კორონავირუსის პარალელურად, ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზრდას დეკემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე “დღის კურიერის” ეთერში წამყვანისა და მაყურებლის აქტუალურ კითხვებს პასუხობდა. რამდენად ნორმალურია, როდესაც ბავშვს კორონავირუსის დროს 40 გრადუსამდე უწევს ტემპერატურა და რატომაა ამ სეზონზე გრიპის ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ივანე ჩხაიძე აღნიშნავს:

რა თქმა უნდა, ტემპერატურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. სულ რამდენიმე კვირის წინ პედიატრიული კორონავირუსის მართვის ეროვნული პროტოკოლის ახალი ვერსია განვათავსეთ ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე, სადაც მითითებულია, თუ რა შემთხვევები შეიძლება წარმოადგენდეს მძიმე მიმდინარეობის მაჩვენებელს, ანუ რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს აუცილებლად ბავშვის საავადმყოფოში მიყვანის საკითხი. ერთ-ერთი წამყვანი სწორედ ტემპერატურაა, ოღონდ ერთი მინიშნებით. მაღალი ტემპერატურა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ოღონდ თუ ტემპერატურის მართვა ბინის პირობებში ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს, შეიძლება 1-2 დღის განმავლობაში ბინაზეც იმართოს, მაგრამ  გვაქვს ასეთი მითითება, რომ თუ 3 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, მაშინ უმჯობესია ბავშვი ჰოსპიტალში იყოს გადაყვანილი. ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია.

4 წლის ბავშვისათვის გვაქვს ასეთი მითითება, 3-დან 5 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა, ანუ 38,5-ზე მეტი წარმოადგენს იმ მდგომარეობას, რომლის მართვა ბინაზე არ არის რეკომენდებული. ეს ბავშვი საავადმყოფოში უნდა წაიყვანონ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ახსენეთ რესურსი, სად შეიძლება  ნახონ ადამიანებმა, მოქალაქეებმა ის რეკომენდაციები, რაზეც ახლა საუბრობთ?

ღია ტექსტი შეიძლება ნახოთ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საიტზე. იქ არის ერთი განყოფილება, რომელიც ეროვნულ პროტოკოლებს ეძღვნება. ეროვნულ პროტოკოლში სრული ვერსიის ნახვაა შესაძლებელი, სადაც დეტალურადაა აღნიშნული პროტოკოლის ფარგლებში როგორც ჰოსპიტალიზაციის ჩვენებები, ისე კლინიკური ნიშნები, ბინაზე მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ, პრაქტიკული თვალსაზრისით, კორონავირუსის შემთხვევაში ძალიან ბევრი და საჭირო პროტოკოლი და გაიდლაინი დევს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საიტზე, მათ შორის, პედიატრიული, ბინაზე მართვის სხვა. არა მარტო ექიმებს, ყველას შეუძლია გაეცნოს, ვისაც სურვილი აქვს.

ბევრი მშობელი გვწერს და გვეუბნება, რომ ძალიან უჭირთ ბავშვის სახლში გამოკეტვა. მაგრამ, თუ ეზოში გაჰყავთ, ისიც უჭირთ, აუკრძალონ კონტაქტი სხვა ბავშვებთან. სათამაშო მოედნებზე ამის გაკეთება საკმაოდ რთულია. როგორ უნდა მოახერხონ მშობლემა ისე, რომ ბავშვებს თან აიძულონ დაიცვან სოციალური დისტანცია, თან არ გამოკეტონ სახლებში?

ჩვენ გვქონდა ისეთი მძიმე პერიოდი გაზაფხულზე, როდესაც მკაცრი შეზღუდვები იყო და მოწოდება “დარჩი სახლში” ბავშვებსაც ეხებოდა, თუმცა მაშინაც იყო შესაძლებელი მშობლის აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ ბავშვის გაყვანა მინიმუმ ნახევარი საათით ეზოში, სუფთა ჰაერზე, ბაღში. პირველ რიგში, ეს იყო გაზაფხულის პერიოდში აუცილებლობა D ვიტამინის მიღების, მზის სხვებთან ერთად და მეორე, რაც ახლაც რჩება, ძალიან რთულია ბავშვი გამოკეტო ოთხ კედელში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ბევრი ემოციური და ქცევითი პრობლემა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფიქსირდება, სწორედ სახლში ჩაკეტვასა და იზოლირებასთანაა დაკავშირებული. ახლა ასეთი მკაცრი შეზღუდვა არ გვაქვს, მაგრამ ნებისმიერი ქცევა, მიუხედავად ასაკისა, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს იმ მარტივ რეკომენდაციებს, რომლებიც ახსენეთ. ეს არის ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, 2 მეტრი მინიმუმ, ხელების ხშირი დაბანა. ნიღაბთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვაა, თუ რა ასაკიდან შეიძლება ბავშვს გავუკეთოთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და UNICEF- ის ძალიან მკაფიო რეკომენდაცია გვაქვს, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვში ნიღბის ტარება აუცილებელი არ არის, ვინაიდან ამ ასაკობრივ ჯგუფს არ შეუძლია მისი შესაბამისად გამოყენება. და ასეთ შემთხვევაში რისკები უფრო მეტია. ერთი მცირე მითითებაა, თუ აუცილებელია 6 წლამდე ასაკის ბავშვს ახლო კონტაქტი ჰქონდეს რომელიმე ადამიანთან, თქვენი მეთვალყურეობით, რამდენიმე წუთის განმავლობაში გაუკეთეთ. 6-დან 12 წლამდე არის რეკომენდაცია, რომ გამოვიყენოთ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად. დღეს საქართველოში არსებული მდგომარეობა მკაცრად განსაზღვრავს, რომ 6 წლის ზემოთ ნიღაბი უნდა იყოს გამოყენებული. ასე რომ, 6 წლის ზემოთ ყველა შემთხვევაში, 6 წლის ქვემოთ მხოლოდ მაშინ, თუ ამის კატეგორიული აუცილებლობა არსებობს. დანარჩენი მითითება, რა თქმა უნდა, ეფუძნება დისტანციის დაცვას. აუცილებელია და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ხელის დაბანის რჩევა არ უნდა იყოს მხოლოდ ზეპირი და აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ბავშვებს პრაქტიკაში, თუ როგორ უნდა დაიბანონ სწორად. ხელის დაბანის ხანგრძლივობა მინიმუმ 20 წამი უნდა იყოს. თუ ბავშვი ქუჩაში გადაადგილდება და გიწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ან სხვა დროს, როდესაც ხელმიუწვდომელია სუფთა წყალი, მაშინ ხელის დასამუშავებელი სანიტაიზერი აუცილებელია. თუ ამ რეკომენდაციებს დაიცავთ, დარწმუნებული იყავით, რომ მინიმუმამდე დაიყვანთ კორონავირუსის გადაცემის რისკს.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ D ვიტამინი ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნას და ხომ არ არის ბავშვებში საშიში, როდესაც ამ ვიტამინს ვაძლევთ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში?

D, Cდა A ვიტამინთან დაკავშირებით იყო გარკვეული მოლოდინები და შესაძლებლობა იმის, რომ მათ ჰქონოდათ დამცველობითი როლი კორონავირუსის მიმდინარეობისას. ან დაავადების სიმძიმის შემცირების თვალსაზრისით ან კიდებ ინფიცირების შემცირების კუთხით. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მოლოდინია. არ არსებობს არც ერთი კვლევა, რომელიც დაადასტურებს, რომ ამ ვიტამინების გამოყენებამ შესაძლებელია კორონავირუსით ინფიცირება თავიდან აგვაცილოს. თუმცა, ყველა ის ვიტამინი, რომელიც აღვნიშნეთ, როგორც D ვიტამინი, ისე C და A ვიტამინი არის სასარგებლო ზოგადად ბავშვის დამცველობითი ძალების გაძლიერებისა და იმუნური სისტემის გაძლიერების თვალსაზრისით. ასე რომ, ამ ვიტამინების მიღება შესაძლებელია, როდესაც ფიქრობთ, რომ დეფიციტია. პირველ რიგში, დეფიციტი შეიძლება შეიქმნას არასრულფასოვანი კვებისა და ჰაერზე გაყვანის შემცირებული ხანგრძლივობის გამო. ამიტომ, გაზაფხულის პერიოდშიც და ახლაც შესაძლებელია ამ ვიტამინების ხანმოკლე კურსის გამოყენება იმ შემთხვევაში თუ თქვენ ზემოთ აღნიშნულ მოვლენებს ვერ ასრულებთ. მაგრამ ის, რომ რომელიმე ვიტამინის მიღება რისკთან იყოს დაკავშირებული, საბედნიეროდ, ასეთი მონაცემები არ არსებობს.

  აუცილებელია თუ არა ბავშვებს გრიპის ვაქცინა ჩაუტარდეთ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც აქტიური სეზონი იწყება?

– აუცილებელია და წელს ამას ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ. ზოგადად, 6 თვიდან 18 წლამდე ბავშვები რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ ამ რეკომენდაციას ყოველწელს ვიძლეოდით. თუმცა, წლევანდელი სრულიად გამორჩეულია. ამ შემთხვევაში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფრო ბევრი დადებითი კომპონენტი ახლავს. პირველ რიგში, იმ ბავშვების რიცხვის შემცირება, რომელთა საავადმყოფოში მოთავსება შესაძლებელია აუცილებელი გახდეს გრიპის გამო. იცით, რომ კორონავირუსის გამო გარკვეული პრობლემები შეიქმნა საწოლებით უზრუნველყოფაში, ეს ეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანს. გრიპმა შეიძლება გაზარდოს საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების რისკი, მათ შორის ბავშვების. კორონავირუსისგან განსხვავებით, გრიპის ვირუსი გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვთა ასაკში. განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში. გრიპით ავადობის შემთხვევაში, რისკი იმისა, რომ თქვენი ბავშვი შეიძლება დამძიმდეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდეს აუცილებელი, არსებობს. ერთადერთი პრევენციული შესაძლებლობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა. ამიტომ, წელს ჯერ კიდევ არ არის გვიან. ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი ნოემბერია, მაგრამ საქართველოში გრიპის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. შემთხვევებს დეკემბრის შუა რიცხვებიდან ველოდებით, მაგრამ ორკვირიანი პერიოდი ვაქცინის გაკეთებიდან იმუნიტეტის გამომუშავებამდე ჯერ კიდევ არის.

ასე, რომ ვისაც არ გაუკეთებია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, არ აქვს მნიშვნელობა, ოთხკომპონენტიანი თუ სამკომპონენტიანი, აუცილებლად უნდა გაიკეთოს.

მოამზადა: ნათია ხაინდრავამ