარგად მოიქცეს.

რატომ იქცევიან ბავშვები სხვებთან კარგად და დედებთან ცუდად ?

ცოტა საორჭოფო საკითხია, ისევ მივდივართ იქამდე თუ რას ვეძახით ცუდ და კარგ ქცევას. გარდა ამისა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეუძლია ბავშვთან საზღვრების დაცვა ზრდასრულს, რომელთანაც ბავშვია და რამდენად შეუძლია მისი ქცევის მართვა.

ხშირად როცა ბავშვი სკოლაში და სახლში განსხვავებულად იქცევა დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე. მაგალითად, როცა ბავშვის ქცევა სახლში მეტად შეზღუდულია ვიდრე სკოლაში ის შეიძლება სკოლაში „უარესად“ იქცეოდეს და იქ გამოხატავდეს დაგროვილ ემოციებსა და ენერგიას ან პირიქით, როცა სკოლაში მისი ქცევა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია, სახლში კი მეტი თავისუფლება აქვს სახლში გამოხატავდეს ამ ემოციებს და შეზღუდვებს.

არსებობს სირთულეები, რომლის დროსაც არ აქვს წამყვანი მნიშვნელობა მშობელთან არის ბავშვი თუ სხვა ადამიანთან, ის მაინც ცუდად იქცევა ან აგრესიულად, რადგან ასე გრძნობს თავს. ამ დროს მნიშვნელოვანია მშობელთან ან მეურვესთან და ბავშვთან სპეციალისტის ჩართვა გახდეს საჭირო და იმ პრობლემის მოგვარება, რაც ბავშვისთვის ზიანის მომტანია და აწუხებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები