რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის ნუშურა ჯირკვლებს, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ანგინამ, როდის არის გარდაუვალი გლანდების ოპერაცია და რა თანამედროვე მეთოდები გამოიყენება ოპერაციის დროს – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ცნობილმა ექიმმა , ოტორინოლარინგოლოგმა ზაზა ხუციშვილმა ვრცლად ისაუბრა.

რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის ნუშურა ჯირკვლებს?

პირველ რიგში, საუბრი უნდა დავიწყოთ ხახის ლიმფოიდური სისტემით. ის შემოიფარგლება ნუშურა ჯირკვლებით, სასისტონზილებით, რაზეც თქვენ აქცენტს აკეთებთ. ასევე ენის ძირის ტონზილიტით და ცხვირ–ხახის ადენოდით. ესაა პირველადი ბარიერი, როცა გარემოდან ვიღებთ ჩვენთვის უცხოს, ჰაერს, საკვებს , სასმელს და მასში შემავალ ბაქტერიებსა და ვირუსებს. პირველ დარტყმას თავის თავზე ყოველთვის იღებს ლიმფური სისტემა და პირველი კარიბჭეც არის ხახის ლიმფური სისტემა. ამ სამი ჩამოთვლილი კომპონენტიდან ყველაზე ხშირი პრობლემით ჩვენთან მოდიან ანგინებით.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ანგინა არის ასისტონზილის ანთებითი დაავადება, რომელიც ხშირია  ბავშვებში, მოზარდებში და იშვიათად, მოზრდილებში. ცალსახად იმის თქმა, რომ ესაა ბავშვების ან ასაკში მყოფი ადამიანების დაავადება, არ შეიძლება. ანგინა არის მწვავე დაავადება ანუ მწვავე ტონზილიტი. მართალია ყოფით ცხოვრებაში ამას უფრო მეტად ანგინასა და ტონზილიტს უწოდებენ, სინამვილეში კი ტონზილები არის გლანდები, რომლის პრობლემითაც ხშირად გვაკითხავენ. ძირთადად ეს პრობლემა არის ორგვარი, მწვავე და ქრონიკული.

ჯერ ყურადღება გავამახვილოთ მწვავე ტონზილიტზე. ის მიმდინარეობს ყელის ტკივილით, ტემპერატურით, ყლაპვის გაძნელებით, თავის ტკივილით, დისკომფორტით. ძირითადად გვხვდება ბაქტერიული ან ვირუსული გენეზის. ხშირ შემთხვევაში არის ბაქტერიული ფონი, თუმცა შესაძლოა იყოს ვირუსულიც, ან ორივეს ერთად თანხვედრა. როგორ განვასხვავოთ მწვავე და ქრონიკული ფორმები. მწვავე იწყება ძლიერ შეტევით, ტკივილებით, ყლაპვის გაძნელებით და მკურნალობის შემდეგ, ვირუსული ფონის დროს, საკმარისია ანალგეტიკები და სითხეები. თუ აქ ერთვის ინფექცია, მაშინ დგება ანტიბიოტიკოთერაპიის აუცილებლობა. ამ დროს პრობლემა მარტივად ლაგდება და შესაძლოა, მან წლების მანძილზე არც შეგვაწუხოს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა თვითონ ასისტონზილები და პირხახის ლიმფური სისტემა ხდება ინტოქსიკაციური ორგანიზმისთვის. ანუ მან დაკარგა თავისი დამცველობითი ფუნქცია, პირიქით აქეთ უშვებს ალერგენებს, აქვეითებს იმუნიტეტს და იწყებს ორგანიზმის ინტოქსიკაციას.

რა სიმპტომებით ვლინდება თქვენს მიერ ნახსენები  ინტოქსიკაციის პროცესი?

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ასე გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქრონიკული ტონზილიტი უნდა ამოიკვეთოს, იმის გამო, რომ წელიწადში სამჯერ ან ხუთჯერ არის  ანგინა, თანმხლები მაღალი სიცხეებით, ჩირქოვანი ნადებებით და ა.შ, დღეს მცდარია. ადამიანის იმუნიტეტი 21-ე საუკუნეში არის საგრძნობლად შეცვლილი. ამიტომ სტანდარტული სქემა არ მუშაობს. შესაძლოა, წელიწადში ხუთჯერ საერთოდ არ იყოს ანგინა, სამაგიეროდ ის იწვევდეს ორგანიზმისთვის ისეთ შეუქცევად პროცესებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, რევმატიული თუ შარდსასქესო სისტემის დაავადებები.

ხშირ შემთხვევაში მწვავე ტონზილიტის გამომწვევი მიზეზი არის ძლიერი ინფექციური დაავადებები. როგორიცაა წითელა, ჩუტყვავილა, ყივანახველა. ძალიან ხშირად ინფექციური მონონუკლეოზი ანგრევს ლიმფურ სისტემას.

პრაქტიკაში გვხვდება პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს ინფექციური დაავადება და მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არაფერი აწუხებდათ, ამის მერე მათ ჯანმრთელობას პრობლემა შეექმნა. პაციენტს აღენიშნება ყელის ტკივილი, ზოგადი სისუსტე , სახსრების ტკივილი და პირველი ინდიკატორი არის სპეციფიკური სუნი. ამის სიტყვებით აღწერა რთულია, მაგრამ, ფრაქტიკაში ეს ხშირია. რაც შეეხება უშუალოდ შეფასებას, ამ შეფასებას იძლევა ოტორინოლარინგოლოგი.

რა არის ტონზილექტომისი ანუ გლანდების ოპერაციის პირდაპირი ჩვენება?

ძირითადი მიზეზი, რაც ბავშვებში გვხვდება, ესაა მართლაც ხშირი ანგინები. არა წელიწადში ორჯერ ან სამჯერ, არამედ შესაძლოა ბავშვს ანგინა ჰქონდეს სამ თვეში ხუთჯერ. ჰქონდეს ჩატარებული სხვადასხვა ანტიბიოტიკოთერაპიული კურსები და შედეგი იყოს ნული. ანუ ბავშვმა მიიღოს სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკები, იმკურნალოს პედიატრთან, ოტორინოლარინგოლოგთან, მიიღოს სხვადასხვა მედიკამენტები და კვლავ გაჩნდეს იგივე პრობლემა. აქ უნდა განისაზღვროს ქირურგის მიერ, ხომ არა არის მწვავე ინფექციური დაავადება. იმიტომ რომ ხშირად ინფექციური მონონუკლეოზიც სწორედ ამ კლინიკით მიმდინარეობს. გვგონია, რომ ვებრძვით კონკრეტული ორგანოს ანთებას და  სინამდვილეში კი არის ინფექციური დაავადება. ეს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით დგინდება. თუ ეს ფონი გამორიცხულია, კლინიკა იძულებულს გვხდის წავიდეთ ოპერაციულ მკურნალობაზე. სხვა გამოსავალი ფაქტიურად არ რჩება. ეს არაა მხოლოდ გლანდების პრობლემა, ხშირ შემთხვევაში აქ ერთვება ადენოიდიც, იმიტომ რომ ის თითქმის ერთი ფუნქციის მატარებელია. ორივეს ბაქტერიებთან და ვირუსებთან უწევთ ბრძოლა და ხდება ადენოიდის ჰიპერტროპია, იქაც იწყება ანთებითი ცვლილებები, ცხვირხახაში ჩანადენი, რომელიც აღიზიანებს ასისტონზილებს და ქვედა სასუნთქ გზებს. ხშირ შემთხვევაში ის ხველის გამომწვევი მიზეზიც ხდება სინუსიტებთან ერთად. ანუ ბავშვების შემთხვევაში ძირითადი მიზეზი არის ხშირი ანგინა. ასევე უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, დღის ნებისმიერ მონაკვეთში და დაღლილობა. როცა უსიამოვნო სუნზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ პირის ღრუს ზოგადი მდგომარეობა, ბავშვებში ხშირია კარიესი და ასევე, კუჭ-ნაწლავის პარაზიტები. თუ ზემოთჩამოთვლილი პრობლემები გამორიცხულია, გვრჩება გლანდების პრობლემა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ისეთი სიმპტომი, როგორიცაა სისუსტე. მშობელი ამჩნევს, რომ სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ბავშვი მივარდნილი და ადინამიურია. ეს უკვე ორგანიზმის ინტოქსიკაციის ნიშანია. ამ დროს შესაძლოა სულაც არ იყოს წელიწადში ოთხი ან ხუთი  ანგინა, მაგრამ მოდიოდეს თხევადი ჩირქი. ასეთი ჩივილებით ექიმთან მოსულ პაციენტს უტარდება ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევები. პირის ღრუს დათვალიერებით ვახდენთ შეფასებას, რასთან გვაქვს საქმე. გლანდები არსებობს ჰიპერთროფირებული, ანუ გადიდებული. არის ნორმატროფირებული ანუ საშუალო ზომის და ატროფიული ფორმის ანუ განლეული.

ჰიპერთროფირებული გლანდების დროს ვახდენთ შპატელით ანუ პირის დეპრესორით სასინტონზილებზე ზეწოლას. ხშირ შემთხვევაში, როცა იქ მიდის ჩირქოვანი პროცესები, გამოიყოფა არა მარტო კაზეოზური სუნიანი კრისტალური მასები, არამედ, თხევადი ჩირქი. სწორედ ეს თხევადი ჩირქი განაპირობებს ტოქსინების სისხლში და პლაზმაში გადასვლას, რაც იწვევს ზოგად სისუსტეს

თუ ოპერაცია დროულად არ გაკეთდა, შემდეგ რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?

მწვავედ და ელვისებურად გართულებები არ ვითარდება, ეს ხდება თანდათან. ასევე , როცა სახეზეა გულის სხვადასხვა მიკროდეფექტები, მანკები, ქორდები, ნაკლოვანებები, სასურველია მოხდეს გლანდების დროული მოცილება, რადგან  ტონზილებში ყოველთვის არსებობს ინფექციის რისკი, რაც შედმგომში არის მაპროვოცირებელი გულის სხვადასხვა დაავადებების. ასევე ეს ეხება თირკმელებს, გლომერლონეფრიტი, თუ ის ანამნეზშია, ასევე აუცილებელია ტონზილების მოცილება. ნაღვლის ბუშტის ანთება და რევმატიული ცვლილებები.

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ