ვიდრე ნეონატოლოგი ან ნევროლოგი კისერმრუდობის დიაგნოზს დასვამენ, მშობლები ამჩნევენ, რომ მათ პატარას ერთსა და იმავე გვერდზე ურჩევნია წოლა ან თავი ცალ მხარეს აქვს გადახრილი.

კისერმრუდობას უწოდებენ მტკივნეულად შეტრიალებულ და დახრილ კისერს. ამ დროს თხემი სხეულის წარმოსახვითი ღერძის ერთ მხარესაა გადახრილი, ნიკაპი კი – მეორე მხარეს. ახალშობილებს უმეტესად თანდაყოლილი კისერმრუდობა აქვთ, მოზრდილებს კი – შეძენილი.

კისერმრუდობა ზოგჯერ თავისთავად გაივლის, თუმცა არსებობს რეციდივის ანუ განმეორების საფრთხეც. ქრონიკული კისერმრუდობა იმდენად ძლიერ ტკივილს იწვევს, რომ ადამიანს ყოველდღიური საქმიანობაც კი უჭირს. საბედნიეროდ, არსებობს მედიკამენტები და მკურნალობის სხვა მეთოდები, რომლებიც ტკივილსა და დაჭიმულობას ამცირებს, თუმცა ხდება ისეც, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად ოპერაციაა საჭირო.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

მკურნალობა რაც უფრო ადრე დაიწყება, მით უფრო შედეგიანია, განსაკუთრებით – ბავშვებთან.

რა იწვევს?

კისერმრუდობა თანდაყოლილია, როდესაც ის მუცლად ყოფნის პერიოდში ვითარდება და დაბადებისთანავე გამოვლინდება. გვხვდება 100-დან 3 ახალშობილთან. უმეტესად გამოწვეულია კისრის ცალ მხარეს არსებული მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის სიმოკლით, რასაც, თავის მხრივ, განაპირობებს საშვილოსნოში ნაყოფის თავის არასწორი მდებარეობა, კისრის კუნთების დაზიანება, მათი სისხლმომარაგების დარღვევა ან დაბადებისას მიღებული ტრავმა.

კისერმრუდობა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს კუნთოვანი ან ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად, თუმცა ხდება ისეც, რომ მიზეზი უცნობი რჩება. ასეთ დროს კისერმრუდობას იდიოპათიურს უწოდებენ.

 

მრავალსახეობა

არსებობს კისერმრუდობის რამდენიმე ტიპი:

ფიქსირებული კისერმრუდობა

კისერმრუდობის ამ ტიპს მწვავეს ან მუდმივსაც უწოდებენ და კუნთოვანი ან ძვლოვანი სისტემის დაზიანებითაა გამოწვეული. ბავშვებთან ფიქსირებული კისერმრუდობა იწვევს სახის ნაკვთების არათანაბარ ზრდას, სახის კუნთების გამოყენების დარღვევას.

კუნთოვანი კისერმრუდობა

კუნთოვანი კისერმრუდობა ფიქსირებულის შემდეგ ყველაზე გავრცელებული ტიპია. იწვევს ნაწიბურების გაჩენა ან კუნთების დაჭიმულობა კისრის ცალ მხარეს. ნაყოფს შესაძლოა განუვითარდეს კუნთოვანი კისერმრუდობა, თუ საშვილოსნოში არაბუნებრივ, უჩვეულო პოზაშია ან არ ჰყოფნის სივრცე.

კლიპელ-ფეილის სინდრომი

კლიპელ-ფეილის სინდრომი კისერმრუდობის იშვიათი თანდაყოლილი ფორმაა. ის ვითარდება მაშინ, როდესაც კისრის ძვლები არასწორად ფორმირდება, უმეტესად – ხერხემლის კისრის ორი მალის შერწყმის გამო. ამ პათოლოგიით დაბადებულ ბავშვებს შესაძლოა ჰქონდეთ სმენისა და მხედველობის პრობლემებიც.

კისრის დისტონია

ამ იშვიათ დაავადებას ზოგჯერ სპასტიკურ კისერმრუდობასაც უწოდებენ. ამ დროს კისრის კუნთები გამუდმებით ან დროგამოშვებით სპაზმურად იკუმშება, თავი კი ცალ მხარესაა გადახრილი ან შეტრიალებული, რასაც თან ახლავს ტკივილი. თავი შესაძლოა წინ ან უკანაც გადაიხაროს. კუნთოვანი დისტონია ზოგჯერ მკურნალობის გარეშე გაივლის, მაგრამ არსებობს მისი ხელახლა განვითარების საფრთხეც.

კისრის დისტონია შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, მაგრამ ყველაზე ხშირად მის დიაგნოზს 40-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს უსვამენ, თანაც ქალებთან მამაკაცებზე ორჯერ ხშირად გვხვდება.

პროგნოზი

მსუბუქი და მეორეული, მაგალითად, სხვა დაავადებით გამოწვეული კისერმრუდობა, წესისამებრ, დროებითია და მკურნალობას ექვემდებარება, თანდაყოლილმა და მძიმე ფორმებმა კი შესაძლოა ხანგრძლივი და სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

ქრონიკული კისერმრუდობის შედეგია:

კისრის კუნთების შეშუპება;

ნერვებზე ზეწოლის შედეგად ნევროლოგიური სიმპტომების განვითარება;

ქრონიკული ტკივილი;

ყოველდღიური მოქმედებების (მაგალითად, მანქანის მართვის) შესრულების უუნარობა;

სოციალიზაციის პრობლემები;

დეპრესია.

ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებთან კისერმრუდობის პროგნოზი გაცილებით საიმედოა.

მასალა მიმზადებულია  “ჟურნალი ავერსის” მიხედვით