ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თერაპევტმა და ორთოდონტმა, ელენე ხარაშვილმა იუსაბრა.

“როდესაც ვსაუბრობთ კარიესზე, მინდა ყველას შევახსენოთ, რომ ეს ინფექციაა, რომელიც გენეტიკურად არ გადადის.

თუმცა არ არის გამორიცხული საერთო ჭურჭლის გამოყენების შემთხვევაში ოჯახის ერთმა წევრმა მეორეს კარიესის გამომწვევი სტრეპტოკოკები გადასცეს.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი
 

 

კარიესის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია ორი რამ:

პირის ღრუს სრულფასოვანი ჰიგიენა და ჯანსაღი კვება.

კარიესი ბავშვებში

პირის ღრუს ჰიგიენაში მხოლოდ კბილების გამოხეხვა არ იგულისხმება, საჭიროა ასევე ფლოსის გამოყენება, მნიშვნელოვანია კარგად გასუფთავდეს კბილთაშორისი სივრცეები, რადგან ძალიან ხშირად კარიესი სწორედ იქ ჩნდება და კბილებს აზიანებს.

ყველას გვიყვარს ტკბილეული, განსაკუთრებით ბავშვებს. მაგრამ შეუძლებელია ჩვენ ბავშვს დღეში 5 ჩუპა-ჩუპსის ჭამის ნება მივცეთ და შემდეგ გვეგონოს, რომ მას კარიესი არ განუვითარდება. ტკბილეულის დიდი დოზით მიღება კბილებს აზიანებს, ამიტომ საჭიროა რაოდენობის შეზღუდვა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ თუ დაცულია ეს ორი პირობა – პირის ღრუს ჰიგიენა და სწორი კვება, კარიესის განვითარების ალბათობა დაბალია, განვითარების შემთხვევაში კი იგი არ იქნება მკვეთრად გამოხატული. როგორც კბილის ჯაგრისი, ასევე პასტა უნდა შევარჩიოთ ასაკის მიხედვით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კბილის პასტა იყოს რეკომენდებული სტომატოლოგების მიერ და მასში მავნე ნივთიერებები არ შედიოდეს, ამიტომ მშობელმა ყურადღება კბილის პასტის შემადგენლობასაც უნდა მიაქციოს.

მნიშვნელოვანია ორსულის რაციონი და ორსულობის მიმდინარეობა, ბუნებრივია ესეც მოქმედებს სამომავლოდ ბავშვის კბილების სიჯანსაღეზე.

უმჯობესია აირჩიოთ კვირაში ერთი დღე და ამ დღეს მისცეთ ბავშვს ტკბილეული, ოღონდ არ დაყოთ ერთი შოკოლადი რამდენიმე ულუფად, რადგან როდესაც ტკბილეულის მუდმივად მიღება ხდება, ნერწყვი მის განეიტრალებას ვერ ახერხებს.

ჯობია ბავშვს მისცეთ მთლიანი შოკოლადი, რომლის ჭამის შემდეგ მან უნდა დალიოს დიდი რაოდენობით წყალი, რათა პირის ღრუში ნორმალური მდგომარეობა აღდგეს.

ტკბილეული მრავალნაირია, ყველაზე მავნე კი მათ შორის საწუწნი კანფეტებია. მათი პატარა კრისტალები ეკრობა კბილის მინანქარს და აზიანებს მას, ხოლო კონცენტრაცია პირის ღრუში ძალიან დიდხანს რჩება.

სარძევე კბილებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ისინი დაბალმინერალიზებულია და ადვილად ზიანდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი ამოსული ან უკვე მოსაცვლელია.

სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტომატოლოგთან ვიზიტი 6 თვეში ერთხელ, რაც საშუალებას მოგვცემს როგორც პრევენციის, ასევე პრობლემის ადრეულ ეტაპზე აღმოფხვრის.”

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ