რატომ იტყუებიან ბავშვები?

ბავშვებისთვის საკმაოდ ძნელი გასაგებია თუ რატომაა მოტყუება ცუდი საქციელი. ერთი მხრივ, მშობლები ეუბნებიან, რომ არ უნდა მოიტყუონ და მეორე მხრივ, თვითონ ხშირად აკეთებენ იმავეს, რასაც ბავშვები ყოველთვის ამჩნევენ. ბავშვმა შეიძლება განსხვავებული მიზეზების გამო მოიტყუოს:

ფანტაზია და რეალობა

ადრეულ ასაკში ბავშვები ჯერ კარგად ვერ ახერხებენ რეალობისა და ფანტაზიის ერთმანეთისაგან გამიჯვნას. ისინი იგონებენ ამბებს, რომელიც მათი ფანტაზიის ნაყოფია, მშობლები კი ამას ტყუილად მიიჩნევენ.

აღიარების სურვილი

ბავშვებს ხშირად სურთ, რომ სხვებისგან აღიარება მოიპოვონ. „მე ნამდვილი პონი მყავს სახლში“. ასეთი ტყუილებით ბავშვი თანატოლების ყურადღებას იპყრობს, მაგრამ აქვე იწყება სირთულეები. მას შემდეგ რაც ბავშვს „მატყუარა“-ს იარლიყი მიეკერება, სხვა ბავშვები აღარ მოუსმენენ. თუ ხვდებით, რომ თქვენი შვილი აღიარების მოსაპოვებლად იტყუება, ეცადეთ მის ძლიერ მხარეებს გაუსვათ ხაზი. ასეთ შემთხვევაში მას ტყუილის თქმა აღარ დასჭირდება.

დასჯის შიში

ბავშვები ხშირად მოსალოდნელი დასჯის თავიდან ასაცილებლად იტყუებიან. მშობლებს ცხადია არ სიამოვნებთ ბავშვისგან ტყუილის მოსმენა, თუმცა ამ დროს აუცილებელია დავფიქრდეთ დასჯის მეთოდებზე. თუ შედეგი მკაცრი სასჯელია, გასაკვირი არაა, რომ ბავშვი მის თავიდან არიდებაზე ფიქრობდეს. ყველა ბავშვი უშვებს შეცდომას, ამიტომ უნდა შევძლოთ ამაზე მათთან ლაპარაკი.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი იტყუება?

  • როგორც ცნობილია, მშობელი ბავშვისთვის მაგალითს წარმოადგენს, ამიტომ უნდა ვეცადოთ დავაკვირდეთ საკუთარ ქმედებებს მათ წინაშე.
  • თუ ბავშვმა მოგატყუათ, განიხილეთ მასთან ეს საკითხი და ერთად მოიფიქრეთ როგორ მოიქცეს მსგავს სიტუაციაში.
  • არ დააწესოთ მკაცრი სასჯელი.
  • არ შეარცხვინოთ ბავშვი ტყუილის გამო. აუხსენით რა შედეგი შეიძლება მოყვეს ტყუილს, თუ ის არ გამოაშკარავდება.
  • წაახალისეთ ბავშვი თქვას სიმართლე. მადლობა გადაუხადეთ სიმართლის თქმისთვის და ეს მათთვის განმამტკიცებელი იქნება.
  • დაანახეთ რომ ენდობით. მოუსმინეთ მის გამოგონილ ამბებსაც.
  • აუცილებელია უთხრათ, რომ მიუხედავად ტყუილის თქმისა, თქვენ მაინც გიყვართ.
  • იმ შემთხვევაში თუ თვითონ მოიტყუეთ, აუხსენით რატომ გააკეთეთ.
  • არ მოატყუოთ ბავშვი. თუ არ გსურთ რომელიმე თემაზე ლაპარაკი, პირდაპირ და გულწრფელად უთხარით.

თუ ზემოთ ჩამოთვლილმა რჩევებმა არ გაამართლა და ბავშვი მაინც ხშირად იტყუება, არ შეიკავოთ თავი და მიმართეთ სპეციალისტს დახმარებისთვის.

მასალა მოამზადა : მარიამ კვერნაძემ 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები