რა ტიპის ჰორმონული ცვლილებები ვლინდება ორსულობისას და რამდენი კილოგრამი უნდა მოიმატოს ორსულმა?

ამის მიუხედავად ორგანიზმში ჰორმონული ბალანსი მოდიფიკაციას განიცდის და „ჰორმონების ქარიშხალმა“ შესაძლოა პირობითად ჯანმრთელ ქალსაც კი შეუქმნას პრობლემები.

ორსულობა მთლიანად ჰორმონულ ბალანსზეა დამოკიდებული და ამ პროცესს ენდოკრინოლოგია სწავლობს; სწორედ ამიტომ დროული დიაგნოსტირებისა და პრევენციული კვლევების უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდებულია ორსულმა კონსულტაცია გაიაროს როგორც მეან–გინეკოლოგთან, ისე ენდოკრინოლოგთან.

ორსულობის ნორმალური წარმართვისთვის საჭიროა ყველა ჰორმონი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდეს. ორსულობის წარმმართავ ჰორმონებად მაინც ესტროგენი და პროგესტერონი ითვლება, თუმცა ამით არ კნინდება სხვა ჰორმონთა მნიშვნელობა.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგი ნინო აბესაძე.

– რატომ უნდა ჩაეწეროს ორსული ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე?

 ერთი შეხედვით რამდენად უსიმპტომოდ და ფიზიოლოგიურადაც არ უნდა მიმდინარეობდეს ორსულობა, ჯანმრთელობა და ჯანმრთელი ადამიანი მაინც პირობითი ცნებაა! ორსულობა ქალის ორგანიზმისგან დამატებით რესურსებს მოითხოვს, შესაბამისად, ყველა ორგანო და სისტემა ორმაგი დატვირთვით ფუნქციობს. ამ ფონზე შედარებით ლაბილური (არამდგრადი, არამტკიცე) სისტემა მარტივად გამოდის წყობიდან და ავადობს. მაგალითად, თუ ქალს აქვს ქრონიკული აუტოიმუნური თირეოდიტი და დაორსულებამდე ფარისებრი ჯირკვალი პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ ფუნქციას, ორსულობის შემდეგ დატვირთვის მომატების გამო სავსებით შესაძლებელია ვეღარ გაუმკლავდეს საკუთარ დანიშნულებას. სწორედ ამ მდგომარეობის დროს ვლინდება ჰიპეთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ნაკლებობა, რაც არადიაგნოსტირებულ შემთხვევაში სავალალო შედეგით სრულდება!

იგივეს თქმა შემიძლია D ვიტამინის დეფიციტზეც, რომელიც უხშირესად უსიმპტომო მიმდინარეობით ხასიათდება და მშობიარობის შემდგომი ოსტეოპოროზისა და ბავშვებში რაქიტის განვითარების მიზეზი ხდება.

– რა ტიპის ენდოკრინულ კვლევებს ატარებთ ორსულებში?

 ყველა ორსულს აუცილებლად უნდა დაენიშნოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კვლევა, რომელიც რეკომენდებულია ჩატარდეს ორსულობის დაგეგმვისას და ორსულობის დიაგნოსტირებისთანავე. ცნობისათვის, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია. ორსულობის თავისებურებების გამო ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული დისბალანსის რისკი მაღალია. ორსულის ფარისებრი ჯირკვალი უფრო აქტიურად უნდა ფუნქციობდეს, ვიდრე სხვა ადამიანის და ხშირად ეს რესურსი ორსულს არ აქვს.

ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამა მე–2 ტრიმესტრში გლუკოზით დატვირთვის სკრინინგ–ტესტს ითვალისწინებს. თუმცა გლუკოზის ტესტის ჩატარება შესაძლოა გადაწყდეს პირველ ტრიმესტრში ინდივიდუალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. აუცილებელია D ვიტამინის დონის შეფასებაც. სხვა სპეციფიკური კვლევები ტარდება კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე.

– ორსულობა და სიმსუქნე.

 საბედნიეროდ, საზოგადოებაში წლების განმავლობაში ცირკულირებადი თემა, რომ ორსულმა ორის ნაცვლად უნდა იკვებოს დღეს წარსულს ჩაბარდა. დღეს ამ მხრივ ორსულის ცნობიერება საგრძნობლად ამაღლებულია. თუმცა მაინც ხშირად გვხვდება ჭარბი წონა…

ორსულთა სიმსუქნე შესაძლოა შემდეგი გართულებების ერთ–ერთი მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს და მაგალითად:

  • დიდი ნაყოფით მშობიარობის;
  • გესტაციური დიაბეტის:
  • ნაადრევი მშობიარობის;
  • პრეეკლამპსიის (ორსულობისას ჰიპერტენზიის, ანუ მაღალი არტერიული წნევის განვითარება).

ორსულობისას მოსალოდნელია საკვებ რაციონზე მოთხოვნილების გაზრდა 300 კკალორიით, რაც 1 ნაჭერი პიცის ან ნაყინის 1 ბურთულის ეკვივალენტია.

– ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, მაგრამ გაიდლაინების მიხედვით, რამდენი კილოგრამის მომატების „უფლება“ აქვს ორსულს?

ამერიკის მეანობისა და გინეკოლოგიის კოლეჯის, ასევე აშშ–ის მედიცინის ინსტიტუტის რეკომენდაციით, ორსულობამდე ნორმალური წონის ქალებს (სხეულის მასის ინდექსი 18–დან 25 კგ/მ2) ორსულობის მიწურულს უნდა ჰქონდეთ ნამატი 11–დან 16 კილოგრამამდე. გამხდარს (სხეულის მასის ინდექსი

– ორსულობისას ვიტამინებზე მოთხოვნილება იზრდება და რა უფრო მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება თუ რაციონს დამატებული მულტივიტამინები?

 დიახ, ორსულობისას ვიტამინებსა და მინერალებზე მოთხოვნილება იზრდება. ვიტამინებიდან მნიშვნელოვანია D ვიტამინი და B9 ვიტამინი – ფოლიუმის მჟავა.

მინერალებიდან განსაკუთრებით სასარგებლოა:

  • რკინა;
  • იოდი;
  • კალციუმი.

ორსულს სჭირდება თუ არა დანამატები, დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე და ამ საკითხს ენდოკრინოლოგი და მეან–გინეკოლოგი ინდივიდუალურად ადგენენ.

დაუშვებელია ფოლიუმის მჟავის პროფილაქტიკური დოზის დამატება რუტინული მეთოდით. ეს ეხება იოდსაც!

საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული ავტორიტეტული კვლევებით, იოდიზირებული მარილით პროფილაქტიკა ეფექტური აღმოჩნდა და დღეს ყველა შემთხვევაში ორსულისთვის იოდის დანიშვნა საჭირო აღარაა.

რაც შეეხება რკინას, D ვიტამინსა და კალციუმს, უმჯობესია მათი დანამატების სახით დანიშვნის საკითხი გადაწყდეს კლინიკურ–ლაბორატორიულ მონაცემებთან კორელაციაში.

D ვიტამინი ორგანიზმმა უნდა შეითვისოს ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზით. რა თქმა უნდა, მედიკამენტი უნდა გამოწეროს ენდოკრინოლოგმა შესაბამისი დანიშნულებით, ექიმ–სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე, თვითნებურად ტაბლეტის მიღება დაუშვებელია! ექიმის ნებართვა საჭირო არაა და შეგიძლიათ ეს ვიტამინი მზის სხივებით შეითვისოთ, რასაკვირველია, დღის რეკომენდებულ მონაკვეთში (შუადღის მზის გულზე ყოფნა მავნებელია როგორც ორსულისთვის, ისე არაორსულისთვის). თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული ვიტამინის მხოლოდ მზით შეთვისება ბევრი ადამიანისთვის ეფექტური გზა ნამდვილად არ არის.

მეცნიერები ვიტამინის დეფიციტს უკავშირებენ:

  1. ძვლოვანი სისტემის პათოლოგიებს;
  2. რაქიტს;
  3. მშობიარობის შემდგომ ოსტეოპოროზს;
  4. უშვილობას;
  5. საკვერცხის პოლიკისტოზს;
  6. ჭარბ წონას;
  7. ნაყოფის მცირე წონას;
  8. ნაადრევ მშობიარობას;
  9. მშობიარობის შემდგომ გახანგრძლივებულ სისხლდენას;
  10. გესტაციურ დიაბეტს;
  11. ბავშვთა ასთმას და სხვა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წყარო : nlife.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები