რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი სასუნთქი გზებისა და ფილტვების ინფექციის გამომწვევია. ეს ინფექცია ზრდასრულებთანაც გვხვდება, თუმცა უმთავრესად ორ წლამდე ასაკის ბავშვებს შორისაა გავრცელებული. ვირუსით თითქმის ყოველი მეორე პატარა ინფიცირდება.

 

დაავადებას სეზონურობა ახასიათებს, ამიტომ ბავშვებს განსაკუთრებით გაუფრთხილდით შემოდგომის დამდეგს და გაზაფხულის მიწურულს – ვირუსი სწორედ ამ პერიოდშია ყველაზე აქტიური, შესაბამისად, ინფიცირების რისკიც ამ დროსაა ყველაზე მაღალი.

 

ზრდასრულებსა და უფროსი ასაკის ბავშვებთან რსვ ინფექცია მსუბუქად, ბანალური გაციების მსგავსად მიმდინარეობს. შინ მკურნალობა ამ დროს საკმარისია. დღენაკლულ, გულ-ფილტვის სისტემის დაავადებათა მქონე ახალშობილებთან, სუსტი იმუნიტეტის მქონე ზრდასრულებსა და მოხუცებთან კი ავადმყოფობა საკმაოდ რთულ ფორმას იღებს.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

 

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ორგანიზმში ის თვალების, ცხვირისა და პირის საშუალებით აღწევს. ავადმყოფის მიერ ხველებისა თუ ცემინების დროს გამოყოფილი ვირუსის შემცველი წვეთები რამდენიმე ხანს ჰაერში ტივტივებს. ასეთი ჰაერის ჩასუნთქვა ინფექციას იწვევს. ინფიცირება ასევე შესაძლებელია პირდაპირი კონტაქტის, მაგალითად, ხელის ჩამორთმევის, ან ვირუსით დაბინძურებულ ნივთთან შეხების შედეგად.

 

ინფექცია ყველაზე მძიმედ ახალშობილებთან მიმდინარეობს. ჩვილს სუნთქვა ზერელე და გახშირებული აქვს. განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში სუნთქვის აქტში დამატებითი კუნთებიც (ნეკნთაშორისი კუნთები) ერთვება, რასაც შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევთ.

 

ბავშვებისა და ზრდასრულების უმრავლესობა ავადმყოფობას, ჩვეულებისამებრ, ერთ-ორ კვირაში უმკლავდება, დღენაკლულ ახალშობილებსა და გულ-ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან ვირუსი მძიმე გართულებებს იწვევს, ამიტომ მათი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია.

 

მკურნალობა უმთავრესად სიმპტომურია ანუ სიმპტომების შემსუბუქებაზეა ორიენტირებული. ცხელების შემთხვევაში სახლის პირობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ სიცხის დამწევი, კერძოდ, პარაცეტამოლი _ ის ეფექტურიცაა და ყველაზე უვნებელიც. ანტიბიოტიკს კი ექიმი მხოლოდ თანდართული ბაქტერიული ინფექციის, მაგალითად, პნევმონის არსებობისას გამოწერს. აუცილებელია ბავშვისთვის საკმარისი რაოდენობის სითხის მიწოდება და დეჰიდრატაციის სიმპტომების მუდმივი კონტროლი (ეს სიმპტომებია გამომშრალი პირის ღრუ, შარდის რაოდენობის შემცირება, ჩაცვენილი თვალები, ძილიანობა).

 

გართულებულ შემთხვევებში ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. ექიმი, უპირველეს ყოვლისა, სითხის დეფიციტის აღდგენასა და ორგანიზმის ჟანგბადით უზრუნველყოფაზე იზრუნებს. ზოგჯერ დახშული სასუნთქი გზების გასათავისუფლებლად საჭიროა ბრონქოდილატატორის (ბრონქების გამაფართოებლის) ინჰალაცია (სასუნთქ გზებში შეფრქვევა).

მასალა მომზადებულია ჟურნალი ავერსის მიხედვით