ყველა ადამიანი იღლება, მაგრამ თუ ღამით კარგად გეძინათ და მაინც დაქანცულს გამოგეღვიძათ, წამოწოლა გინდათ, ყოველდღიური საქმიანობისთვის ენერგია არ გყოფნით, მით უმეტეს – თუ უკვე რამდენიმე კვირაა, ასე გრძელდება.

რა იწვევს დაღლილობას და როგორ მოვიქცეთ, თუ ის ჩვენს ყოველდღიურ თანამგზავრად იქცა? ამ კითხვებზე “ავერსის კლინიკის” ოჯახის ექიმი მედეა ტუღუში გვპასუხობს.

– დაღლილობა – ეს არის დაქანცულობის, ენერგიის უკმარისობის შეგრძნება. ამასთან ერთად ადამიანს უქვეითდება მოტივაციაც. შესაძლოა, დაღლილობას თან ახლდეს ძილიანობა, აპათია – გარშემო მიმდინარე მოვლენებისადმი გულგრილობა.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

– რა იწვევს დაღლილობას?

– დაღლილობა ბუნებრივი პასუხია ძლიერ აქტიურობაზე, ემოციურ სტრესზე, ძილის უკმარისობაზე, თქვენ წარმოიდგინეთ, უსაქმურობაზეც. ეს არის ნიშანი, რომელიც შესაძლოა ზოგიერთ ფიზიკურ თუ მენტალურ დარღვევაზე მიუთითებდეს. თუ ადამიანს კარგად სძინავს, სრულფასოვნად იკვებება, სტრესულ გარემოს ერიდება, მაგრამ დაღლილობას მაინც უჩივის, მდგომარეობა ექიმმა უნდა შეაფასოს.

დაღლილობა და ასაკი

– დაღლილობას ასაკოვანი ადამიანებიც უჩივიან, რაც უმთავრესად ასაკთან ერთად მომრავლებული დაავადებების ბრალია. ამ ასაკში მეტია სტრესიც: ახლობლების გარდაცვალება, მატერიალური პრობლემები, შეგრძნება, რომ საკუთარ ცხოვრებას ვეღარ აკონტროლებ… ასაკში ხშირად ირღვევა ძილიც.

ბევრ მოხუცს ადარდებს მომავალი, ფიქრობს, ვინ მოუვლის, ეშინია, ახლობლებისთვის ზედმეტი არ გახდეს. გარდა ამისა, ბევრი ასაკოვანი ადამიანი უსაქმოდ რჩება, რაც მათთვის დიდი სტრესია – უჭირთ სიცარიელის ამოვსება, უმიზნოდ ცხოვრება. ამ დროს, კარგი იქნება, რაიმე სოციალურ აქტივობაში ჩაერთონ, ახალი საქმე გამონახონ, შეაფასონ თავიანთი ინტერესები და შესაძლებლობები და გარშემო მყოფებს დახმარება შესთავაზონ. შეუძლიათ, ჩაერთონ ბავშვების აღზრდაში, მათ აქეთ-იქით ტარებაში, მეცადინეობაში. თუ საკუთარი შვილიშვილები არ ჰყავთ, მეზობლების, ახლობლების ბავშვებს დაეხმარონ, სხვა ასაკოვან ადამიანებს ეწვიონ და ხელი შეაშველონ…

– რა არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და როდის ისმება მისი დიაგნოზი?

– ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ქდს) არის საკმაოდ სერიოზული, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება, რომელსაც სხეულის არაერთი სისტემა გამოჰყავს მწყობრიდან. მას მიალგიურ ენცეფალომიელიტს უწოდებენ. ამ დროს ადამიანი იმდენად უუნარო ხდება, რომ ყოველდღიური საქმიანობაც კი უჭირს. შესაძლოა, ჩაცმა, ჭამა და ლოგინიდან წამოდგომაც კი ვერ მოახერხოს. რას მიჰყავს ადამიანი აქამდე, უცნობია. სინდრომი უმეტესად 40-60 წლის პირებს ემართებათ და ქალებთან 2-4-ჯერ ხშირად აღირიცხება, ვიდრე მამაკაცებთან.

შედარებით იშვიათი ნიშნებია მხედველობის გაუარესება, შფოთვა, პანიკური შეტევა, შემცივნება და ღამის ოფლიანობა, ნაწლავის გაღიზიანება, ალერგია და მგრძნობელობის მომატება საკვებზე, სუნებზე, წამლებზე, ხმებზე, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება სახეზე, ხელებსა და ფეხებზე.

საბოლოოდ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზი ისმება: თუ ადამიანი უჩივის ისეთ დაღლილობას, რომ არათუ სხვა საქმის კეთება, საკუთარი თავის მოვლაც კი უჭირს; ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის შემდეგ გრძნობს გამოფიტულობას; უკვე ექვს თვეზე მეტია ასე გრძელდება და ექიმი მისი მდგომარეობის სხვა ახსნას ვერ პოულობს.

როგორ გავუმკლავდეთ დაღლილობას

– რას ურჩევთ მათ, ვინც დაღლილობას უჩივის?

– უპირველეს ყოვლისა, დავიცვათ რეჟიმი და ვცადოს მივხვდეთ, რა გვაცლის ენერგიას.

– როდესაც დაღლილობა ავადმყოფობითაა გამოწვეული, რა თქმა უნდა, ძირითად დაავადებას ვმკურნალობთ, მაგრამ შედეგი უკეთსი იქნება, თუ მკურნალობასთან ერთად ცხოვრების წესსაც შეიცვლით. თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არ გაქვთ, ნორმალურად იკვებეთ, იძინეთ, იაქტიურეთ და დაღლილობას ადვილად მოერევით.

წყარო:  “ავერსი” 

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ