ბავშვობა მართლაც რომ უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში: ყველა თავს გევლება, გეალერსება, განებივრებს… ეს ის ზღაპრული სამყაროა, სადაც იქცევი ისე, როგორც გინდა – ბავშვურად! სადაც აკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად გიყვარს – თამაშობ!.. ჩვენი ნება რომ იყოს, ალბათ, კიდევ დიდხანს დავრჩებოდით ამ სამყაროში… ეგებ სამუდამოდაც…

მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ბავშვის ქცევა, ნაცვლად აღფრთოვანებისა,  გაოცებას იწვევს. “ჩემი შვილი მეტისმეტად ჯიუტია და, საერთოდ, მგონი, უცნაურად იქცევა. ისე კი არა, როგორც ყველა ბავშვი, არამედ სხვანაირად” – ფიქრობენ პატარა ონავრების საქციელით გაოცებული მშობლები. მაინც რატომ იქცევიან ბავშვები უცნაურად? აქვთ თუ არა მათ ქცევის დარღვევა? რა მოვუხერხოთ ჭირვეულ ბავშვებს? ამ და სხვა საკითხების შესახებ გვესაუბრება ნეიროფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი თამარ გაგოშიძე.

– ბავშვის ნებისმიერ უცნაურ, ჩვენთვის გაუგებარ საქციელს ქცევის დარღვევას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. უმართავი ქცევა მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, ჯანმრთელი ბავშვები ხშირად ასე რეაგირებენ სტრესზე, მათთვის ემოციურად მატრავმირებელ სიტუაციაზე. ასე რომ, კონკრეტული ქცევის აღწერასა და ინტერპრეტაციას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ბავშვის ქცევის დახასიათებისას, როგორც წესი, ჩვენ მას კი არ აღვწერთ, არამედ ვაფასებთ, ამ ორ ცნებას კი ერთმანეთთან არაფერი აქვს საერთო. მაგალითად, სამსახურიდან დაბრუნებულ დედას ბებია შესჩივის: “მთელი დღე ცუდად იქცეოდა!” მაგრამ რას ნიშნავს “ცუდი ქცევა”? შეგიძლიათ, აღწეროთ ამ ბავშვის კონკრეტული საქციელი? თქვათ, სახელდობრ, რას სჩადიოდა იგი და რა იყო ასეთი ქცევის მიზეზი, მისი გამომწვევი ფაქტორი? არადა, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი.

ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ პრობლემური ქცევა, რომელიც ხშირად სიტუაციური ხასიათისაა, გარემოს მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულების შედეგია, და საკუთრივ ქცევის დარღვევა.

ტერმინით ქცევის დარღვევა აღნიშნავენ ქცევის სხვადასხვა ტიპის აშლილობას, დაწყებული დაუმორჩილებელი და დამთავრებული ანტისოციალური ქცევით. შემუშავებულია რამდენიმე კლასიფიკაციაც, სადაც აშლილობის ფორმები სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით არის გაერთიანებული, თუმცა ქცევის დარღვევები პირობითად შეიძლება შედარებით მსუბუქ და მძიმე ფორმებადაც დავყოთ.

 

. ყველაზე მეტად რა სახის ქცევითი დარღვევებია გავრცელებული ბავშვებში?

– პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია დაუმორჩილებელი, ე.წ.  ოპოზიციურ-დევიანტური ქცევა, რომელიც დარღვევის შედარებით მსუბუქი, თუმცა საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა ისტერიკა – ბრაზის უეცარი შემოტევა, რომლის რეგულირებაც მშობლებს არ ძალუძთ. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვის დამორჩილება შეუძლებელი ხდება.

დაუმორჩილებელი ქცევის დროს პრობლემის სათავე, როგორც წესი, გარემოში უნდა ვეძებოთ. ჩვენთან მოსულ შეწუხებულ მშობლებს, პირველ ყოვლისა, ვეკითხებით, სად, როგორ გარემოში იჩენს თავს ისტერიკა თუ სხვა სახის დაუმორჩილებლობა. ზოგჯერ გარეგნულად ოპოზიციურ-დევიანტურს ჰგავს ისეთი ქცევებიც, რომელიც დადებითად მტკიცდება გარემოსგან და ბავშვის შეგუების ხერხად იქცევა. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა მასწავლებელი მოწაფის მიუღებელ ქცევას ამგვარად აღწერს: “მეტისმეტად უზრდელია, წამოხტება შუა გაკვეთილზე და დარბის. ვერაფრით ვიმორჩილებ, ამიტომ საკლასო ოთახიდან ვისტუმრებ”. ბუნებრივია, საინტერესოა, რატომ იწყებს ბავშვი ასე მოქცევას მაინცდამაინც შუა გაკვეთილზე. ალბათ, ამ დროისთვის იღლება, ანდა პედაგოგი დავალების გამოკითხვას იწყებს, მოსწავლე კი თავისი საქციელით აიძულებს, კლასიდან გაუშვას, რათა ამით პასუხისმგებლობას (გაკვეთილის მოყოლას) გადაურჩეს. საბოლოო ჯამში ბავშვი შედეგით კმაყოფილია. ასე ხდება დაუმორჩილებელი ქცევის განმტკიცება, რომლის რეგულირებაც, დამეთანხმებით, სწორი მიდგომის შემთხვევაში არც ისე რთულია, რადგანაც ეს იმდენად ქცევის დარღვევა არ გახლავთ, რამდენადაც მოსწავლის მანიპულაცია მასწავლებლით.

როგორ აისახება აღზრდა ბავშვის ქცევაზე?

– დავიწყოთ იმით, რომ ბავშვმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რა რეაქცია მოჰყვება მის საქციელს უფროსების მხრივ. თუ კარგად მოიქცევა, უნდა წახალისდეს, თუ ცუდად – დაისაჯოს. ხშირად მშობლებს ეს ორი რამ ერთმანეთში ერევათ: ერთ დღეს შვილს რამისთვის რომ დასჯიან, მეორე დღეს იმავე საქციელისთვის შეიძლება შეაქონ. ბავშვი იბნევა, აღარ იცის როგორ მოიქცეს, არასასურველი ქცევა კი დადებითად მტკიცდება.

უფროსმა რეაგირება მისთვის მისაღებ და მიუღებელ ქცევებზე მნიშვნელოვნად სხვადასხვაგვარი უნდა იყოს. ხშირად უფროსები მხოლოდ მაშინ რეაგირებენ, როდესაც ბავშვის საქციელი არ მოსწონთ, “კარგ” ქცევას კი ვერ ამჩნევენ. არადა, მისაღები ქცევის წახალისება გაცილებით შედეგიანია, ვიდრე მიუღებლის დასჯა.

თუ სწორად გავიგე, ცუდი საქციელის შემთხვევაში ბავშვი ყოველთვის უნდა დაისაჯოს. ეგებ სჯობდეს, ასეთ დროს ყურადღება საერთოდ არ მივაქციოთ?

– უწინარეს ყოვლისა, განვმარტავ, რას ვგულისხმობ დასჯაში. დასჯა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ძალადობას – ბავშვის ცემას, დამცირებას, ლანძღვას. დასჯის მიზანია, არასასურველი ქცევის შედეგის მიმართ ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულება გამოვხატოთ, გამოხატვის საშუალება კი სხვადასხვაგვარია. მაგალითად, როცა მშობლები ბავშვის კონკრეტული ქცევას უარყოფითად აფასებენ და მის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ეს ბავშვზე საგრძნობლად მოქმედებს, რადგანაც მშობლები უყვართ, ისინი მისთვის ავტორიტეტები არიან. დასჯა შეიძლება ბავშვისთვის რამის (მისთვის ღირებულის, მაგალითად, ტელევიზორის ან კომპიუტერის) დროებით აკრძალვით. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვმა ზუსტად იცოდეს, რატომ დასაჯეს, რამ გამოიწვია მშობლების უკმაყოფილება.

ცხადია, შეიძლება, დადებით შედეგს არასასურველი ქცევის იგნორირებითაც მივაღწიოთ. ალბათ, გინახავთ შეწუხებული მშობლები, რომლებიც შვილის გასეირნებას მხოლოდ იმიტომ არიდებენ თავს, რომ ბავშვი ყოველ მაღაზიასა თუ ჯიხურთან ისტერიკას მართავს, მიყიდეო. არც ყვირილსა და არც სიტყვიერ გაფრთხილებას ასეთ დროს, დამეთანხმებით, აზრი არ აქვს. უმჯობესია, მოთმინება მოვიკრიბოთ და ბავშვს არ ავყვეთ, არც კი მივაქციოთ ყურადღება.

 გარდა ისტერიკისა და სიჯიუტისა, რა ნიშნებით ვლინდება ქცევის დარღვევა?

– ოპოზიციურ-დევიანტური ქცევის დარღვევის დროს ბავშვი ხშირად არ ემორჩილება უფროსებს, ეპასუხება მათ, გამიზნულად აბეზრებს თავს, სხვებს აბრალებს თავის შეცდომებს, ეჭვიანი და მეტისმეტად ეგოისტია, ხშირად ღიზიანდება, ბრაზობს, ჩხუბობს, ურტყამს სხვებს.

დარღვევის შედარებით მძიმე ფორმის (ე.წ.  დელინქვენტური ქცევის) დროს ქცევა მნიშვნელოვნად არის გადახრილი საზოგადოებრივი ნორმებიდან. ამ დროს ბავშვი ხშირად შეურაცხყოფს, აშინებს, ემუქრება სხვებს, იყენებს იარაღს, სასტიკად ექცევა ადამიანებსა და ცხოველებს, ქურდობს, ცეცხლს უკიდებს ნივთებს, სკოლას აცდენს, გარბის სახლიდან, იყენებს ალკოჰოლსა და წამლებს, ავლენს ვანდალიზმს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ უკანასკნელის ერთ-ერთი უხშირესი გამოვლინება შენობების კედლებსა და ავეჯზე წერაა.

დაბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს?

– როდესაც გსურთ, ბავშვს გაუწყრეთ, ყოველთვის საკუთარი პოზიციიდან გამოდით და აუხსენით, რომ მისი საქციელი არ მოგწონთ, მიუღებელია თქვენთვის. რეპლიკა “ცუდი ბავშვი ხარ”, “რას ჰგავს შენი საქციელი” სრულიად მიუღებელია. არაფრით არ შეიძლება ჩხუბი და ცემა, წამორტყმა, ყურის აწევა; თუ საჭიროა, სხვაგვარად დავსაჯოთ, მაგრამ ისე, რომ მისთვის ეს ისედაც მტკივნეული იყოს (ვთქვათ, ეზოში ან კომპიუტერით თამაშის აკრძალვა). ამავე დროს, აუცილებელია მისი მიღწევების, თქვენთვის მოსაწონი საქციელის დადებითად შეფასება. წახალისებისთვის მშობლის ერთი სიტყვა და ღიმილიც კი საკმარისია. ბავშვს მოთმინებით მოეპყარით – სწორედ ეს არის დაუმორჩილებლობისა და სიჯიუტის პირველი წამალი.

მათ კი, ვინც მეტისმეტად არის დატვირთული, ვურჩევ, შინ დაბრუნებისას ცოტა დრო მაინც გამონახონ შვილებისთვის. ბავშვი, რომელიც მონატრებულია დედიკოსა და მამიკოსთან ურთიერთობას, მათი ყურადღების მისაქცევად ათასგვარ ხრიკს მიმართავს, ცუდად იქცევა. ასე რომ არ მოხდეს, რაღაც ნახევარი საათი მაინც ეთამაშეთ ბავშვს ის, რაც თვითონ სურს და, რაც მთავარია, ეთამაშეთ თანატოლივით, ყოველგვარი აგრესიული შენიშვნისა და მითითების გარეშე.

  ჟურნალი ავერსი