რა არის კოლექტიური იმუნიტეტი და შესაძლებელია თუ არა მისი წარმოქმნა კორონავირუსის შემთხვევაში?

კორონავირუსის გლობალურმა გავრცელებამ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა, ბევრ ადამიანს გაუჩინა კითხვა : როდის დაწყნარდება სიტუაცია?
მარტის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება კორონავირუსის მთელს მოსახლეობაში გავრცელებას ხელს არ უშლიდა, რისი მიზანიც „კოვიდ 19“-ის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავების ხელშეწყობა იყო.
თუმცა, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა მოგვიანებით ეს ინფორმაციას უარყო და განაცხადა, რომ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება მხოლოდ ეპიდემიის გვერდითი მოვლენაა.
„ეს არის სამეცნიერი კონცეფცია და არა მიზანი ან სტრატეგია. ჩვენი მიზანი ჩვენი ცხოვრების ვირუსისგან დაცვაა, ჩვენი სტრატეგია ადამიანებისა და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის გადარჩენაა,“- აღნიშნა მეთ ჰენკოკმა.
რა არის სინამდვილეში კოლექტიური იმუნიტეტი და არის თუ არა მისი მიღწევა შესაძლებელი კორონავირუსის გავრცელების პირობებში?
როდესაც საზოგადოებაში დაავადების წინააღმდეგ ადამიანების საჭირო რაოდენობის იმუნიზაცია ხდება, ამ შემთხვევაში დაავადებას უჭირს საზოგადოების იმ ნაწილში გავრცელება, რომელმაც გარკვეული მიზეზის გამო ვაქცინაცია ვერ მოახერხა. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სერვისის განმარტებით, სწორედ ეს არის კოლექტიური იმუნიტეტი.
ოქსფორდის უნივერსიტეტის „ვაქცინის ცოდნის პროექტი“ საკითხის უკეთ განმარტებისთვის შედარებას წითელას ინფექციასთან აკეთებს.
„თუკი წითელათი ინფიცირებული ადამიანის ირგვლივ ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც აღნიშნული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული აქვთ, დაავადება არავის გადაედება და მალე გაქრება. ამას ჰქვია „კოლექტიური იმუნიტეტი“ ანუ „ჯოგური იმუნიტეტი“, რომელიც მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის ახლადდაბადებულ ბავშვებს, მოხუცებსა და მათ, ვინც ვაქცინაცია ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო, დაინფიცირებისგან იცავს,“- აცხადებენ ორგანიზაციაში თუმცა განმარტავენ, რომ კოლექტიური იმუნიტეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში „მუშაობს“, თუკი ვაქცინაცია მოსახლეობის უმეტესობას აქვს გაკეთებული. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, კოლექტიური იმუნიტეტი ვაქცინით პრევენცირებადი ყველა დაავადებისგან არ გვიცავს. გარდა ამისა, ვაქცინაციისგან განსხვავებით, კოლექტიური იმუნიტეტი ინდივიდუალური დაცვის მაღალ დონეს ვერ უზრუნველყოფს და შესაბამისად, ის იმუნიზაციის „კარგი ალტერნატივა არ არის.“
ედინბურგის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადების ეპიდემიოლოგიის პროფესორმა მარკ ვულჰაუზმა გამოცემა The Independent-თან საუბარში განაცხადა, რომ კოლექტიური იმუნიტეტის კონცეფცია ვაქცინაციის ყველა პროგრამის საფუძველია, თუმცა, მისივე განმარტებით, კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება საზოგადოებაში, შესაძლებელია, ბუნებრივადაც მოხდეს.
„თუკი დაინფიცირდებით ინფექციით, რომელიც საკმარისი რაოდენობის ადამიანებმა გადაიტანეს, რის შემდეგაც მათ ანტისხეულები განუვითარდა და დაავადების მიმართ იმუნიტეტიც გამოიმუშავეს, თქვენ, შესაძლოა, ამ დაავადების მიმართ კოლექტიური იმუნიტეტი გქონდეთ და შესაბამისად, ვირუსმა მოსახლეობაში ეპიდემიას ვეღარ გამოიწვიოს,“- განმარტავენ ორგანიზაციაში.
არის თუ არა კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება შესაძლებელი კორონავირუსის გავრცელებს დროს?
მარტის დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სეზონური გრიპის შტამების მიმართ იმუნიტეტი მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა გამოიმუშავა, თუმცა იგივეს თქმა შეუძლებელია კორონავირუსზე.
„კოვიდ-19 ახალი ვირუსია, რომლის მიმართაც იმუნიტეტი არავის აქვს,“- აღნიშნულია ჯანმო-ს განცხადებაში. ორგანიზაცია ასევე განმარტავს, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.
გამოცემა The Independent-ის კორესპონდენტი შაუნ ლინტერნი, რომელიც ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობს, აღნიშნავს, რომ კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად საჭიროა, მისგან მოსახლეობის 90-95 პროცენტი გამოჯანმრთელდეს და ინფექციის მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავოს. „არსებობს იმის რისკიც, რომ კორონავირუსი სეზონური გახდეს და გრიპის ვირუსის მსგავსად, ყოველ სეზონზე მუტაცია განიცადოს, რის გამოც მის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება შეუძლებელი გახდება,“- განმარტავს შაუნ ლინტერნი.
ედინბურგის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორი მარკ ვულჰაუზი აცხადებს, რომ ვინაიდან კორონავირუსი ვირუსული ინფექციაა, რომელიც საპასუხო ანტისხეულების წარმოქმნას იწვევს, უნდა ველოდოთ, რომ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება მოხდება. თუმცა, მისივე განმარტებით, ვინაიდან კორონავირუსი ჯერჯერობით სათანადოდ შესწავლილი არაა, არ ვიცით, რამდენად ხანგრძლივმოქმედი დაცვის უნარი აქვთ წარმოქმნილ ანტისხეულებს. „თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანს ხელახლად დაინფიცირების შემთხვევაში დაავადების მიმართ გარკვეული ხარისხის იმუნიტეტი ექნება.“ პროფესორი ვულჰაუზი აცხადებს, რომ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება იმ შემთხვევაში ხდება, როცა ამა თუ იმ საზოგადოებაში ეპიდემია უკონტროლოა, იმ შემთხვევაში კი, როცა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად უამრავი ზომის გატარება ხორციელება, კოლექტიური იმუნიტეტი ნაკლებად შესაძლებელი ხდება.
„ასე რომ არსებობს შემდეგი ბალანსი : რაც უფრო კარგად აკონტროლებ ინფექციას, მით ნაკლებად უწყობ ხელს კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას,“- განმარტავს პროფესორი ვულჰაუზი.
აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის პროფესორი პაულ ჰანთერი აცხადებს, რომ კოლექტიური, ანუ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნამდე შეუძლებელია. ეს კი, მისი აზრით, მომავალ წლამდე არ მოხდება.

წყარო : independent.co.uk

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები