რა უნდა ვიცოდეთ გულის თანდაყოლილი მანკებისა და ბავშვთა გულის დაავადებების შესახებ, რა სიმპტომებით ვლინდება გულის დაავადებები ბავშვთა ასაკში და როგორ მიმდინარეობს მათი მკურნალობა – ამ თემაზე  ბავშვთა კარდიოლოგმა, რადიოლოგმა ია სილაგაძემ ისაუბრა.

როგორია სტატისტიკა, რამდენად ხშირია ბავშვებში თანდაყოლილი მანკები?

გულის თანდაყოლილი მანკები მსოფლიო მასშტაბით ახალშობილების 1%-ს აღენიშნება. ეს საკმაოდ დაბალ ციფრად ჟღერს, მაგრამ საქართველოში საშუალოდ, 450-500 ახალშობილი იბადება ამ დაავადებით, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია და ვფიქრობ, საკმაოდ ყურადსაღები საკითხია.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ვლინდება თუ არა სიმპტომები დაბადებისთანავე?

სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სახის მანკთან გვაქვს საქმე. თუ მოზრდილებში თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს გულის პათოლოგოები, ბავშვებში საკმაოდ ბევრი სახის გვხვდება. დაახლოებით 200-მდე გულის მანკი არსებობს, რომლებიც შესაძლოა კომბინირებულადაც შეგვხვდეს, კლინიკა და სიმპტომატიკაც აქედან გამომდინარე ჩნდება.

გულის მანკის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია ორსულობის პერიოდში შევიტყოთ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ გულის თანდაყოლილი მანკები ძირითადად ვითარდება პირველ ტრიმესტრში, ანუ მე-18 კვირამდე, დიაგნოსტიკა კი მხოლოდ 18 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი. მუცლად ყოფნის პერიოდში გულის თანდაყოლილი მანკის არსებობის გამოვლენა უმნიშვნელოვანესია, რადგან კრიტიკული მანკები დაბადების პირველივე წუთებში საჭიროებს ჩარევას.

როდის არის აუცილებელი ოპერაციული ჩარევა, ანუ  მაინც რამდენად საშიშია გულის მანკი და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს მან?

როდესაც დგინდება გულის თანდაყოლილი მანკი, უნდა შეფასდეს, როგორც პაციენტის, ასევე გულის ზოგადი კლინიკური მდგომარეობა და პაციენტი უნდა იყოს მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. მოცდის პრაქტიკა მისაღებია, მაგრამ ის ოქროს შუალედი, რომელიც ქირურგიული ჩარევისთვის აუცილებელია, არ უნდა გაგვეპაროს.

მნიშვნელოვანია თუ არა ოპერაციამდე კონსერვატიული მკურნალობის ჩატარება?

არის შემთხვევები, როდესაც კონსერვატიული მკურნალობის ჩატარების დროც კი არ არის და პაციენტი პირდაპირ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. მაგრამ არსებობს ისეთი სახეობის გულის მანკები, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გულის კუნთის მწყობრში მოყვანას, კონსერვატიულ მკურნალობას და შემდეგ უკვე უნდა ვიფიქროთ ქირურგიულ ჩარევაზე.

ქირურგიული მკურნალობის ორი ტიპი არსებობს, პალიატიური ანუ დამხმარე, დროებითი ოპერაცია და რადიკალური კორექცია, რა დროსაც ერთი ქირურგიული ჩარევით სრულად აღმოიფხვრება არსებული პრობლემა. პალიატიური მკურნალობა გვჭირდება კრიტიკული მანკების დროს, როდესაც ვერ იცდის სიტუაცია, ვერ ხერხდება სისხლის გაწმენდა, და საჭიროა დამატებითი სისხლძარღვის მიკერება, რათა დაეხმაროს სისხლის ჟანგბადით გაჯერებაში. რადიკალური კორექციისთვის ოპტიმალური ასაკი და წონა უნდა მოიძებნოს, რადგან გულშიდა დიდი ზომის ხვრელების დროს გლობალური ჩარევები ხდება და მძიმე პოსტოპერაციული პერიოდით ხასიათდება.

რა არის გულის მანკის განვითარების წინაპირობა, ეს არის გენეტიკა თუ რაიმე სხვა ფაქტორები?

გენეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობს გულის მანკის გარკვეული სახეობები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია და ასოცირებულია გენეტიკურ ქრომოსომულ ანომალიებთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების პირობები, წესი, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება ორსულობის პერიოდში, გამოყენებული მედიკამენტები,  რომლებიც ნაყოფზე ცუდად მოქმედებს, გადატანილი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რომედესაც ფორმირდება ორგანოები. გული ძალიან საინტერესოდ ფორმირდება, მანამ, სანამ გული ჩამოყალიბდება ის ტრიალებს, სანამ თავის ადგილზე დადგება ბევრი გზა უნდა გაიაროს, ჩამოყალიბდეს გულშიდა ტიხრები, მისგან გამომავალი სისხლძარღვები კარგად განვითარდეს. გული ძალიან გავს ძრავას, მასში შემავალი მომტანი და გამომტანი სისხლძარღვები არსებობს, რთული ორგანოა, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება.

 ბიჭებში  უფრო ხშირია გულის თანდაყოლილი მანკები, თუ   გოგონებში?

ლურჯი მანკები უფრო მეტად დამახასიათებელია ბიჭებისთვის, მკრთალი მანკები კი გოგონებისთვის. დაახლოებით 50/50%-ზეა, შეიძლება ითქვას.

რა ხდება ოპერაციის შემდეგ, ანუ როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ეს ბავშვები?

ეს დამოკიდებულია გულის პათოლოგიის სახეობაზე. არსებობს მარტივი მანკები, რომლებიც ერთი ოპერაციით უკვალოდ ქრება, უბრალოდ კონტროლს საჭიროებს. მაგრამ არის შემთხვევები,  მაგალითად  როდესაც ადამიანის გული ოთხი კამერისგან უნდა შედგებოდეს და სახეზეა ერთი წინა გული, ერთი პარკუჭი. ასეთი გულის ბოლომდე მწყობრში მოყვანა ვერ ხერხდება და გარკვეულ ასაკს როდესაც აღწევენ ეს ბავშვები, გულის გადანერგვის კანდიდატები არიან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიტუაციის და სირთულის მიუხედავად, ყველაფერი გავაკეთოთ საუკეთესო გამოსავლის მოსაძებნად.

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ