როგორ და რა დოზით მივაწოდოთ ბავშვს საჭირო ინფორმაცია კორონავირუსზე

დღესდღეობით, მოვლენების ელვისებრი სისწრაფით განვითარების პარალელურად, რთულია ბავშვებისა და მოზარდების ნეგატიური სიახლეებისა და ამბებისგან დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი COVID-19 იშვიათად იწვევს სერიოზულ გართულებებს მცირე ასაკის ინდივიდებში, ბავშვებს მაინც უწევთ სიტუაციით გამოწვეულ შფოთვასთან გამკლავება. შესაძლოა, უმეტესობას არასწორი ინფორმაცია მიეწოდოს თანატოლებთან საუბრისას, ან ინტერნეტსივრცეში გაზიარებული სტატიებით. შესაბამისად, ვირუსსა და ეპიდემიაზე ბავშვთან საუბარი აარიდებს მას მითების დაჯერებით გამოწვეულ შფოთვას.

რატომ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს კორონავირუსზე?
ბავშვთან პირდაპირი და სწორი საუბარი ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე უზრუნველყოფს მისი მხრიდან ჯანსაღ და ადეკვატურ რეაქციას მოვლენებზე. ვირუსზე საუბარი დაარწმუნებს ბავშვს, რომ ეს საკითხი არ წარმოადგენს ტაბუს და მას შეუძლია მშობელს თავისი აზრები და ნერვიულობა გაუზიაროს. ეს აუცილებელი ნაბიჯია, რადგან გარკვეულ თემებზე საუბრისგან თავის არიდება კიდევ უფრო ზრდის ბავშვებში დაბუდებულ შიშებს და შფოთვას.

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ბავშვს დაველაპარაკებით?

▪️ თუ ბავშვს აქვს დადგენილი მენტალური აშლილობის დიაგნოზი, უმჯობესია, საუბრის წინ სპეციალისტთან კონსულტაცია. (მაგ.: შესაძლოა დეპრესიის, შფოთვის ან ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მქონე ბავშვებმა უფრო მძიმედ აღიქვან მოვლენები). ინფორმაციის მიწოდებისას გაითვალისწინეთ ბავშვის მენტალური და ემოციური მდგომარეობა. სწორად შეარჩიეთ სიტყვები და ინფორმაციის ადეკვატური დოზა.

▪️ საუბრისას იყავით დამაჯერებელი. უმჯობესია, თუ თქვენი ტონი მშვიდი, მაგრამ ინფორმატიული იქნება. ნაცვლად იმისა, რომ თემა ნაჩქარევად და აფორიაქებულმა გახსნათ („სასწრაფოდ უნდა დავილაპარაკოთ!“) მშვიდად დაიწყეთ ბავშვის ინფორმირება („ალბათ იცი, რომ მსოფლიოში ახლა უცნაური ამბები ხდება. ეს ყველაფერი უკავშირდება გარკვეული ტიპის ვირუსს. ეს ვირუსი პატარებს იშვიათად ვნებს, თუმცა მაინც აუცილებელია შენი მხრიდან თავდაცვა.“) თუ ბავშვს უჩნდება კითხვები – ეცადეთ მაქსიმალურად გულწრფელად გასცეთ პასუხები.

▪️ შეარჩიეთ ბავშვის ასაკისთვის შესაფერისი ენა. არ შეაშინოთ ის ზედმეტად რთული და ტერმინებით გაჯერებული წინადადებებით. თუ ბავშვი 5 წლამდე ასაკისაა – ხაზი გაუსვით იმას, თუ როგორ შეუძლია მას დაიცვას თავი, ნაცვლად იმისა, რომ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებაზე გქონდეთ აქცენტი. ასწავლეთ ხელების სწორად დაბანა (მუსიკის ფონზე, ან დროის დათვლით).

▪️ თუ ბავშვი არღვევს ვირუსისგან თავდაცვის წესებს – არ უყვიროთ, ან დასაჯოთ. ზრდასრულ ადამიანებსაც ავიწყდებათ ხელების დაბანა და სახისგან ხელების მოცილება. უხეშად ნათქვამი შენიშვნა კიდევ უფრო ააფორიაქებს და შეაშინებს პატარას. ნაცვლად ჩხუბისა – წაახალისეთ ბავშვი დაიბანოს ხელები სახალისო მეთოდებით, რათა სახესთან შეხების შემთხვევაში, ნაკლები ზიანი მიაყენოს საკუთარ ჯანმრთელობას.

გახსოვდეთ, თუ გარშემო მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული შფოთვის კონტროლი თქვენც გიჭირთ – მიმართეთ სპეციალისტს (ონლაინ ან სატელეფონო ზარებით), რათა უზრუნველყოთ საკუთარი სიმშვიდე და შეძლოთ ბავშვის ჯანსაღად და ადეკვატურად ინფორმირება.


წყარო: www.psy-ed.com
თარგმანი: Cerebrum • ცერებრუმი, ელი კონცელიძე

წყარო : marketer.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები