რა უნდა ვიცოდეთ ნაკბენის შესახებ

ჯანმრთელობა

სხვადასხვა სახის ნაკბენისგან დაცვის საუკეთესო საშუალება პროფილაქტიკაა: შესაბამისი სპრეი, ულტრაბგერითი მოწყობილობა, მწერების, ძაღლების, გველების შესაძლო არსებობის ადგილებიდან მორიდება, ტეტანუსის ვაქცინაცია, დახურული ტანსაცმლის ჩაცმა.

მწერების ნაკბენის შედეგები სხვადასხვაგვარია: ტრავმული დაზიანებები, ალერგიული და ტოქსიკური რეაციის ერთობლიობა. ქავილი, რომელიც ნაკბენის ადგილობრივი რეაქციაა, ხშირად იწვევს მეორეული ინფექციის თანდართვასა და ზედაპირის ტრავმირებას.

ალერგიული გამოვლინება ყველაზე ხშირად თან ახლავს ბზიკის, ფუტკრის, ბუზის ნაკბენს. ორგანიზმი ტოქსიკური რეაქციით რეაგირებს ჭიანჭველას, შხამიანი ობობას, მორიელის ნაკბენზე. კანის საფარველისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილების ლოკალური ცვლილება ვლინდება კოღოების, ტილების, რწყილების, ბუზებისა და ზოგიერთი სახეობის ხოჭოს კბენისას. ასეთ ცვლილებებს მიეკუთვნება ჰიპერემია, შეშუპება, დაჩირქება, ჰემატომა, ბუშტუკი, კანქვეშა სისხლჩაქცევა. გარდა ორგანიზმზე უშუალო ზემოქმედებისა, მწერებმა შეიძლება სხვადასხვა დაავადების გამომწვევი გადაიტანონ.

კოღოებს გადააქვთ ლეიშმანიოზი, მალარია, ზოგიერთი სახეობის ცხელება. ტკიპა ლაიმას დაავადების, ენცეფალიტის გამომწვევის გადამტანია, ბუზები – დიზენტერიისა, რწყილები – ტულარემიისა, ფსევდოტუბერკულოზისა და ა.შ.

ადგილობრივი რეაქციის ზოგადი დახასიათებით შეიძლება გამოვიცნოთ შესაძლო მკბენარი. უმნიშვნელო შეშუპება, შესივება, შეწითლება, ქავილი ხშირად მიუთითებს კოღოს ნაკბენზე. მნიშვნელოვანი შეშუპება კანის ფერის შეუცვლელად, ძლიერი ტკივილი კბენისას თან ახლავს ბზიკის, ფუტკრის, ბაზის ნაკბენს. სიწითლე შეშუპების გარეშე, განსაკუთრებით – თუ სიწითლე რკალისებურადაა ნაკბენის კვალით ცენტრში – გვაეჭვებინებს ბორელიოზის გადამტანი ტკიპის ნაკბენს.

ნაკბენით გამოწვეული ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს ლოკალურად ან მთელი ორგანიზმი მოიცვას. ამ მხრივ მეტად ალერგიულია ბზიკი, ფუტკარი, ბაზი. ალერგია შეიძლება გამოვლინდეს კოღოს მრავლობითი ნაკბენისას. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიხატებოდეს გამონაყარით, წითელი ლაქებით, შეშუპებით, ასევე შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი.

ტკიპის ნაკბენი – იწვევს კანზე ადგილობრივ ტოქსიკურ რეაქციას. ტკიპის კბენა უმრავლეს შემთხვევაში შეუმჩნეველი რჩება. სხეულში ჩანერგვისას ის გამოყოფს ტკივილგამაყუჩებელს და მისი კბენისა და გადაადგილების განსაზღვრა რთულია. ტკიპები საშიშია იმით, რომ ერთი დროებითი მასპინძლიდან მეორეზე მიგრირებისას გადააქვთ სერიოზული დაავადებების გამომწვევები. ენცეფალიტი, ლაიმას დაავადება ანუ ბორელიოზი ყველაზე მეტად საშიში ინფექციებია, რომელთა გადამტანებიც ტკიპები არიან. ტკიპას ნაკბენი შეიძლება გამოვიცნოთ დამახასიათებელი მოწითალო რგოლით, რომლის ცენტრშიც წერტილოვანი იარაა. ტკიპის ნაკბენისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. თუ ეს ვერ ხერხდება, ტკიპის აღმოჩენისას უნდა დავაკვირდეთ ადამიანის მდგომარეობას. დაავადება მაშინვე შეიძლება არ გამოვლინდეს, ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღეა.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი


პროფილაქტიკისთვის ტკიპის აქტივობის პერიოდში რეკომენდებულია დახურული ტანსაცმლისა და თავსაბურავის ტარება. ცხოველებიც უნდა ინახოს ტკიპის არსებობაზე. განსაკუთრებით ძაღლები უნდა აიცრან ტკიპებით გადამდებ დაავადებებზე.

ბაღლინჯოს ნაკბენი. ბაღლინჯო „შინაურ მწერებს“ მიეკუთვნება და ის თბილ პირობებში ცხოვრობს, ამასთან სიცოცხლისათვის ესაჭიროება ადამიანის ან თბილსისხლიანი ცხოველის სისხლი. ლოგინის ბაღლინჯო ცხოვრობს თეთრეულში, რბილი ავეჯის ნაკეცებში. ბაღლინჯოს ნაკბენი გარეგნულად ძალიან ჰაგავს კოღოს ნაკბენს, თუმცა მისგან დამახასიათებელი ჯაჭვით განსხვავდება.

ბზიკის ნაკბენი – ბზიკი შხამიანი მწერია, რომლის შხამში ტოქსინების (ნეიროტოქსინი, აცეტილქოლინი, ჰისტამინი და სხვა) კონცენტრაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ფუტკრისაში. მისი ნაკბენიც მტკივნეულობით გამოირჩევა და შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია კვინკეს შეშუპებამდე და ანაფილაქსიურ შოკამდე. განსაკუთრებით საშიშია ბზიკის ნაკბენი ბავშვებისთვის. ალერგიული და ტოქსიკური რეაქციის გარდა, ბზიკებით გადადის სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები. ამიტომ ბზიკის ნაკბენი უნდა გასუფთავდეს და დამუშავდეს ანტიბაქტერიული საშუალებებით.

ფუტკრის ნაკბენი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი იყენებს სამკურნალოდ ფუტკრის შხამს, მწერის მიერ უშუალოდ ორგანიზმში მის შეყვანას შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. ფუტკრის ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური ალერგიული რეაქცია. ფუტკრის კბენისას აუცილებელია ჭრილობაში ჩატოვებული ნესტრის ამოღება. ფუტკარი, რომელმაც გვიკბინა, არ უნდა მოვკლათ, ის ისედაც მოკვდება, გასრესილი ფუტკარი კი სპეციფიკურ სუნს გამოყოფს, რომელიც სხვა ფუტკრებს იზიდავს, რამაც შეიძლება ადამიანზე მათი თავდასხმა გამოიწვიოს. ფუტკრის კბენისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვია დაკბენილი ან მრავლობითია ნაკბენი, მწერის შხამზე ალერგიისას ან მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებისას.

ფუტკრის ნაკბენი საშიშია ენის, ყელის, ტუჩების არეში. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის ჩარევა ან ანტიჰისტამინური პრეპარატის მიღება.

რწყილის ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია. ნაკვალევის ცენტრში ნათლად ჩანს წითელი ლაქა. კბენა ჩხვლეტის შეგრძნების მაგვარია. ისეთი დაავადებების გამომწვევი, როგორებიცაა ტულარემია, ციმბირის წყლული, ბრუცელოზი, რწყილის ორგანიზმში შეიძლება 3 წელიც კი არსებობდეს და მთელი ეს პერიოდი მწერი დაასნებოვნებს საკუთარ მასპინძელს. ზოგიერთი სახეობის ჰელმინთების გადამტანებიც რწყილები არიან.

წყარო: https://mkurnali.ge/


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *