ადამიანები, რომლებიც დეპრესიაში არიან, ხშირად თავს მარტოსულად და იზოლირებულად გრძნობენ. ისინი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებისას იმედგაცრუებას განიცდიან, მათი მდგომარეობა კი გარშემომყოფების დამოკიდებულებით შეიძლება გამწვავდეს.

ეს შინაგანი მდგომარეობა ყველა მათგანში განსხვავებულად გამოიხატება, ზოგი განწყობის ცვალებადობას განიცდის, ზოგს კი პირიქით — გამუდმებით სდევს უიმედობის განცდა. ადამიანების ნაწილი დეპრესიის დროს უფუნქციოა, თუმცა ეს ყველას არ ახასიათებს. სტრესი და დეპრესია – მათ ურთიერთკავშირზე, რა შეიძლება იყოს დეპრესიის  მაპროვოცირებელი მიზეზი – ამ თემებზე განმარტებისთვის ფსიქოლოგიური ცენტრის  ,,დიალოგის “ ფსიქოლოგებს მივმართეთ.

 

რა შეიძლება იყოს დეპრესიის მაპროვოცირებელი მიზეზი?

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ქეთი  მესხიშვილი: დეპრესიის მაპროვოცირებელი უამრავი ფაქტორი შეიძლება გახდეს, ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც ადამიანის ყოველდღიურობისთვის ნორმად არ ითვლება და უეცრად იჩენს თავს, ისეთი სიტუაციები, რომლებიც ადამიანებში უარყოფით ემოციებს აღძრავენ. მაგ: შიშს, შფოთვას, იმედგაცრუებას, ბრაზს, სამსახურის დაკარგვას, საყვარელ ადამიანთან განაშორებას, ტრაგედიით გამოწვეულ ტკივილს და ა.შ. – ეს ყველაფერი სტრესთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, სტრესი პირდაპირი ტრიგერი შეიძლება იყოს დეპრესიის. საინტერესო ისაა, რომ როგორც წესი, ეს სტრესული მდგომარეობა ადამიანის მიერ ბოლომდე ვერ ცნობიერდება. თუკი დარტყმა დიდია ადამიანში ავტომატურად აქტიურდება ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ან ყინავს ამ წარმოქმნილ ფსიქო-ემოციურ ფონს და ემოციებს, ან გაქცევას მიმართავს, ან თავს ესხმის. ნებისმიერ შემთხვევაში და განსაკუთრებით მაშინ, როცა გაიყინა ემოციები, რაღაც პერიოდის შემდეგ ადამიანებს, შესაძლოა, აღენიშნებოდეთ გუნება-განყობილების ხშირი ცვლა, რომელიც ნელ-ნელა უგუნებობისკენ და უენერგიობისკენ მიდის ხოლმე, ანუ დგება დეპრესიული ეპიზოდი. დეპრესია – ესაა მდგომარეობა, როდესაც ადამიანები მთლიანად შიგნით, საკუთარი თავის სიღრმეებში იძირებიან და ვერ ამყარებენ კონტაქტს გარესამყაროსთან. თუ სახეზე გვაქვს ფსიქოლოგიური დეპრესია, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია, ამ მდგომარეობას, როგორც წესი, თავად აღწევენ ადამიანები თავს. კლინიკური დეპრესიის დროს კი აუცილებელია ფსიქიატრის და ფსიქოთერაპევტის ჩართულობა და რეაბილიტაცია.

დაბოლოს, დეპრესიის მსუბუქი ფორმის დროს, ადამიანს საკუთარ თავის განკურნებაში ვეხმარებით და არ შეგეშინდეთ! მთავარია, იცოდეთ, რა ხდება თქვენს თავს და თუ საჭიროდ თვლით, არ  მიმართოთ სპეციალისტს.

 

    და მაინც, უფრო რომელი ცხოვრებისეული მოვლენა შეიძლება იქცეს სტრესისა და დეპრესიის მაპროვოცირებელი?

 

 ნონა  ტაბატაძე: თანამედროვე ადამიანისთვის სტრესი თითქმის ყოველდღიურობას წარმოადგენს, ვინაიდან 21-ე საუკუნეში  ყოველდღიურად უამრავი ცვლილება ხდება. ტექნოლოგიების განვითარებამ შეცვალა და დააჩქარა ადამიანის ყოველდღიურობა, რასაც წინა საუკუნეში დიდი დრო სჭირდებოდა, ახლა ისე ჩქარა ხდება, რომ ადამიანის ფსიქიკა ადაპტაციას ვერ ასწრებს და შეიძლება ითქვას, რომ მუდმივ სტრესშია. ცხოვრება დაჩქარდა, ტექნოლოგიების, რობოტების ეპოქას ადამიანის ფსიქიკა უნდა დაეწიოს…ურბანიზაციამ, ინტერნეტმა, მობილურმა ტელეფონმა, ადამიანებს მისცა საშუალება დისტანციურად, შორიდან ჰქონოდათ კავშირი, თუმცა ჩვენი ბუნებისთვის რთული ასატანია ასეთი ფიზიკური და ემოციური სიშორე. მარტო დარჩა ადამიანი, ამიტომაც მოიმატა შფოთვითმა აშლილობებმა (პანიკურმა შეტევებმა), დეპრესიამ. რაც მეტად განვითარდება ტექნოლოგიები, როდესაც ადამიანები დაშორდებიან მშობლებს, მიწას, ერთმანეთს…უფრო და უფრო მეტად იქნება ემოციური შიმშილი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ კაცობრიობამ მიუხედავად განვითარების ახალი ეტაპისა, არ დაივიწყოს თავისი ბუნება და დაუბრუნდეს ხოლმე პერიოდულად საწყისს, მოუსმინოს საკუთარ განცდებს ყურადღებით, იმისთვის, რომ არ დაიკარგოს მთავარი კავშირი ბუნებასთან, საკუთარ თავთან.

სტატია მოამზადა: ნათია ხარბედიამ