რა კავშირშია უშვილობა და იმუნური სისტემა?

როდესაც ერთწლიანი რეგულარული დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შედეგად ქალი არ ორსულდება, ექიმები უშვილობაზე ლაპარაკობენ.

თუ ორივე პარტნიორის რეპროდუქციული ფუნქციის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, უშვილობის მიზეზი შესაძლოა მათი იმუნოლოგიური შეუთავსებლობა იყოს. უფრო სწორად, ავტოიმუნური პროცესი, რომელიც საკუთარი უჯრედების, ამ შემთხვევაში კი სპერმატოზოიდების წინააღმდეგ არის მიმართული.
წყვილის იმუნური შეუთავსებლობით გამოწვეული უშვილობა ჯერჯერობით შეუსწავლელ საკითხთა რიცხვს მიეკუთვნება. ამ ტიპის უშვილობის მიზეზია სპერმის საწინააღმდეგო ანტისხეულები – იმუნური ცილები, რომლებიც შეიძლება როგორც ქალის, ისე თავად მამაკაცის ორგანიზმში წარმოიქმნას. და, რა გასაკვირიც უნდა იყოს, მამაკაცებთან ისინი უფრო ხშირად გვხვდება.
საბედნიეროდ, ანტისპერმული ანტისხეულების (ასა) არსებობა სამუდამო უშვილობას არ ნიშნავს – სათანადო მკურნალობის შემდეგ შვილის გაჩენის შანსი საგრძნობლად იზრდება.

  • როგორ მუშაობს იმუნიტეტი

“იმუნიტეტი” წარმოდგება ლათინური სიტყვისგან იმმუნიტას, რაც “ტვირთისგან თავისუფალს” ნიშნავს. ძველ რომში ასე მოიხსენიებდნენ გარკვეული სამსახურისგან თავისუფალ მოქალაქეებს. ბიოლოგიასა და მედიცინაში კი ეს ტერმინი “დაავადებისგან თავისუფლის” აღმნიშვნელად გამოიყენება.
იმუნური სისტემა იცავს მასპინძელ ორგანიზმს უცხო მიკროორგანიზმებისა და ისეთი უჯრედებისგან, რომლებმაც ფუნქცია უკვე დაკარგეს. მისი სამუშაოს არსი კი საკუთარი და უცხო უჯრედების ერთმანეთისგან განსხვავებაა. საკუთარი ქსოვილების დესტრუქციის თავიდან ასაცილებლად იმუნური სისტემა იყენებს ავტოტოლერანტობის ანუ საკუთართან შეგუების მექანიზმს, რომელიც ამგვარად მუშაობს:


განვითარების ადრეულ სტადიაზე ემბრიონის უჯრედთა უმრავლესობას აქვს სპეციფიკური ცილა-ანტიგენები, რომელთა მიხედვითაც იმუნური სისტემა სწავლობს და იმახსოვრებს საკუთარ უჯრედებს და მომავალში მათ აღარ ებრძვის. ეს პროცესი ყველაზე აქტიურად მუცლად ყოფნის პირველ ტრიმესტრში მიმდინარეობს. მომდევნო კვირებში მისი ინტენსივობა იკლებს, თუმცა მთელი მუცლად ყოფნის პერიოდში და დაბადების შემდეგაც გრძელდება.


თუმცა ზოგიერთი უჯრედი ემბრიონის განვითარების გვიან სტადიებზე ყალიბდება და საცნობი ცილა-ანტიგენებიც გვიან უჩნდება. ვინაიდან იმუნური შეცნობის პროცესი უკვე დასრულებულია, ეს უჯრედები იმუნური სისტემისთვის უცხო რჩება, ამიტომ ისინი გამოყოფილნი არიან სპეციალური ბარიერებით, რომლებიც აღნიშნულ უჯრედებს სისხლში მოცირკულირე იმუნური უჯრედებისგან იცავს. მაგალითად, ნეირონები ჰემატოენცეფალური ბარიერით არის დაცული, ხოლო სათესლე ჯირკვლები და მათში გამომუშავებული სპერმატოზოიდები – ჰემატოტესტიკულური ბარიერით.
ამის ნათელი მაგალითია სპერმატოგენეზი, რომელიც 11-13 წლის ასაკში იწყება. ამ დროს სპერმა შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც საჭიროა კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის და იმავდროულად უცნობია მასპინძლის იმუნური სისტემისთვის. სწორედ ამ მიზეზით შეიძლება განვითარდეს იმუნური პასუხი. სპერმატოზოიდები წარმოიქმნება სპეციალურ მილებში – სპერმატოგენულ სადინარებში, რომელთა უჯრედები ატარებს ჟანგბადს, ჰორმონებსა და საკვებ ნივთიერებებს და იმავდროულად ხელს უშლის იმუნურ უჯრედებთან კონტაქტს.
აქვე უნდა განვმარტოთ ჯვარედინი რეაქტიულობის ცნებაც. ეს არის მოვლენა, რომლის დროსაც ერთი ანტისხეული რამდენიმე ანტიგენის წინააღმდეგ მოქმედებს. იმუნური უშვილობის დროს შესაძლოა, მამაკაცის ორგანიზმში ანტისხეულები არა სპერმის, არამედ რომელიმე ინფექციური აგენტის წინააღმდეგ წარმოიქმნას, მაგრამ ჯვარედინად რეაგირებდეს სპერმაზე და მისი ფუნქციის გაუმართაობას იწვევდეს.

  • მიზეზები

მიზეზთა გამო ჰემატოტესტიკულური ბარიერის ფუნქცია შესაძლოა მოიშალოს და სპერმატოზოიდების ანტიგენებისა და სისხლის უჯრედების ურთიერთქმედებამ გაააქტიუროს იმუნური პროცესების მთელი წყება, რომელიც სპერმატოზოიდების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ასეთი მიზეზებია:

  • მამაკაცის შარდსასქესო სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები (კრიპტორქიზმი, ორქიტი);
  • ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია;
  • ტრავმა (სათესლის შემოგრეხა, სათესლის პირდაპირი ტრავმა);
  • სათესლე ჯირკვალში ტემპერატურის მატება ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობის დროს;
  • შარდსასქესო სისტემის ინფექცია;
  • ოპერაციული ჩარევა სათესლე ჯირკვალზე;
  • ენდოკრინული დარღვევები;
  • გენეტიკური დარღვევები;
  • იმუნური ფაქტორები.

როგორ მოქმედებს რეპროდუქციაზე


ასა-ს აღმოჩენის შემდეგაც დიდხანს აუხსნელი რჩებოდა, რა მექანიზმით ზემოქმედებდა ანტისხეულები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. XXI საუკუნეში ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა კვლევამ აჩვენა, რომ მათი მოქმედების მექანიზმი მრავალფეროვანია. ყველაზე ცნობილი და კარგად შესწავლილია შემდეგი გავლენები:

  • სპერმატოზოიდების მოძრაობის შეზღუდვა;
  • სპერმატოზოიდების ფუნქციური აქტივობის დათრგუნვა;
  • კვერცხუჯრედის განაყოფიერების პროცესის დარღვევა;
  • განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ღრუში ჩანერგვის, ზრდისა და განვითარების შეფერხება.

მოდი, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ იმუნური უშვილობისა და ასა-ს გავლენის ყველაზე უკეთ შესწავლილი ასპექტები.

  • იმუნიტეტი და ფერტილობა

ადამიანის რეპროდუქციის უნარი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმუნური სისტემის გამართულ მუშაობაზე. იმუნური უჯრედები და მათ მიერ სინთეზირებული პროდუქტები აქტიურად მონაწილეობენ ოვულაციაში, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის ენდომეტრიუმის მომზადებაში, სასქესო უჯრედების ურთიერთობასა და ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობაში.
ცნობილია ეაკულატის 40-მდე ანტიგენი, რომელთა წინააღმდეგაც წარმოიქმნება ანტისხეულები. საშვილოსნოს ყელი წარმოადგენს ადგილობრივი იმუნიტეტის (თავდაცვითი მექანიზმის) ძირითად რგოლს, ამიტომ ანტისხეულები ქალის სხეულში უმეტესად საშვილოსნოს ყელში, იშვიათად – ენდომეტრიუმსა და მილებში გვხდება.

  • სპერმატოზოიდის ოდისეა

იმუნური სისტემის სამიზნე შესაძლოა სპერმატოზოიდის ნებისმიერი ნაწილი გახდეს. ასა ფიქსირდება სპერმატოზოიდის თავზე, ყელზე, კუდზე…
სპერმატოზოიდისთვის აუცილებელია მოძრაობა. კვერცხუჯრედამდე მისაღწევად მან გრძელი გზა უნდა გაიაროს. ამ პროცესზე კი კუდია პასუხისმგებელი. ის მსუბუქი და მოქნილი ცილებისგან შედგება, რათა სპერმატოზოიდმა სწრაფად და შეუფერხებლად მიაღწიოს დანიშნულების ადგილს. კუდის საწინააღმდეგო ანტისხეულები მჭიდროდ ეკვრიან მას და ამძიმებენ, რითაც ხელს უშლიან მის გადაადგილებას როგორც მამაკაცის, ისე ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში, იწვევენ სპერმატოზოიდების აგლუტინაციას (შეწებებას) და ისინი სრულ უმოძრაობამდე მიჰყავს. შედეგად ვიღებთ ისეთ სპერმატოზოიდებს, რომლებიც მიკროსკოპით დაკვირვებისას ან სრულიად უმოძრაოა, ან ადგილზე ირხევა. ასეთი სპერმატოზოიდები ვერასოდეს შეძლებენ კვერცხუჯრედამდე მისვლას.
ქალის ორგანიზმში სპერმატოზოიდი 3-5 დღე ცოცხლობს. ჯანმრთელმა სპერმატოზოიდმა საშუალოდ 24-48 საათში უნდა დაფაროს ის მანძილი, რომელიც კვერცხუჯრედს აშორებს.
სპერმატოზოიდის კუდს მოძრაობისთვის ენერგია სჭირდება, ამიტომ სპერმატოზოიდის ყელში განლაგებულია მიტოქონდრიები – ენერგიის წყარო. მათი დახმარებით სპერმატოზოიდი საკმარის ენერგიას იღებს იმისთვის, რომ ქალის სასქესო გზებში გადაადგილდეს და სიცოცხლისუნარიანობა ოვულაციამდე შეინარჩუნოს. თუ სპერმატოზოიდის ყელი იმუნური სისტემის შეტევის მსხვერპლი გახდა, ის უენერგიოდ დარჩება და დანიშნულების ადგილს ვეღარ მიაღწევს.


სპერმატოზოიდის თავი ოვალური ფორმისაა. მასში მოთავსებულია გენეტიკური მასალა, რომელიც აუცილებელია განაყოფიერებისთვის. სპერმატოზოიდის თავს წვერზე აქვს მცირე ზომის სხეულაკი, რომელსაც აკროსომა ჰქვია. ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმის რეაქციაში. ცნობილია, რომ კვერცხუჯრედი მხოლოდ ერთი სპერმატოზოიდით ნაყოფიერდება. კვერცხუჯრედის გარეთა შრეს, რომელსაც მბრწყინავ გარსს უწოდებენ, ერთგვარი დამცავი ფუნქცია აკისრია. როდესაც მას სპერმატოზოიდის აკროსომა შეეხება და შესაბამისი რეაქცია მოხდება, გარსი კარიბჭესავით იღება და სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში უშვებს, მერე კი იხურება, რომ სხვა სპერმატოზოიდებმა შიგნით ვეღარ შეაღწიონ და შეუთავსებელი გენეტიკური დეფექტები არ განვითარდეს.


აკროსომის საწინააღმდეგო ანტისხეულები აზიანებენ მას და განაყოფიერების პროცესს მის უმნიშვნელოვანეს მომენტში უშლიან ხელს.
შესაძლოა, მთლიანად დაზიანდეს სპერმაოტოზიდის თავი და, შესაბამისად, მისი შიგთავსიც. ასეთი სპერმატოზოიდი კი ვერასოდეს გაარღვევს მბრწყინავ გარსს.
სპერმატოზოიდების დაზიანების ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული ასა-ს კონცენტრაციასა და მათი ფიქსაციის არეებზე.
გარკვეული ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ასა უარყოფით გავლენას ახდენდა ჩანასახის განვითარებაზე, თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა და მრავალწლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ფიზიოლოგიური ორსულობის დროს ჯანმრთელი ნაყოფის წინააღმდეგ იმუნური სისტემა არ ილაშქრებს.

  • დიაგნოსტიკა

სტატისტიკურად,წყვილების 25% ვერ აღწევს ორსულობას დაუცველი სქესობრივი ცხოვრების ერთი წლის განმავლობაში. მათი 15% უშვილობას მკურნალობს, თუმცა 5% მაინც რჩება უნაყოფო. უნაყოფობის მიზეზების 40% მამაკაცის წილად მოდის, დაახლოებით ამდენივე – ქალის წილად, ხოლო შემთხვევათა 20%-ში მიზეზი ორივე პარტნიორშია საძიებელი.
ასა-ს აღმოჩენის ოქროს სტანდარტი ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა არსებული მეთოდები ერთმანეთს ავსებს და დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. დიაგნოსტიკა აუცილებლად ორივე პარტნიორს უნდა ჩაუტარდეს. მამაკაცებთან ასა-ს სისხლსა და ეაკულატში იკვლევენ, ხოლო ქალებთან – სისხლსა და საშვილოსნოს ყელში.


უპირველეს ყოვლისა, ტარდება პოსტკოიტალური ტესტი – სპერმატოზოიდებისა და ცერვიკალური ლორწოს ურთიერთქმედების გამოკვლევა საშვილოსნოს ყელის არხში სპერმატოზოიდების რაოდენობისა და მოძრაობის უნარის შესაფასებლად. ტარდება სქესობრივი აქტის (რომელიც ოვულაციის პერიოდს უნდა დაემთხვეს) შემდეგ 3-12 საათის განმავლობაში. თუ გაირკვა, რომ ქალის სასქესო ორგანოებში სპერმატოზოიდების მოძრაობა შენელებულია, ასა-ზე გამოკვლევა ორივე პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს. ნორმა ქალებსა და კაცებს სხვადასხვა აქვთ, თუმცა უმჯობესი ის შედეგია, რომელიც ანტისხეულების უმცირეს რაოდენობას აჩვენებს.
ანტისხეულები არ არის იმის ნიშანი, რომ წყვილი უშვილოა, თუმცა მათი არსებობა დაორსულების შანსს ორჯერ ამცირებს.

  • მკურნალობა

ორგანიზმში ასა-ს არსებობისას მკურნალობის საკითხი დაისმის მხოლოდ მაშინ, თუ წყვილს შვილის გაჩენა სურს. მკურნალობა ანტისხეულების ტიტრის შემცირებისკენაა მიმართული. ის გულისხმობს ბარიერულ კონტრაცეფციას, პლაზმოფერეზს (ანტისხეულებისგან სისხლის გაწმენდას), წინასწარ მომზადებული სპერმით ინსემინაციას და ხელოვნურ განაყოფიერებას.
ბარიერული კონტრაცეფცია, რომელიც მამაკაცის კონდომით თავდაცვას გულისხმობს, იმისთვისაა განკუთვნილი, რომ ქალის ორგანიზმში არ მოხვდეს უცხო ანტისხეულები, დაზიანებული სპერმატოზოიდები ან ინფექცია. იმუნური უშვილობის სამკურნალოდ კონტრაცეფცია ხანგრძლივი უნდა იყოს – 3-6 თვე მაინც გაგრძელდეს. პარალელურად ინიშნება მედიკამენტები, რომლებიც ქალის ადგილობრივ იმუნიტეტს აქვეითებს.


არსებობს თეორიული შანსი, ქალი მხოლოდ ხანგრძლივი ბარიერული კონტრაცეფციის შემდეგ დაორსულდეს. რამდენიმე ასეთი შემთხვევაც კია აღრიცხული. ეს იმით აიხსნება, რომ ქალის სხეულში საგრძნობლად შემცირდა ასა-ს ტიტრი, ვინაიდან რეპროდუქციულ ტრაქტში სპერმატოზოიდები დიდხანს არ ხვდებოდა.
თუ მამაკაცის ორგანიზმში ასა-ს წარმოქმნა ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მიზეზთანაა დაკავშირებული, დაუყოვნებლივ, პარალელურ რეჟიმში იწყება როგორც მედიკამენტური, ისე ქირურგიული მკურნლობა (თუ, რა თქმა უნდა, მიზეზის აღმოფხვრა შესაძლებელია).


თუ მკურნალობის შედეგად მამაკაცის ორგანიზმში აუტოიმუნური პროცესი არ ჩაცხრა, განაყოფიერების დამხმარე მეთოდს, მაგალითად, ინსემინაციას მიმართავენ. ამ პროცედურის დროს კაცის სპერმას წინასწარ ამუშავებენ, წმენდენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეჰყავთ ქალის ორგანიზმში. დამუშავებული სპერმით ინსემინაციას წარმატების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს.
იმუნოლოგიური უნაყოფობა საკმაოდ სპეციფიკური ხასიათისაა – ქალის ორგანიზმში ასა გამომუშავდება კონკრეტული მამაკაცის სპერმის საწინააღმდეგოდ, პარტნიორის შეცვლის შემთხვევაში კი დაორსულების შანსი საკმაოდ დიდია.


სრულყოფილი მკურნალობით უმეტესად შესაძლებელია იმუნური უშვილობის დაძლევა, ხოლო იმ იშვიათი შემთხვევებისთვის, როდესაც მკურნალობა ანტისხეულების ტიტრზე გავლენას ვერ ახდენს, არსებობს წყება რეპროდუქციული ჩარევებისა, რომლებიც თქვენს ოცნებას სინამდვილედ აქცევს.

სესილი ცირეკიძე

წყარო : aversi.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები