როგორ აისახება მშობლების ჩხუბი ბავშვზე ?

არაფერი საშიში არ არის იმაში, რომ მშობლები ზოგჯერ კამათობენ. მაგრამ ის, თუ როგორ აკეთებენ ამას, სხვადასხვაგვარად აისახება ბავშვების ჯანმრთელობაზე. სახლში არსებული ატმოსფერო მართლაც გრძელვადიან გავლენას ახდენს შვილის განვითარებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, და აქ მთავარი მხოლოდ მშობელს და შვილს შორის ურთიერთობა არ არის. მშობლების ერთმანეთთან დამოკიდებულება შეიძლება ბავშვის ცხოვრების ყველა სფეროზე აისახოს – მისი ფსიქიკიდან დაწყებული, დამთავრებული სწავლაში წარმატებებსა და მომავალი ურთიერთობების ფორმირებაზე.

კონფლიქტს ბავშვები 6 თვიდან გრძნობენ

BBC-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში მრავალწლიანი კვლევების თანახმად, რომლებიც ეფუძნებოდა ოჯახებში და შემდგომი ზრდის პროცესში ხანგრძლივ დაკვირვებას ბავშვების ქცევაზე, დადასტურდა, რომ ოჯახში კონფლიქტური სიტუაციის დროს უკვე 6 თვისას ბავშვს გულისცემა უჩქარდება და გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონ კორტიზოლს.

სხვადასხვა ასაკის ბავშვებს შეიძლება გამოუვლინდეთ თავის ტვინის განვითარების დარღვევის ნიშნები, ძილის აშლილობა, შფოთი, დეპრესია, ქცევითი და სხვა სერიოზული პრობლემები როგორც შედეგი ღრმა ან ქრონიკული ოჯახური კონფლიქტის პირობებში ცხოვრებისა.

მსგავსი პრობლემები უვლინდებათ ბავშვებს, რომლებიც მშობლებს შორის ნაკლებად გამოხატული, მაგრამ პერიოდულად ფეთქებადი კონფლიქტის პირობებში ცხოვრობენ, რადგან ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც შეუძლიათ მოლაპარაკება და სადავო საკითხების გადაწყვეტა, მსგავსი გამოვლინებები ნაკლები აქვთ ან საერთოდ არ აქვთ.

ოჯახური ჩხუბი ბავშვებზე სხვადასხვაგვარად აისახება

მაგალითად, მიჩნეული იყო, რომ განქორწინება ან მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრების გადაწყვეტილება, თითქოს ყოველთვის დამღუპველად აისახებოდა ბავშვების უმრავლესობაზე. თუმცა დღეს ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვებს უფრო მეტ ზიანს აყენებს სწორედ ჩხუბი, რომელიც მშობლებს შორის ხდება გაყრამდე, გაყრის დროს და გაყრის შემდეგ, ვიდრე უშუალოდ განქორწინება.

ასევე, ადრე მიჩნეული იყო, რომ კონფლიქტზე ბავშვის რეაქციაში გადამწყვეტ როლს თამაშობდა მემკვიდრეობითობა. სიმართლეა, რომ ბუნებრივი ფაქტორი მთავარია ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში; მემკვიდრეობითობა არსებით როლს თამაშობს ისეთი საპასუხო რეაქციების წარმოქმნაში, როგორებიცაა შფოთი, დეპრესია და ფსიქოზი. თუმცა სახლის ატმოსფერო და აღზრდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვთა ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ფსიქიკური დაავადებებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება შეიძლება გაღრმავდეს ან პირიქით, გაუმჯობესდეს ოჯახში არსებული სიტუაციის მიხედვით. და აქ მშობლებს შორის ურთიერთობის ხარისხი გადამწყვეტია, მიუხედავად იმისა, ერთად ცხოვრობენ ისინი თუ ცალ-ცალკე და არიან თუ არა ბავშვის სისხლით ნათესავები.

რა ტიპის კონფლიქტი აზიანებს ბავშვს ყველზე მეტად

ბავშვი კიდევ უფრო მძიმედ განიცდის, თუ ჩხუბი მშობლებს შორის მის გამო ხდება, რადგან ასეთ დროს ის საკუთარ თავს ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ მშობლების კონფლიქტზე პასუხისმგებელია. ნეგატიური შედეგი შეიძლება აისახოს ჩვილებში ძილის აშლილობასა და გონებრივი განვითარების დარღვევებზე; უმცროსკლასელებში შფოთსა და ქცევით პრობლემებზე; დეპრესიასა და სწავლაში შეფერხებებზე უფროსკლასელებსა და მოზარდებში.

საყოვეთაოდ ცნობილია, რომ ყველაზე მეტად ბავშვებს ოჯახური ძალადობა აზიანებს, თუმცა მეცნიერებმა დღეს დაასკვნეს, რომ ბავშვისთვის ზიანის მისაყენებლად აუცილებელი არაა მშობლების მხრიდან აგრესიის ან ერთმანეთის მიმართ ბრაზის გამოხატვა. ბავშვების ემოციური, ქცევითი და სოციალური განვითარება ზიანდება მაშინაც, როდესაც მშობლები საკუთარ თავში იკეტებიან და ერთმანეთის მიმართ ნაკლებ სითბოს გამოხატავენ. ასევე, მშობლებს შორის ცუდი ურთიერთობა არამხოლოდ აისახება ბავშვებზე, არამედ, როგორც ამას კვლევები ადასტურებს, ნეგატიური გამოცდილება შეიძლება მომდევნო თაობებზეც გავრცელდეს.

2 წლიდან ბავშვები მშობლების ქცევას ძალიან ყურადღებით აკვირდებიან

კვლევების თანახმად, დაახლოებით 2 წლიდან (შეიძლება უფრო ადრეც) ბავშვები ყურადღებით აკვირდებიან მშობლების ქცევას. ისინი ხშირად გრძნობენ კონფლიქტის მომწიფებას, მაშინაც კი, როდესაც მშობლები ფიქრობენ, რომ შვილებს არაფერი ესმით და ვერაფერს ხედავენ, რადგან ისინი „ჩუმად“ ჩხუბობენ. აქ მთავარია, თუ როგორ განმარტავენ ბავშვები ჩხუბის მიზეზებს და იმ შედეგებს, რაც მას პოტენციურად შეიძლება მოჰყვეს. ისინი ასეთ დროს ძველ გამოცდილებას ეყდრდნობიან და იმაზე ფიქრობენ, გადაიზრდება თუ არა მორიგი ჩხუბი ხანგრძლივ კონფლიქტში, რომლის მონაწილეებიც შეიძლება თავადაც გახდნენ და ემუქრება თუ არა ოჯახის სტაბილურობას საფრთხე, რაც ზოგიერთ ბავშვს განსაკუთრებით ანერვიულებს, რადგან ასეთ დროს თავადაც მშობლებთან ურთიერთობების გაუარესების ეშინიათ.

კონფლიქტი გოგოზე და ბიჭზე შეიძლება სხვადასხვაგვარად აისახოს

კვლევების თანახმად, ბიჭებს და გოგოებს ოჯახურ კონფლიქტზე შეიძლება სხვადასხვა რეაქცია ჰქონდეთ: საბოლოო ჯამში, გოგოებს შეიძლება ემოციური, ბიჭებს კი ქცევითი პრობლემები გაუჩნდეთ.

ბავშვების ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშობლების მხარდაჭერა და მათი ურთიერთობა, რაც  გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთ მოამზადებს მათ ჯანმრთელი ურთიერთობისათვის პირად ცხოვრებაში.

ასევე ბავშვებზე ძალიან დადებითად მოქმედებს მშობლების მიერ მათთვის თავიანთი უთანხმოების მიზეზების ახსნა. მათ შეიძლება კარგი გაკვეთილიც მიიღონ და ისწავლონ ოჯახს მიღმა საკუთარი ემოციების და ურთიერთობების უკეთ მართვა, თუ მშობლები მშვიდობიანად გადაწყვეტენ თავიანთ სიტყვიერ დაპირისპირებას.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები