რა ვითარებაა საქართველოში სელექციური აბორტის მხრივ

ბოლო წლების მონაცემებით, მსოფლიოში 23 მილიონი გოგო ვერ დაიბადა და ამის მიზეზი კი ის არის, რომ მშობლებს მამრობითი სქესის ბავშვი სურდათ. ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერთა ეროვნული აკადემიის კვლევის შედეგი.

დაუბადებელ გოგოთა უმეტესობა ჩინეთსა და ინდოეთზე მოდის, თუმცა სელექციური აბორტების მაღალი მაჩვენებელი სხვა ქვეყნებშიც გამოვლინდა, 11 ქვეყნას შორისა საქართველოც არის. თუმცა კვლევის შედეგებში ისიც არის მითითებული, რომ საქართველოში თანაფარდობა გამოსწორდა და დღეს 100 ახალ დაბადებულ გოგოზე 107 ბიჭი მოდის. დადებით ცვლილებებს ადასტურებენ გაეროს მოსახლეობის საქართველოს ოფისშიც, თუმცა ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე მიუთითებენ. 

“სამ რეგიონში სქესთა შორის გადახრა არის კვლავ მაღალი. ეს რეგიონებია კახეთი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. საქართველოს ეთნიკური უმცირესობის მოსახლეობაში, აზერბაიჯანელებსა და სომხურ მოსახლეობაში კვლავ მაღალია სქესთა შორის გადახრის მაჩვენებელი. მესამე შვილის შემთხვევაში განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი ორი შვილი გოგოა, სქესთა შორის გადახრა აღწევს 170-ზე მაღლა”, – განაცხადა ლელა ბაქრაძემ, გაეროს მოსახლეობის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. 

გაეროს მონაცემებით საქართველოში 1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო 31 446 გოგო არ დაიბადა. დღეს ტენდენცია კლებადია. 

“გვინდა, რომ სელექცია ქვეყანაში საერთოდ არ ხდებოდეს. ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი პოზიცია მინისტრის ბრძანებაში აბორტების შესახებ დააფიქსირა და თქვა, რომ დაუშვებელია სელექცია სქესის შერჩევის ნიშნით”, – განაცხადა ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ. 

წყარო : imedinews.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები