რატომ არიან 1-3 წლამდე ბავშვები აგრესიულები?

აგრესიული ქცევა ბავშვის ნორმალური განვითარების  ნაწილია. ის იბრძვის დამოუკიდებლობისკენ, მისი ენობრივი უნარები და იმპულსების კონტროლის უნარი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, რაც უბიძგებს ფიზიკური აგრესიისკენ.  დარტყმა და კბენა სავსებით ნორმალურია ამ ასაკის ბავშვისთვის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უყურადღებოდ დატოვოთ ეს ქცევა. უთხარით, რომ აგრესია მიუღებელია და ასწავლეთ განცდების გამოხატვის განსხვავებული გზები.

 

რა მოვუხერხო ჩემი შვილის აგრესიას?

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ყვირილი, დარტყმა ან „შენ ცუდი ხარ“ სიტყვები მისი მისამართით, ვერ შეცვლის მის ქცევას, პირიქით – მას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ აგრესია ნებადართულია. მაგრამ იმის ჩვენება, თუ როგორ აკონტროლებთ თქვენს ბრაზს, ეხმარება მას საკუთარი თავის კონტროლის სწავლაში.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

 

დააწესეთ მკაფიო შეზღუდვები. დაუყოვნებლივ უპასუხეთ ბავშვის აგრესიულ ქცევას. „აიღეთ ტაიმ-აუტი“ – გაარიდეთ სიტუაციას რამდენიმე წუთით. ეს მას მისცემს დროს დამშვიდებისთვის და ასევე მოგვიანებით ის დააკავშირებს ამას მის ქცევასთან და მიხვდება, რომ დარტყმის ან კბენის გამო მოუწევს საქმიანობის შეწყვეტა.

გააცანით ლოგიკური შედეგები. თუ თქვენი შვილი ბურთის თამაშის დროს ბურთს ესვრის სხვა ბავშვებს, გაიყვანეთ დაუყოვნებლივ, დაჯექით მასთან ერთად, უყურეთ, როგორ თამაშობენ დანარჩენი ბავშვები და აუხსენით, რომ შეუძლია დაბრუნდეს უკან, თუ მზად იქნება იმისთვის, რომ ითამაშოს ბავშვების დაშავების გარეშე. თავი აარიდეთ ლექციის კითხვას: სავარაუდოდ, მას ჯერ კიდევ არ აქვს სხვის მდგომარეობაში თავის წარმოდგენის ან სიტყვიერი დასაბუთების შედეგად ქცევის შეცვლის უნარი, მაგრამ შეუძლია შედეგების გაცნობიერება.

მოკლედ უთხარით, რომ ბუნებრივია სიბრაზის შეგრძნება, მაგრამ მიღებული არ არის დარტყმა, კბენა ან პანღურის ამორტყმა. წაახალისეთ ის, მოძებნოს რეაგირების უფრო  ეფექტიანი საშუალება, მაგალითად სიტყვების გამოყენება საკუთარი თავის გამოსახატად ან უფროსისთვის დახმარების თხოვნა. სთხოვეთ, ბოდიში მოუხადოს, ვისაც აწყენინა. თავიდან შეიძლება ეს მობოდიშება არ იყოს გულწრფელი, მაგრამ დროთა განმავლობაში გაკვეთილი შედეგს გამოიღებს.

აკონტროლეთ ეკრანთან გატარებული დრო. მულტფილმები, ციფრული თამაშები და ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვა მედია საშუალებები შეიძლება შეიცავდეს ყვირილს, მუქარას და ძალადობასაც კი. უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ გადაჭარბებული დროით ეკრანის გამოყენება იწვევს ბავშვის ქცევის პრობლემებს და ხელს უშლის მათ სოციალურ და ემოციურ განვითარებას.

ამერიკის პედიატრთა ასოციაცია გვირჩევს, არ მივცეთ ეკრანის სარგებლობის უფლება 18 თვემდე ბავშვებს.  გამონაკლისია, ხანმოკლე ვიდეოზარები ახლობლებთან.

თუ თქვენი ბავშვი არის 18 თვემდე მეტი ასაკის, დაუწესეთ ეკრანის შეზღუდვა – მხოლოდ 1 საათი დღეში და მხოლოდ მაღალი ხარისხის, ასაკის შესაბამისი კონტენტი. აუცილებლად უყურეთ მასთან ერთად და აუხსენით, რა ხდება ეკრანზე. იმსჯელეთ, როგორ აგვარებენ პერსონაჟები კონფლიქტებს და როგორ შეიძლება სხვა გზებით მათი მოგვარება. არ ჩართოთ ტელევიზორი ფონად და დარწმუნდით, რომ ის არ უყურებს ზრდასრული ადამიანებისათვის განკუთვნილ გადაცემებს (კონტენტს).

უზრუნველყავით თქვენი შვილის აქტივობა. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თუ ჭარბ ენერგიას ვერ ხარჯავს, თქვენი შვილი ცუდად იქცევა სახლში. თუ თქვენი შვილი ფეთქებადი ხასიათისაა, მიეცით ბევრი თავისუფალი დრო, სასურველია გარეთ, რათა “ორთქლი გამოუშვას”.

 

წყარო: https://www.babycenter.com

მოამზადა: ნათია ხარბედიამ