როგორ მიმდინარეობს კორონავირუსი ორსულებში – მეან-გინეკოლოგ პაატა ჟორჟოლიანის რჩევები

არ არსებობს დადასტურებული კვლევები, რომ კორონავირუსი ორსულებში ძალიან მძიმედ მიმდინარეობს ან პირიქით, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თსსუ-ის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელძღვანელმა, მეან-გინეკოლოგმა პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ორსულების მიმღეობა ამ ვირუსთან დაკავშირებით სხვა ადამიანებთან შედარებით მაღალია.

„მიუხედავად იმისა, რომ ორსულებში იმუნოლოგიური, ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ასეთი ინფორმაცია არ არსებობს და პანიკის საფუძველი არ არის. რაც შეეხება კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებებს, ორსულების შემთხვევაშიც იგივეა, რაც შეიძლება იყოს არაინფიცირებული, ჯანმრთელი ადამიანებისთვის. კერძოდ, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს. ეს იქნება ხელის დაბანა, პირბადის ტარება და ასე შემდეგ“, – განაცხადა მეან-გინეკოლოგმა.

მისივე თქმით, ასევე, ჯერ-ჯერობით არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია, გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს თუ არა ეს ინფექცია ორსულებში.

„ჩვენ გვაქვს სხვა ვირუსები, რომელთა დროსაც ნაადრევი მშობიარობის, დაკარგული ორსულობის, მკვდრადშობადობის შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა არც არსებობს დადასტურებული კვლევები, რომ ეს შემთხვევები მართლაც კონკრეტული ვირუსებით იყო გამოწვეული. უმეტეს შემთხვევებში ორსულებში ასეთ გართულებებს მაღალი ტემპერატურა იწვევს, განსაკუთრებით მე-2 და მე-3 ტრიმესტრის დროს. ვარაუდი, რომ აღნიშნული გართულებების მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს კორონავირუსი, არ არსებობს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული დედიდან ახალშობილზე ვირუსის გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჟორჟოლიანის განმარტებით, ასევე, კორონავირუსი ზეგავლენას არ ახდენს ნაყოფის განვითარებაზე და ექიმები ასეთ დროს არც ძუძუთი კვებას ზღუდავენ, რადგან დედის რძეში კორონავირუსის არსებობა არ დაფიქსირებულა.

„ასეთ რეკომენდაციას ჩვენ არც გრიპის შემთხვევაში არ გავცემთ, რომ დედამ ახალშობილის ძუძუთი კვება შეწყვიტოს. მთვარია, რომ დაცული იყოს რეკომენდაციები, რაც კორონავირუსის დროს ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დაიცვას და მათ შორის დედამ“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

წყარო : imedinews.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები