როდესაც ბავშვი ამბობს: „მინდა თავი მოვიკლა“

სიტყვები „მინდა თავი მოვიკლა“ ყველაზე საშინელი ფრაზაა მშობლის ცხოვრებაში, რაც შეიძლება შვილისაგან გაიგოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაზა ნამდვილად ასახავს ბავშვის სტრესს, მნიშვნელობა შეიძლება სიტუაციის მიხედვით იცვლებოდეს. ხანდახან სიტყვები რეალობაზე უარესად ჟღერს, თუმცა მისი მნიშვნელობა არასდროს უნდა უგულებელვყოთ. ამ თემაზე საუბრობს მშობლობის ექსპერტი, ოჯახთა და ბავშვთა თერაპევტი, მერი ვალასი.

„არც ისე დიდი ხნის წინ, ოთხი წლის ბავშვის მშობლებისაგან ზარი მივიღე. როგორც აღმოჩნდა, ბაღში ბავშვმა მასწავლებლებს უთხრა ფრაზა: „მინდა თავი მოვიკლა“. მასწავლებლებმა და დირექტორმა ეს ფაქტი დაუყონებლივ შეატყობინეს მშობლებს, რომლებმაც შემდგომ მე მომმართეს ფსიქოლოგიური შეფასებისთვის.

როგორც მშობლებისგან გავიგე, მათ ცოტა ხნის წინ მეორე შვილი შეეძინათ, რის გამოც უფროსი გოგონა მუდმივ სტრესს განიცდიდა. ბავშვი მანამდე ძალიან მშვიდი და დამჯერი იყო, თუმცა ახალშობილის გაჩენის შემდეგ მშობლებს ხშირად ურტყამდა, კბენდა და მათ ნათქვამს აღარ უსმენდა.

როდესაც ბავშვს გავესაუბრე, ვკთხე, რამე ხომ არ აწუხებდა, მან თქვა, რომ მშობლები მისთვის ვეღარ იცლიან, რომ ჩვილი მუდმივად ტირის, ის კი ოთახში ზის და დედ-მამის მოსვლას ელოდება, თუმცა ისინი არ ჩანან. „მათ მე აღარ ვუყვარვარ“- თქვა გოგონამ. მე ვეცადე დამერწმუნებინა, რომ მშობლებს ცხადია ის ისევ უყვართ და ვეცადე ამელაპარაკებინა ბრაზსა და სევდაზე, რადგან ემოციებზე ლაპარაკი ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში, მინდოდა მას ბრაზი ვერბალურად გამოეხატა, რადგან რა ასაკისაც არ უნდა იყოს ბავშვი, როდესაც ის თვითმკვლელობაზე იწყებს საუბარს, მიგვანიშნებს, რომ მას არ შეუძლია სიტუაციისა და გარშემომყოფების კონტროლი, ამიტომ აგრესიას საკუთარი თავისკენ მიმართავს (უმეტესწილად, სიტყვებით და არა ქმედებებით).

მას შემდეგ, რაც ბავშვი საკუთარი გრძნობებისა და ემოციების ვერბალიზებას დაიწყებს, ნაკლებად მოსალოდნელია რომ მან თავს საფრთხე შეუქმნას. ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვის პროფესიონალთან მიყვანა, როდესაც მას დეპრესიული გუნება-განწყობილება, ან სუიციდური აზრები აღენიშნება.

გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, იმ შემთხვევისთვის თუ თქვენი შვილი თვითმკვლელობაზე საუბარს დაიწყებს:

თუ ბავშვი ამ განცხადებას აკეთებს, ყოველთვის მიუდექით სერიოზულად და ყურადღებით მოუსმინეთ. განსაკუთრებით მოზარდებს, რადგან მათ უკეთ აქვთ გააზრებული ამ სიტყვების მნიშვნელობა და საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ. ხშირ შემთხვევაში, ამ ფრაზით ისინი შველას ითხოვენ.

ყოველთვის უპასუხეთ პოზიტიურად, მაგ. უთხარით, რომ ძალიან გიყვართ და არ გინდათ მას რამე ცუდი შეემთხვას. სთხოვეთ, გაგიზიაროთ განცდები. იმ შემთხვევაშიც, თუ ფიქრობთ, რომ ამით თქვენზე მანიპულირებს, არ უთხრათ, რომ თუ უნდა, შეუძლია ასეც მოიქცეს.

თუ იცით რომ ბავშვი გაბრაზებულია, რადგან ვერ მიიღო ის, რაც უნდოდა, ეცადეთ გაუგოთ და გამოიჩინოთ ემპათია. მაგ. უთხარით, რომ იცით რასაც გრძნობს და რომ ეცდებით შემდეგში ეს თხოვნა შეუსრულოთ.

დააკვირდით, როგორ ლაპარაკობს ბავშვი სუიციდზე. თუ ატყობთ რომ მას გარკვეული გეგმა აქვს, მაგ. სუიციდის რომელიმე კონკრეტულ ხერხზე საუბრობს, აუცილებელია მყისიერი რეაგირება.

და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ ზრდასრულები ამ ფრაზას ხშირად სიტყვის მასალად იყენებენ, ხოლო რაც შეეხება ბავშვებს, მათთან უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ისინი ყველა მოვლენას უფრო მძაფრად განიცდიან და იმპულსის კონტროლიც ნაკლებად შეუძლიათ.“

მასალა მოამზადა : მარიამ კვერნაძემ 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები