ართრიტი – ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე თვალწინ წარმოგვიდგება ხანდაზმული, სახსრებდეფორმირებული ადამიანი, რომელიც გამუდმებით ნესტიან ამინდებს უჩივის. თუმცა ართრიტისგან არც პატარები არიან დაზღვეულნი. დამახასიათებელი მიმდინარეობის გამო ბავშვებში ეს დაავადება ცალკე გამოყვეს და იუვენილური რევმატოიდული ართრიტი (ირა) უწოდეს.

ირა მეტად საყურადღებო დაავადებაა. ნებაზე მიშვების ან დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ბავშვი შესაძლოა დაინვალიდდეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მის შესახებ მოგიყვეთ – ინფორმირებული მშობელი ხომ გაცილებით მალე აღმოაჩენს პრობლემას და, შესაბამისად, გაცილებით უკეთესი იქნება მკურნალობის შედეგიც.

რა არის ირა

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ცოტა რამ ტერმინებზე: ბავშვთა ასაკში ჩამოყალიბებულ ქრონიკულ ართრიტს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. ტერმინოლოგიურმა მრავალფეროვნებამ არ დაგაბნიოთ – იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, იუვენილური იდიოპათიური ართრიტი ერთი და იგივე დაავადებაა.

ახლა – თავად დაავადებაზე: ირა არის 16 წლამდე გამოვლენილი ქრონიკული დაავადება, რომელიც სახსრების ანთებით მიმდინარეობს. განვასხვაოთ: სახსრების შეშუპება, ტკივილი, ანთება ბავშვს შესაძლოა ბანალურმა ინფექციამაც დაუტოვოს. ასეთ დროს ჩივილები ინფექციისგან განკურნების შემდეგ ნელ-ნელა გაივლის და არც შემდგომშია მოსალოდნელი რამე პრობლემა. სახსრების ასეთ დაზიანებას ირას ვერ მივაკუთვნებთ. ართრიტზე რომ ავლაპარაკდეთ, დაავადება, სულ მცირე, 6 კვირა უნდა გაგრძელდეს.

ირა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა სიცოცხლის პირველ 6 თვეს ძალიან იშვიათია. მან შეიძლება მოიცვას ერთი ან რამდენიმე სახსარი, გამოიწვიოს თვალის, კანის, შინაგანი ორგანოების დაზიანება. მიმდინარეობის ამ თავისებურებათა მიხედვით ირას რამდენიმე ტიპს გამოყოფენ. სტატისტიკური მონაცემებით, აშშ-ში ამა თუ იმ ტიპის ქრონიკული ართრიტი ათასიდან დაახლოებით ერთ ბავშვს ემართება. საერთო ჯამში, ეს 300 000-მდე ბავშვია.

სისტემური ფორმა – ეს დიაგნოზი აქვს დასმული ართრიტით დაავადებული ბავშვების მეათედს. დაავადება ვლინდება განმეორებითი ცხელებით, რომელიც 39.5 გრადუსს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს. ხშირად თან ახლავს გამონაყარი, რომელიც დროდადრო ქრება და ხელახლა ჩნდება (წესისამებრ, ცხელებასთან ერთად). არცთუ იშვიათად ზიანდება შინაგანი ორგანოებიც. ართრიტი შესაძლოა ცხელებისა და სხვა სიმპტომების გავლის შემდეგაც დარჩეს. არც ის არის გამორიცხული, ცხელებას სახსრისმიერი ცვლილებები არ ახლდეს თან და მათ ცხელების ეპიზოდიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ იჩინონ თავი.

სისტემური ფორმისთვის ასევე დამახასიათებელია ანემია (ერითროციტების, სისხლის წითელი უჯრედების, რაოდენობის დაქვეითება) და ლეიკოციტოზი (ლეიკოციტების, სისხლის თეთრი უჯრედების, მატება).

ოლიგოარტიკულური ფორმა – ამ შემთხვევაში დაზიანება ერთიდან ოთხამდე სახსარს მოიცავს. ეს ფორმა ართრიტით დაავადებულ ბავშვთა ნახევართან გვხვდება, უმეტესად – გოგონებთან. არ არის გამორიცხული, ოლიგოარტიკულური ფორმით დაავადებულ ბავშვს მოგვიანებით გავრცობილი ართრიტი განუვითარდეს, თუმცა ასეთი სცენარი ნაკლებმოსალოდნელია და, საზოგადოდ, დიდია მომავალში სახსრის დაზიანების კუპირების შანსი, თუ დაავადების ეს ფორმა 7 წლამდე განვითარდა, თუმცა ამ შემთხვევაში იმატებს თვალის ანთების – ირიტის ან უვეიტის – განვითარების ალბათობა. ეს პათოლოგიები შესაძლოა მას შემდეგაც დარჩეს, რაც ართრიტი გაივლის. საგულისხმოა, რომ თვალის პრობლემები ფარულია, ამიტომ აუცილებელია ოფთალმოლოგის რეგულარული კონსულტაცია, რათა დროულად გამოვავლინოთ პათოლოგია და თავიდან ავიცილოთ სავალალო შედეგები, მათ შორის – სიბრმავეც.

პოლიარტიკულური ფორმა – ამ დროს დაავადება ხუთ ან მეტ სახსარს აზიანებს. ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს ზრდასრულ ასაკში სხვებთან შედარებით მაღალი აქვთ რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკი, თანაც დაავადება მათთან უფრო ადრეულ ასაკში იწყება.

ფსორიაზული ართრიტი – სახელწოდება მიგვითითებს, რომ ამ შემთხვევაში სახსრების ანთებას კანის დაავადება ფსორიაზიც ერწყმის. ფსორიაზული ართრიტის ტიპური სურათია ფრჩხილების დაზიანება და ფეხის თითების ანთება – დაქტილიტი.

სპონდილოართროზი დაავადების კიდევ ერთი ფორმაა. ის ჰგავს იმავე დაავადებას მოზრდილებში და ხშირად ვლინდება საკროილეიტით – გავა-თეძოს სახსრის დაზიანებით.

მკურნალობა

ართრიტით დაავადებულ ბავშვს საუკეთესო დახმარებას ექიმთა ჯგუფი გაუწევს. ეს ჯგუფი შედგება ბავშვთა რევმატოლოგისგან, ფიზიოთერაპევტისგან, თერაპევტისგან, სოციალური მუშაკისა და მედდისგან. საჭიროებისამებრ, შეიძლება თანამშრომლობა სხვა სპეციალობის ექიმებთანაც: ოფთალმოლოგთან, ქირურგ-ორთოპედთან, ფსიქოლოგთან. მკურნალობის მიზანი სიმპტომების კონტროლი, სახსრის დაზიანების აღკვეთა და ფუნქციის შენარჩუნებაა.

რაც შეეხება მედიკამენტებს, მცირე რაოდენობის სახსრის დაზიანებას ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით მკურნალობენ. შედარებით მძიმე მდგომარეობის დროს სტეროიდების გამოყენებაა რეკომენდებული. ისინი სახსარში შეჰყავთ. ამ ფორმით მიღებულ სტეროიდებს სერიოზული გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს. განსაზღვრულ შემთხვევებში მოწოდებულია ორალური სტეროიდების გამოყენებაც, თუმცა მცირე ხნით და მინიმალური დოზით. მათი ხანგრძლივი გამოყენება თანმხლებ ეფექტებს იწვევს – წონის მატებას, ზრდის შეფერხებას, ოსტეოპოროზს, კატარაქტას, ჰიპერტონიას და სხვ.

თუ ართრიტმა ბევრი სახსარი დააზიანა და სტეროიდების ინექციებზე არ რეაგირებს, მკურნალობაში რთავენ დაავადების მამოდიფიცირებელ საშუალებებს: მეტოტრექსატს, ლეფლუნამიდს და სხვ. ცოტა ხნის წინ შექმნეს ბიოპრეპარატები, რომლებიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. თუმცა ძვირი. მეცნიერები მკურნალობის ახალ მეთოდებსაც ეძებენ.

ზოგ ბავშვს სჭირდება ოპერაციული მკურნალობა, სახსრის გამოცვლაც კი.

როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც გართულებათა პრევენცია ადრეულ დიაგნოსტიკას და პროფესიონალურ სამედიცინო დახმარებას გულისხმობს. ბავშვების უმრავლესობა ჩვეული რიტმით აგრძელებს ცხოვრებას და თანატოლებისგან არაფრით განსხვავდება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ