ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სიტყვა “grit” მოდური გახდა ბავშვის განვითარებისა და განათლების წრეებში. ფსიქოლოგიაში, ის აღწერს ინდივიდის სწრაფვას, მოტივაციასა და  შეუპოვრობას დასახული მიზნის მისაღწევად.

დუქვორსის კვლევაში ყურადღება გამახვილებული იყო მოსწავლეებზე, რომლებსაც ჰქონდათ  გრძელვადიანი წარმატებები სწავლასა და ცხოვრებაში. მან აღმოაჩინა, რომ მიზანსწრაფულობის კომბინაცია თვითკონტროლთან, თავდაჯერებულობასთან და ამბიციასთან უფრო  დადებითი შედეგის მომტანი იყო, ვიდრე ინტელექტი. მაგალითად, ის ბავშვები, რომლებმაც გაიმარჯვეს ორთოგრაფიულ კონკურსში, სულაც არ იყვნენ სხვებზე ჭკვიანები. მათ უბრალოდ ბევრი იშრომეს სიტყვების შესასწავლად.

განსხვავებით ინტელექტის კოეფიციენტისგან, რომელიც შედარებით უცვლელია, მიზანსწრაფულობის უნარის განვითარება ყველას შეუძლია. ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა ის ბუნებრივად ჰქონდეს, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდით დაეხმაროთ, იყოს უფრო შეუპოვარი, რათა მიაღწიოს წარმატებას.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

პოლ ტაფი, ავტორი წიგნისა „როგორ აღწევენ ბავშვები წარმატებას“ ამბობს, რომ ინტელექტის კოეფიციენტზე მნიშვნელოვანია ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, როგორიცაა „მიზანსწრაფულობა, შეუპოვრობა, თვითკონტროლი, ოპტიმიზმი, მადლიერება, სოციალური ინტელექტი, ცხოვრების ინტერესი და ცნობისმოყვარეობა“.

მაშ, როგორ ვუბიძგოთ შვილებს მეტი მიზანსწრაფულობისაკენ?

მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა, იპოვოს საკუთარი მისწრაფება

თუ მშობელი აურჩევს საქმიანობას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბავშვი მასთან კავშირს იგრძნობს და და შეიძლება  ბევრი არ იშრომოს ამ საქმეში  წარმატების მისაღწევად. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავად იპოვოს საკუთარი მისწრაფება.

შესთავაზეთ თქვენს შვილს ისეთი აქტივობები, რომლებიც გამოიყვანს კომფორტის ზონიდან

ბევრს შეიძლება სჯეროდეს, რომ მათ აქვთ თანდაყოლილი უნარები ყველაფერში და რაღაცები გამოსდით და რაღაცები არა.  ამ რწმენის პრობლემა ისაა, რომ ბევრ ბავშვს უბიძგებს უარი თქვას  მარტივად, თუ მაშინვე არ მიაღწევს  წარმატებას. დუქვორსი გირჩევთ, რომ თქვენს შვილს მისცეთ შესაძლებლობა, შეეჭიდოს რთულ საქმეებს, ისეთებს, რომლებიც მოითხოვენ მისგან დისციპლინასა და ძალისხმევას.

ნუ შეგეშინდებათ, თუ თქვენი შვილი გამოცდის იმედგაცრუებას

როდესაც თქვენი შვილი ცდილობს დაეუფლოს ისეთ უნარს, აქტივობას ან სპორტს, რომლის ათვისებაც რთულია, ეცადეთ დაძლიოთ მისი „გადარჩენის“ სურვილი. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ შფოთვას. არ უბიძგოთ, დანებდეს პირველივე სირთულეზე. გახსოვდეთ, რომ ასე მოიპოვებს ის მედეგობას. კომპრომისის სახით შეგიძლიათ,  შესთავაზოთ ითამაშოს სეზონის ბოლომდე. თუ შემდეგში უარს იტყვის რეგისტრაციაზე, დართეთ ამის ნება. მთავარია, რომ მან იშრომოს მიზნის მისაღწევად.

განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნების მქონე მოსწავლეებს ესმით, რომ მათი ნიჭი და შესაძლებლობები შეიძლება განვითარდეს ძალისხმევით, კარგი სწავლით და შეუპოვრობით. მათ მიაჩნიათ, რომ შრომისმოყვარეობა პროცესის ნაწილია და არ სჯერათ, რომ მარცხი მუდმივი მდგომარეობაა. მისი საპირისპიროა ფიქსირებული აზროვნება, როდესაც ბავშვებს სჯერათ, რომ იბადებიან გარკვეული უნარებით და ამის შეცვლა არ შეუძლიათ.

იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნების განვითარებას, დაფიქრდით იმ შეტყობინებებზე, რომელსაც თქვენი სიტყვებით და მოქმედებით უგზავნით შვილებს. შექება ნიჭიერებისთვის  მათ მიანიშნებს, რომ წარმატების მიზეზი თანდაყოლილი ნიჭია, ხოლო პროცესზე ყურადღების გამახვილება მათ ეხმარება დაინახონ, თუ როგორ მიჰყავს ისინი ძალისხმევას წარმატებისკენ.

მიანიშნეთ თქვენს შვილს, რომ მარცხი ნორმალურია

როდესაც მშობლები დადებითად საუბრობენ შეცდომების დაშვებაზე, ბავშვები ხვდებიან, რომ შეცდომები სასწავლო პროცესის ნაწილია. ელაპარაკეთ მათ საკუთარი წარუმატებლობების შესახებ, დაეხმარეთ ალტერნატიული გეგმის შემუშავებასა და სიტუაციის სხვა მხრიდან დანახვაში.

იმსჯელეთ ძალისხმევაზე და არა მიღწევებზე

ამოცანის მიზანი არ არის სრულყოფილების  მიღწევა და თუ მუდმივად ერევით, თქვენი ბავშვი მიხვდება, რომ არ გჯერათ მისი შესაძლებლობების. ჩაატარეთ საოჯახო დისკუსიები ახალი საქმეების ან უნარების მოსინჯვის შესახებ. იმსჯელეთ ნებისმიერ გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებზე და იმაზე, თუ როგორ აპირებთ მათ მიღწევას. წაახალისეთ ოჯახის წევრები, ღიად გაგიზიარონ თავიანთი სიძნელეების და მათი გადალახვის გზების შესახებ.

იყავით მიზანსწრაფული მშობელი

ბავშვებისთვის თქვენ მისაბაძი ადამიანი ხართ. ამიტომ, აჩვენეთ თქვენი ქცევით, რომ იღებთ რთულ დავალებებს, შრომობთ მათ შესასრულებლად და არ გეშინიათ წარუმატებლობის.

წყარო: verywellfamily.com

მოამზადა: ნათია ხარბედიამ