როგორ დავიცვათ ზაფხულში ბავშვები ნაწლავური ინფექციებისგან?

როგორ დავიცვათ ზაფხულში ბავშვები ნაწლავური ინფექციებისგან? – ამის შესახებ გადაცემა „ანატომიასთან“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

„ზაფხულში ნაწლავური ინფექციის გავრცელების რამდენიმე გზა არსებობს. ერთია საკვები პროდუქტები. ეს შეიძლება იყოს არაპასტერიზებული რძე, დაბინძურებული წყალი, ფარშირებული ხორცი, გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული – ესაა ერთი გზა და შესაბამისად, პრევენციაც აქედან გამომდინარეობს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროდუქტები იყოს ისეთი მომზადებული, ისეთი შენახული, რომ არ გახდეს ბავშვისვის საშიში.

მეორე გახლავთ ამ პროდუქტების შენახვის რისკი. მაცივრის რეჟიმი განსაკუთრებულია. ამ ტიპის ინფექციები საკვებ პროდუქტში მრავლდება 4-დან 60 გრადუს ტემპერატურამდე. ძალიან ბევრ მაცივარს აქვს ეს რეჟიმი და 4 გრადუსის ქვემოთ პროდუქტის შენახვა იქნება სწორედ ის გარანტია, რომ ჩვენ არ გვექნება არასწორი შენახვიდან გამომდინარე ბაქტერიული ინფექციები.

მესამე წყაროა აუზები და წყალსაცავები, სადაც არ ხდება წყლის მუდმივი ცვლა. აუზები ითვლება ასეთი ინფეციების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ და შედარებით იშვიათად – ვირუსულისაც, რადგან თუ ადამიანს იმ მომენტში აქვს დიარეა ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა, ის წარმოადგენს საფრთხეს ნებისმიერი პიროვნებისთვის, რომელიც ამ აუზში ცურავს და მცირე რაოდენობის წყლის გადაყლაპვაც კი, შესაძლოა, გახდეს სერიოზული ინფექციის მიზეზი. ასე რომ, აუზი მართლაც სერიოზული წყაროა ასეთი ინფექციების.

მეოთხე წყარო – ესაა ხელის ჰიგიენა. ხელის დაბანა, როგორც კვების, ისე – საკვების მომზადების პროცესში ერთ-ერთი ის ფაქტორია, რითაც შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ეს ინფექციები“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები