როგორ დავეხმაროთ ბავშვს, გახდეს უფრო შემწყნარებელი საკუთარი თავის მიმართ

ბავშვებისა და მოზარდების ყოველდღიურობაში, არც თუ ისე იშვიათად, ისმის ისეთი ფრაზები, როგორიცაა:


„ყველაფერში გამოუსადეგი ვარ“;
„როგორი ცუდი ცხვირი/ტუჩები/ტანი მაქვს“;
„არაფერი მომწონს საკუთარ თავში“ და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ თვითკრიტიკა ნორმალურ და ბუნებრივ მოვლენად ითვლება, მსგავსი ფრაზების უკან, ხშირად, საკმაოდ მძიმე და რთული პრობლემები იმალება. არსებობს მრავალი გზა, რომლითაც შესაძლოა, უფროსმა უპასუხოს ბავშვის თვითკრიტიკას ასეთ დროს და ამ პასუხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პატარას ფსიქიკისთვის.

დაცინვის, გაბრაზების და შენიშვნის მიცემის ნაცვლად, ასეთ დროს ბავშვს უფროსისგან თანადგომა და მაქსიმალური გაგება სჭირდება. თუ ბავშვი მშობელს უზიარებს საკუთარ განცდებს, ეუბნება, რომ მას არაფერი მოსწონს საკუთარ თავში, ან განსაკუთრებით აკრიტიკებს თავის ვიზუალს ან აზროვნებას – მშობლისგან წამოსული „სწორი პასუხი“ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთ დროს მშობელს შეუძლია ბავშვს აუხსნას, რომ მოზღვავებული ბრაზი და ზიზღი საკუთარი თავის მიმართ, შესაძლოა, უბრალოდ ნეგატიური ემოციების დაგროვების შედეგი იყოს.

ასევე, აუცილებელია ბავშვს ესმოდეს, რომ მსგავსი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ ხშირი მოვლენაა, თითქმის ყველა ადამიანისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოვლენა არის ნორმა და ბავშვი უნდა შეეგუოს ამ აზროვნებას. პირველ რიგში გადასადგმელი, აუცილებელი ნაბიჯი არის ბავშვის თანდასწრებით საკუთარი თავის გაკრიტიკების შეწყვეტა. თუ პატარას ყოველდღიურად ესმის მშობლისგან საკუთარი თავის მიმართ გამოთქმული ნეგატიური აზრები – ის ითავისებს მსგავს საუბარს და მის აზროვნებაში ეს დამოკიდებულება ნორმად ყალიბდება.

ასეთ დროს უმჯობესია , თუ უფროსი ბავშვს ყოველი ნეგატიური აზრის უკან მდგომ რეალურ პრობლემას დაანახებს და მასთან ერთად შეეცდება გადაჭრას. ხაზი უნდა გაესვას ბავშვის ძლიერ მხარეებს. თუ მას გამოსდის სპორტი, სიმღერა, ხატვა, თუ კარგად ცეკვავს, უკრავს, თუ იცმევს საინტერესოდ, თუ აქვს კარგი იუმორის გრძნობა – ყოველივე ეს ფერმკრთალდება ბავშვის აზროვნებაში ნეგატიური აზრების ფონზე და აუცილებელია მშობელმა შეახსენოს პატარას მისი ძლიერი მხარეები. ბავშვს უნდა ესმოდეს: თუ მას არ გამოსდის ერთი მოქმედება, მას აუცილებლად გამოუვა მეორე, უფრო განსხვავებული რამ. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვი ხედავდეს საკუთარ პროგრესს, წინსვლებს და წარმატებებს, რაშიც მას უფროსის დახმარება სჭირდება.

ხშირად დაუსვით ბავშვს/მოზარდს მსგავსი კითხვები: „საკუთარი მოქმედებებიდან რითი ამაყობ? „ყველაზე მეტად რა მოგწონს საკუთარ თავში?“ და ასე შემდეგ. პასუხის მიღების შემდეგ, უფრო მარტივი იქნება ბავშვის გამხნევება და მისთვის საკუთარი თავის დადებითი მხარეების დანახება. თუ ბავშვის თვითშეფასება კრიტიკულ ზღვარს აღწევს და განსაკუთრებით მძიმე ხდება – უმჯობესია სპეციალისტთან ვიზიტი, რათა ოჯახმა თავიდან აიცილოს სერიოზული მენტალური პრობლემები, რომლებსაც საკუთარი თავის მიმართ მსგავსი მიდგომა ხშირად იწვევს.

სიკეთე საკუთარი თავის მიმართ სამყაროს სიყვარულისკენ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს. თუ ბავშვი მშვიდად გრძნობს თავს საკუთარ სხეულში და არ აკრიტიკებს თავის ყოველ გადადგმულ ნაბიჯს – ის გაცილებით უფრო მარტივად მოაგვარებს სხვა, უფრო რთულ და მძიმე პრობლემებს.


წყარო: developingminds.net.au
თარგმანი: Cerebrum • ცერებრუმი, ელი კონცელიძე

წყარო : marketer.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები