რა როლი აქვს ბავშვის განვითარების პროცესში ბაღს?

ბაღი ესა არის ადგილი, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში.ეს ცხოვრების პირველი ეტაპია, როდესაც აღსაზრდელი საზოგადოებაში ხვდება, სწავლობს ურთიერთობებს და, რაც მთავარია, ეჩვევა ახალ გარემოს. ბაღის მთავარი მნიშვნელობა გახლავთ ის, რომ ამ დროს ბავშვები გადიან მომზადების ეტაპს სკოლისათვის. სადაც მათ მეტად რთული გარემოება დახვდებათ, კერძოდ, მოუწევთ შეეგუონ და გაუმკლავდნენ კონკურენციას, მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი უნარ-ჩვევები, რათა მათი შრომა დროთა განმავლობაში ნაყოფიერი გახდეს.

ბავშვის განვითარების პროცესში ბაღის მნიშვნელობაზე, ჩვენ ფსიქოლოგ ანა მეუნარგიას ვესაუბრეთ :

როგორია მშობლის როლი ბავშვების ბაღში მოყვანამდე?

ბავშვის ბაღში მიყვანამდე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რამდენიმე გარემოება. 3 წლამდე ასაკში, ყალიბდება მიჯაჭვულობა მშობელსა (ან აღმზრდელს, მეურვეს) და ბავშვს შორის. ეს არის ბავშვის ბაზისური რწმენების ჩამოყალიბების წინაპირობა, რაც სამყაროსადმი ნდობის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ძირითადად, ბავშვები სამყაროს მათ გარშემო მყოფი უფროსების რეაქციებით აღიქვამენ. როცა ბავშვის გარემო უსაფრთხოა, ბავშვის გარშემო მყოფი უფროსები ადვილად ხვდებიან როცა ბავშვს რამე აწუხებს (ცხელა ან სცივა, დაღლილია, ავად არის და ა.შ) ან რამე უნდა (შია, სწყურია ან ეძინება) და მალევე უკმაყოფილებენ ამ მოთხოვნილებებს ბავშვის აღქმაში სამყარო ხდება გასაგები და უსაფრთხო ადგილი. როცა ბავშვს აქვს უსაფრთხო მიჯაჭვულობა მისთვის უფრო ადვილი ხდება გარემოსთან და მათ შორის, ბაღთან ადაპტაციაც.

ასევე მნიშვნელოვანია მშობელიც იყოს მზად ბავშვის ბაღში დატოვებისთვის, ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება ბაღისა და ბაღის პედაგოგების მიმართ. ხშირად არც მშობლისთვის არის ადვილი ბავშვთან განშორება და ბაღის გარემოში მისი დატოვება. მშობლის მზაობა ასევე, იმაში გამოიხატება, თუ რამდენად უწყობს ის ხელს ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარებას და გარკვეული უნარ-ჩვევების ათვისებას. მაგალითად, თვითმოვლის უნარები, დამოუკიდებლად კვება, ჩაცმა, ტუალეტის უნარები. როცა ბავშვს შეუძლია თავის თავს მოემსახუროს იზრდება მისი თვითშეფასებაც და დამოუკიდებლობის ხარისხიც.

რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ბაღში მიყვანა?


ბავშვისთვის ბაღში მისვლამდე მნიშვნელოვანია განვითარებული ჰქონდეს მარტივი თვითმოვლის უნარები. გარდა ამისა, ჰქონდეს თანატოლებთან ურთიერთობის სოციალური გამოცდილება. კვლევები აჩვენებს, რომ ეს არის დაახლოვებით 3 წელი. ამ დროს, ბავშვს წესით უკვე აქვს თანატოლებთან სოციალური ურთიერთობის გამოცდილება, ჩამოყალიბებული აქვს გარკვეული უნარები (როგორიცაა დამოუკიდებლად კვების უნარი, საპირფარეშოს უნარჩვევები), რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბავშვი მზად არის ბაღში წასასვლელად და ახალი უნარების შესაძენად. 3 წლამდე არის პარალელური თამაშის პერიოდი (როცა ბავშვი სხვა ბავშებთან ერთად კი არა, მათ გვერდზე დამოუკიდებლად თამაშობს ან აკვირდება სხვათა თამაშს, მაგრამ ამჯობინებს მარტო თამაშს). სამი წლიდან კი უკვე ერთვება სხვა ბავშვებთან ერთად თამაშში, უჩნდება მეტი ავტონომიურობის მოპოვების და სოციალურ აქტივობებში ჩართვის მეტი სურვილი. ამ დროს, სასურველია მაქსიმალურად წავახალისოთ ბავშვის დამოუკიდებლობა და ბავშვის „მე თვითონ“ ინიციატივა წავახალისოთ, მოვიწონოთ და განხორციელების შესაძლებლობა მივცეთ.

როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი ბაღისთვის, რომ შეგუების რთული პერიოდი თავიდან ავიცილოთ და შეხვდეს ბავშვი ბაღს ცრემლების გარეშე?

ამ დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. მომზადება კი ბაღში მისვლამდე რამდენიმე თვით ადრე დავიწყოთ. პირველ რიგში, ბავშვი უნდა მოვამზადოთ განშორებისთვის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ძირითადად ბავშვის ღელვა და ცრემლიანობა ბაღთან დაკავშირებით, ძირითადად განშორების შფოთვასთან არის დაკავშირებული და ბავშვების უმეტესობას ეშინია, რომ მას აღარ მიაკითხავენ. ამიტომაც სასურველია, რომ ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხო ადგილას, გარკვეული პერიოდით დარჩენის პოზიტიური გამოცდილება, იქნება ეს ძიძასთან ერთად საკუთარ სახლში, ბებია-ბაბუას სახლში, თუ სხვა ადგილას, სადაც ბავშვი მშობლის გარეშე გაატარებს გარკვეულ დროს. ამ დროს, მნიშვნელოვანია მშობელი ბავშვს არ „გაეპაროს“ და წინასწარ შეუთანხმდეს იმაზე, თუ როდის მიაკითხავს მას (ამ რეკომენდაციის შესრულება თვეების ბავშვთანაც შეგიძლიათ და შედეგიც უფრო ეფექტიანი იქნება). ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია შეასრულოთ მიცემული პირობა. ასე, ბავშვს უკვე ექნება გარკვეულ ადგილას, გარკვეული დროით დარჩენის გამოცდილება და როცა ბაღში მისულს ეტყვიან, რომ ამ დროს მიაკითხვაენ (გამოიყენეთ საათი, აჩვენეთ როდის მიხვალთ, ან გამოიყენეთ დღის განრიგი) მისთვის ეს ბუნებრივი და ჩვეული რამ იქნება.
მნიშვნელოვანია მშობელსაც პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდეს ბაღის, ჯგუფის და პედაგოგის მიმართ, იცნობდეს და ენდობოდეს მათ, ჰქონდეს თანამშრომლური დამოკიდებულება. რადგან სასურველია, რომ ბაღს და ოჯახს მსგავსი აღზრდის პოლიტიკა ჰქონდეთ ბავშვთან მიმართებაში.
გარემოსთან ადაპტაცია, ამისთვის შეგვიძლია, ბაღის დაწყებამდე ხანდახან მივიყვანოთ ხოლმე ბავშვი ბაღში, გავაცნოთ შენობა და იქაური გარემო, გავაცნოთ პედაგოგი და ბავშვის თანდასწრებით გამოვხატოთ მის მიმართ პოზიტიური ნდობითი დამოკიდებულება. თუ მისვლის შესაძლებლობა არ არის კარგი იქნება სურათები მაინც დაათვალიეროთ ერთად როგორც ბაღის ასევე მისი მომავალი პედაგოგისაც.
კარგი იქნება თუ მოახერხებთ ბავშვთან ერთად ბაღთან დაკავშირბული თამაშების თამაშს, მაგალითად, „ბაღობანა“, რომლის დროსაც სათამაშოები მიდიან ბაღში, იქ ხვდება მასწავლებელი და სხვა სათამაშოები (წარმოადგინეთ ბაღის სიტუაცია პოზიტიური კონტექსტით), გაითამაშეთ, როგორ აკითხავს მშობელი ბავშვს და გამოყავს იქიდან; გაითამაშეთ მომენტი როცა პატარა ძაღლუკას ან სხვა სათამაშოს ეშინია ბაღში დარჩენა და ჰკითხეთ „რისი გაკეთება შეუძლია ამ დროს სათამაშოს?“ საჭიროების შემთხვევაში თავად შესთავაზეთ გამოსავალი „იქნებ მასწავლებელს დაელაპარაკოს? ან სხვა..
კარგი იქნება თუ ხშირად ითამაშებთ ხოლმე „ბაღობანას“ სათამაშოებით ან უბრალოდ როლური თამაშის სახით;
ასევე კარგი იქნება თუ ბავშვთან ერთად დაწერთ პატარა ზღაპარს „ჩემი პირველი დღე ბაღში“ და ერთად წაიკითხავთ ხოლმე;
გარდა ამისა, შეგიძლიათ წაუკითხოთ სხვადასხვა წიგნები და ზღაპრები ბაღში შესვლის და დარჩენის შესახებ ეს ბავშვებს შფოთვის შემცირებაში დაეხმარება.
ასევე, ერთად მოემზადეთ ბაღში წასასვლელად, მაგალითად შეიძინეთ ბაღისთვის საჭირო ნივთები, მოამზადეთ ბაღში წასასვლელი ტანსაცმელი, სათამაშო ან წიგნი.
პირველი პერიოდისთვის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ბაღში ბავშვის ნახევარი დღით დატოვება სცადოთ, რათა ბავშვი უფრო მარტივად შეეგუოს ბაღში სიარულის იდეას.

როგორ მივიქცეთ თუ ბავშვს ვერ ეჩვევა ბაღს და აქვს გაუცხოება?

თავდაპირველად მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ თუ რა შეიძლება იყოს გაუცხოვების მიზეზი, გავაკეთოთ იმის ანალიზი რა შეიძლება აწუხებდეს ბავშვს ბაღში დარჩენის დროს. როგორ გამოხატავს ბავშვი თავის დამოკიდებულებას? იქნებ სხვაგან დარჩენაც უჭირს? ან იქნებ ბაღში მისვლის შემდეგ უჭირს სხვაგან დარჩენა? საინტერესოა ასევე იმის გარკვევაც, თუ რა უშლის ხელს ადაპტაციაში? თავიდან, პრობლემის ამოსაცნობად შეგიძლიათ გამოიყენოთ თამაშის მეთოდი, ერთად ითამაშოთ „ბაღობანა“, სადაც მაგალითად, სპილოს აქვს იგივე პრობლემები რაც ბავშვს და ჰკითხოთ ბავშვს „ნეტავ რა აწუხებს სპილუკას? როგორ დავეხმაროთ მას?“ ასეთი თამაშით ბევრ რამეს გაიგებთ ბავშვის დამოკიდებულების შესახებ და შეძლებთ უკეთ დაეხმაროთ მას. ამ დროს, ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს, რომ მშობელს სჯერა და ესმის მისი. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს რეალური პრობლემა ბაღის პერსონალთან ან ბავშვებთან ან შესაძლოა ჰქონდეს ემოციური ტიპის სირთულეები, რომლის დროსაც მშობელს შეიძლება დასჭირდეს გარე, სპეციალიზებული მხარდაჭერის ძიება და საჭირო იყოს პროფესიონალის ჩარევა, რომელიც მიეხმარება მას ბავშვის ქცევისა და ემოციების ანალიზში და შემდგომ მართვაში.

რა დანიშნულება აქვს ბაღის ჯგუფებს?

ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია სტრუქტურის არსებობა, იმისთვის რომ არ იყოს ქაოსი და გაურკვევლობა. მნიშვნელოვანია, რომ ბაღის ჯგუფში იყოს გარკვეული რაოდენობის ბავშვები. ეს ბავშვის შფოთვას ამცირებს, ამ დროს ის იცნობს, როგორც თავის პედაგოგებს ასევე ჯგუფელებს და იწყებს სოციალური კავშირების დამყარებას და ურთიერთობების ჩამოყალიბებას. დღეისათვის ბაღების უმეტესობაში ჯგუფები დაყოფილია ასაკობრივი განვითარების მიხედვით, რათა ბავშვებმა ერთნაირად აითვისონ და განივითარონ სოციალური თუ სხვა უნარები. თუმცა როდესაც შერეულ ჯგუფებზეა საუბარი, ამასაც თავისი ხიბლი აქვს, უფროსი ბავშვები სწავლობენ უმცროსებზე ზრუნვას და სხვების სურვილების გათვალისწინებას, პატარებს კი აქვთ პოზიტიური მაგალითი.

ხშირად გვსმენია, მშობლების ჩივილი იმ ფაქტის გამო, რომ ჯგუფები გადავსებულია. რამდენი ბავშვის ყოფნა არის დასაშვები ერთ ჯგუფში?
წესით, რეკომენდებულია ჯგუფში 16-20 ბავშვი (იქნებ 6 და მე7 კითხვა გაგვეერთიანებინა?)

ახდენს თუ არა გავლენას, ჯგუფში დაშვებულზე მეტი რაოდენობის ბავშვის ყოფნა, აღსაზრდელების ფსიქიკაზე?
როგორც წესი, რეკომენდირებულია ბაღის ჯგუფში 16-20 ბავშვის დაშვება, რომელთაც ეყოლება 2 პედაგოგი და დამხმარე მასწავლებელი. ამ დროს , ბავშვებზე პედაგოგების და დამხმარეს ყურადღება თანაბრად არის გადანაწილებული. ამ დროს იზოგება, როგორც პედაგოგის ფიზიკური და ფსიქიკური რესურსი, ექცევა სათანადო ყურადღება ბავშვს და ჯგუფში მიმდინარე პროცესებს.

უნდა ისწავლოს თუ არა ბავშვმა ბაღის ასაკში წერა, კითხვა, ანგარიში ?


ბაღი არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც ხდება ბავშვის სასკოლო ცხოვრებისთვის მომზადება, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვთან ამ პერიოდში გარკვეული სოციალური, ფიზიკური და ემოციური უნარ-ჩვევების განვითარებაზე ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია ამ პერიოდში ბავშვმა ისწავლოს სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, მათთან ერთად კონსტრუქციული თამაში, გაზიარება, დათმობა, კონფლიქტის გარკვეულ დონემდე მოგვარება, დახმარების თხოვნა საჭიროების შემთხვევაში და ა.შ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიეჩვიოს გარკვეულ რუტინას და განრიგის დაცვას. როდესაც სკოლამდელი ასაკის ბავშვს განვითარებული აქვს ეს უნარები, სასკოლო პერიოდში, როდესაც ვითარდება მისი ნებელობა და ბავშვის მთავარი ინტერესი სწავლა ხდება უადვილდება პროცესში ჩართულობა, რადგან აღარ ეხარჯება ემოციური ენერგია ზემოთ ჩამოთვლილ სირთულეებზე.


თუ ბავშვები არ დადიან ბაღში, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები? რას ურჩევდით მათ?

ბაღში სიარული მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ასევე, მისი ზოგადი განვითარებისთვისაც, მაგრამ როცა გარკვეული მიზეზების გამო, ბავშვი ვერ ახერხებს ბაღში სიარულს მაშინ მნიშვნელოვანი ხდება მშობლის დახმარებით ბავშვმა განივითაროს ზემოთ ჩამოთვლილი უნარები, მარტივი თვითმოვლის უნარები, მოტორული განვითარება, რიგის დაცვა, დახმარების თხოვნა, გაზიარება და კონფლიქტის მოგვარების მარტივი უნარ-ჩვევები. ამისთვის საჭიროა ბავშვს ჰქონდეს თანატოლებთან ურთიერთობა, იქნება ეს ბავშვები ეზოში, პარკში თუ მშობლების მეგობრის შვილები, რათა ბავშვს განუვითარდეს სოციალური უნარებიც.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები