რკინა მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის ორგანიზმში. ის წარმოადგენს ასეულობით  ცილოვანი მოლეკულისა და ფერმენტის აუცილებელ კომპონენტს. ჰემოგლობინი და მიოგლობინი არის რკინის შემცველი პროტეინები, რომლებიც ჩართულნი არიან ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და შენახვაში.

რამდენად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის რკინის დეფიციტი, ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტებას და რეკომენდაციას ავრცელებს.

სპეციალისტების განმარტებით, რკინის დეფიციტის ძირითად გამოვლინებას რკინა-დეფიციტური ანემია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რკინის დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ რკინის შემცველი პროდუქტების არასაკმარისი მიღებით, არამედ, აგრეთვე ფოლის მჟავას და B12 ვიტამინის ბრალეულობით, ჰელმინთოზით, სისხლის დაკარგვით და სხვა ფაქტორებით.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

რკინის დეფიციტის 2 ფორმა არსებობს:  რკინის ფარული (ლატენტური) დეფიციტი, რომელიც ხასიათდება რკინის მარაგისა და სატრანსპორტო რკინის შემცირებით, ნორმალური ჰემოგლობინისა და ერითროციტების მაჩვენებლებით და რკინადეფიციტური ანემია, რომელიც ყველა მეტაბოლური ფონდის (მათ შორის სატრანსპორტოც) შემცირებით, ასევე ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებით ხასიათდება.

რკინის დეფიციტმა შესაძლოა ორსულობის პერიოდში შეაფერხოს ნაყოფის ზრდა. ის ამავე დროს არის ნაადრევი მშობიარობის რისკი;

რკინის დეფიციტის შედეგად მკვეთრად ქვეითდება შრომის უნარი მოზრდილებში. ასევე უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებასა და სხვა მენტალურ ფუნქციებზე;

ბავშვებში რკინა-დეფიციტური ანემია იწვევს ყურადღების კონცენტრირების უნარის დარღვევას, მეხსიერების, შემეცნების პრობლემებსა და სწავლის უნარის დაქვეითებას. ხშირია აგრეთვე ქცევითი დარღვევების განვითარების რისკი;

რკინის დეფიციტი იწვევს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც ხელს უწყობს ვირუსული  თუ ბაქტერიული ინფექციებით ავადობის მაღალ სიხშირეს;

სპეციალისტების განმარტებით, რკინის დეფიციტი შეიძლება მრავალმა ფაქტორმა განაპირობოს. ამიტომ, რკინის ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობა სჭირდება ორსულის ორგანიზმს და მეძუძურ დედებს. უმრავლეს შემთხვევაში ექიმები საჭიროდ თვლიან რკინის პრეპარატების დამატებით დანიშვნას ორსულებში.

გარდა ამისა, სისხლის დაკარგვასთან ერთად ადამიანი კარგავს რკინასაც. რაც ვითარდება მენო-მეტრორაგიებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენისას, ასევე ხშირი დონაციის შედეგად.

სპეციალისტები მოქალაქეებს ურჩევენ, მიიღონ რკინის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა: ხილი (გარგარი, ანანასი, ყურძენი, ვაშლი);

მჭლე ხორცი (საქონლის და ღორის ღვიძლი), თევზი, მოლუსკები, ხამანწკები;

ბოსტნეული (წითელი წიწაკა, სალათის ფოთოლი, კარტოფილი, ნიორი) პარკოსნები (ლობიო);კომბოსტო (ყვავილოვანი კომბოსტო), ჭარხალი,

რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი;

ნიგოზი და მარცვლოვანი პროდუქტი, გოგრის თესლი;

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, რკინას ორგანიზმი ცხოველური საკვებიდან უფრო ითვისებს, ვიდრე მცენარეულიდან. რკინის შეწოვა ამ პროდუქტებიდან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კვების რაციონზე.

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ