რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი ჭამის დროს –  აღნიშნულ თემაზე  პედიატრი   ნანა საპანაძე ​საუბრობს.

„როცა ჩვილი დედის ძუძუთი იკვებება, დედა-შვილს შორის წარმოქმნილი ურთიერთობანი სცილდება მარტივ კვებით მოთხოვნილებებს. მათ შორის წარმოიქმნება ნდობა, სითბო, მგრძნობიარე და ემოციური კავშირი. ძუძუთი კვების დროს, შიმშილთან ერთად იხსნება წარმოქმნილი დაძაბულობა. საკვები, შიმშილის გრძნობის და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან ერთად, ჩვილს სიამოვნებასაც ანიჭებს.

ერთი შეხედვით, კვება, რომელზეც დაბადებიდან ვფიქრობთ, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, შეიძლება მარტივ მექანიზმად მოგვეჩვენოს, სინამდვილეში იგი ძალიან რთული ფსიქოლოგიური პროცესია. ამიტომაც ის არ არის დაკავშირებული მხოლოდ შიმშილთან.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო კვებასთან დაკავშირებულ, რამდენიმე, ჩემის აზრით, მნიშვნელოვან საკითხზე.

ძალიან ხშირად მშობლები, იმ მიზეზებით, რომ ბავშვი „არ ჭამს“, „ჭამს ძალიან ცუდად“, „თუ არ გაართე, არ შეჭამს“, თავიან პატარებს კვების პროცესში ან ტელევიზორთან სვამენ, ან მობილურ ტელეფონში ურთავენ მულტფილმებს და ასე აჭმევენ. ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა. ბავშვი არ ჭირვეულობს, ღებულობს საკვების სრულ ულუფას და ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ეს ასე არ არის.

ამ სიტუაციაში კი მიღებული საჭმლის რაოდენობა ხდება შეუმჩნეველი და შემდგომში ტელევიზორის ყურებისას, ან რაიმე საქმიანობისას შესაძლებელია ბავშვს, მოზარდს, გაუჩნდეს სურვილი მიიღოს რაიმე საკვები. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენს ან რას შეჭამს, მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად რაიმე გარკვეული საქმიანობის დროს ჩნდება კვების სურვილი, ეს კი კვებითი დარღვევების ერთ-ერთ ფორმას ქმნის, რომელსაც შეუმჩნეველი კვება ეწოდება და, საბოლოოდ, ეს პროცესი სრულდება წონის მომატებით.

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი არ ჭამს, დავტოვოთ მშიერი და არ გავართოთ?

უპირველეს ყოვლისა, უნდა გადახედოთ ბავშვის კვების რეჟიმს. რამდენად ხშირად ღებულობს იგი კვებათა შორის „სასუსნავებს“? ტკბილეული ორცხობილების, შოკოლადის სახით, ცომეული ე.წ. მარილიანი ჩხირები, კრეკერები; თხილი, მიწის თხილი, ეს თითქოსდა უწყინარი ჩვევა ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას და ხელს უწყობს უმადობას.

არ კვებოთ ბავშვი ძალით, ეს უარყოფით ემოციასა და შესაბამისად, მადის დაქვეითებას იწვევს.

ხანგრძლივი სეირნობისა და მოძრავი, ხმაურიანი თამაშის შემდეგ ჭამამდე მიზანშეწონილია მცირე პაუზა, დაასვენეთ ბავშვი ცოტა ხანს და შემდეგ შეუდექით კვებას.

მიეცით ბავშვს საშუალება, ჭამოს დამოუკიდებლად. 1 წლის ასაკიდან ბავშვები ცდილობენ, თავად დაიჭირონ კოვზი და ჭიქა და ჭამონ დამოუკიდებლად.

ამ ჩვევას წახალისება სჭირდება, ზოგიერთი დედა თვლის, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვი დარჩება მშიერი. ასე ნამდვილად არ იქნება, თუ თქვენ სწორად გააკონტროლებთ ჭამის პროცესს, ანუ როდესაც თქვენ აჭმევთ და პატარა იჩენს სურვილს იკვებოს დამოუკიდებლად, მასაც მიეცით კოვზი, დაე, მანაც მიირთვას დამოუკიდებლად. ასე, ერთობლივი ძალებით, ყოველგვარი სხვა გართობისა და ყურადღების გაფანტვის გარეშე თქვენ გაუმკლავდებით კვების პროცესს.