რისი მომზადება შეგიძლიათ ჭყინტი სიმინდისგან? – 4 აუცილებლად ჩასანიშნი რეცეპტი

მიხარშული ჭყინტი სიმინდი – ზაფხულისა და ზღვის პირდაპირი ასოციაციაა!

არსებობს ვინმე, ვისაც ეს მარცვლეული არ უყვარს?

მაგრამ ალბათ ცოტა თუ იყინებს ჭყინტ სიმინდს სხვადასხვა კერძში. ან მის მოსახარშად განსაკუთრებულ რეცეპტს იყენებს.

ყურადღება!

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რამდენიმე არაჩვეულებრივი რეცეპტი:

ნოყიერი კარტოფილის სალათა, ბეკონით, წითელი ხახვითა და ჭყინტი სიმინდით

ძმრითა და ტკბილი სიმინდით მომზადებული სოუსი – ეს ორი ინგრედიენტი კარტოფილის სალათს განსაკუთრებულ არომატსა და პიკანტურობას სძენს.

ინგრედიენტები:

კარტოფილი 900 გ

ბეკონის თხელი ფირფიტები 6 ნაჭერი

ზეითუნის ზეთი 3 სუფრის კოვზი

ღვინის ძმარი (წითელი) 2 სუფრის კოვზი

დიჟონის მდოგვი 1 სუფრის კოვზი

მოხარშული ჭყინტი სიმინდი (შესაძლოა გამოიყენოთ კონსერვი) 60 გ

წითელი ხახვი 1/2 თავი

რუკოლა 40 გ

ქორფა ოხრახუში, მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

კარგად გარეცხეთ კარტოფილი, დაასხით ცივი წყალი, დადგით ცეცხლზე, როგორც კი წამოდუღდება, დაუმატეთ ქვაბში 2 სუფრის კოვზი მარილი, დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და შედგით გამდინარე ცივი წყლის ქვეშ.

შეწვით ბეკონის ფირფიტები ორივე მხრიდან მაღალ ცეცხლზე (არ დაგეწვათ, ფრთხილად იყავით), 6-8 წუთის განმავლობაში, სანამ ორივი მხრიდან კარგად არ დაიბრაწება. შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი და დაჭერით მსხვილ კუბიკებად.

ერთმანეთში შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ღვინის ძმარი, მეოთხედი ჩაის კოვსი მარილი და პილპილი.

დაჭერით მოხარშული და გაფცქვნილი კარტოფილი მსხვილ კუბიკებად, მოათავსეთ ღრმა ჯამში, დაუმატეთ ზეითუნის ზეთისა და ძმრის სოუსი, აურიეთ ფრთხილად. დაუმატეთ შემწვარი ბეკონი, სიმინდის მოხარშული მარცვლები, წმინდად დაჭრილი წითელი ხახვი, რუკოლა და ქორფა ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!

ენჩელადა ქათმითა და სიმინდით

ენჩილადა – ტრადიციული მექსიკური კერძია: თხელი ლავაში (ტორტილა), რომელშიც გულსართია გახვეული.

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე მოხარშული 170 გ

ჩინური კომბოსტო 1 პატარა თავი

მწვანე ან ყვითელი პომიდორი 900 გ

ნიორი 2 კბილი

წიწაკა გალაპენო 1 ცალი

ზეთი 1 ჩ/კ

ქინძი დაჭრილი 3/4 ჭიქა

ლაიმის წვენი 2 ს/კ

მოხარშული ჭყინდი სიმინდის მარცვლები (ან კონსერვი) 2 ჭიქა

ყველი ფეტა 1/2 ჭიქა

ტორტილას ფირფიტები 8 ცალი

სალათის ფოთლები 1 კონა

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ხელით დახიეთ ჩინური კომბოსტოს ფოთლები, პომიდორი დაჭერით შუაზე. გალაპენოს წიწაკა გაათავისუფლეთ თესლისგან. დაძენძეთ მოხარშული ქათმის ფილე. ფეტა დაფშვენით. სალათის ფოთლები წვრილად დაჭერით.

გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. ჩინური კომბოსტო მოათავსეთ მიკროტალღურისთვის განკუთვნილ სპეციალურ თასში დაასხით წყალი, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი ისე, რომ ერთი კუთხე დაუტოვოთ ღია. მოათავსეთ 8 წუთით მიკროტალღურ ღუმელში, სანამ კოპმბოსტო არ მოიწალება. შემდეგ გადაწურეთ.

პომიდორი, ნიორი (გაუფცქვნელი) და გალაპენო გაშალეთ ღუმელის ფირფიტაზე, აურიეთ ზეთი და შედგით გახურებულ ღუმელში 3 წუთით, სანამ ოდნავ არ მოითუშება, ერთხელ ამოურიეთ. გამოდგით ფირფიტა ღუმელიდან და გააგრილეთ. ღუმელს დაუკელით 200 გრადუსამდე.

გაფცქვენით ნიორი, გადაიტანეთ ბლენდერის ჭიქაში, დაუმატეთ მოწალული კომბოსტო, პომიდორი, წიწაკა გალაპენო, 0,25 ჭიქა დაჭრილი ქინძი, ლაიმის წვენი, 0,25 ჩ/კ მარილი, ახალდაფქული შავი პილპილი, დააბლენდერეთ ინტენსიურ რეჟიმზე. მიღებული პიურეს მასის ნახევარი გაანაწილეთ ღუმელის ფირფიტაზე.

დიდ ჯამში ერთმანეთში აურიეთ სიმინდი, ქათმის დაძენძილი ფილე, 2 ჭიქა დაბლენდერებული პიურე, დაქუცმაცებული ფეტას ნახევარი, 0,125 ჩ/კ მარილი.

ტორტილას ფირფიტები გადაახვიეთ სველ და გაწურულ ჩაის ტილოში და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 1 წუთის განმავლობაში მაღალ სიძლიერეზე.

თითოეული ტორტილას ფირფიტის შუაგულში მოათავსეთ 0,5 ჭიქა ქათმის ფილესგან მომზადებული გულსართი და მჭიდროდ გადაახვიეთ.  რულეტები გადანაკეცის მხირადან დაბლა დაალაგეთ ღუმელის ფირფიტაზე, რომელზეც უკვე განაწილებული გაქვთ დაბლენდერებული პიურეს მასის ნახევარი, ზემოდან მოასხით დარჩენილი პიურე და მოაყარეთ დაქუცმაცებული ფეტა.  გადააფარეთ ტყვიის ქაღალდი და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი სალათის ფოთლები და ქინძი.

 

სალსა სიმინდით

ეს სოუსი შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვებსაც მოხარშული საქონლის ან ქათმის ხორცთან ერთად.

ინგრედიენტები:

პომიდორი 4 ცალი

სიმინდის მარცვლები 1/2 ჭიქა

ოხრახუში 1 კონა

ლიმონის წვენი 2 ს/კ

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

თასში ერთმანეთში აურიეთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, მოხარშული სიმინდის მარცვლები, დაჭრილი ოხრახუში.

მოასხით ლიმონის წვენი, დაუმატეთ მარილი და ახალდაფქული შავი პილპილი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით

 

გრილზე მომზადებული სიმინდის ტარო

დროა შევწვათ ჭყინტი ტარო გრილზე და მივიტანოთ სუფრასთან სასურველ კერძებთან ერთად.

ინგრედიენტები:

ჭყინტი სიმინდი 6 ცალი

სოუსისთვის:

მაიონეზი 3 ს/კ

ლაიმის წვენი 1 ს/კ

ხმელი პაპრიკა მწიკვი

მარილი მწიკვი

პარმეზანი (არ გახეხოთ) 150 გ

მომზადება:

გაახურეთ გრილი, სიმინდი ბოლომდე არ გაფცქვნათ, უბრალოდ  გადაწიეთ ფოთლები და შეკარით კულინარიული ძაფით, მოათავსეთ გრილის ცხაურზე და შეწვით 10 წუთის განმავლობაში, სანამ ოდნავ არ მოიბრაწება.

სოუსისთვის ერთმანეთში ჩანგლის მეშვეობით აურიეთ მაიონეზი, 1 ს/კ ლაიმის წვენი, მწიკვი მარილი და პაპრიკა. მიღებული სოუსი წაუსვით თითოეულ ტაროს. გახეხეთ პარმეზანი წვრილად,  ამოავლეთ თითოეული ტარო ყველში და მიიტანეთ სუფრასთან თბილ-თბილი.

გემრიელად მიირთვით.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები