რა აღმოჩენა შეიძლება გააკეთოს ქალმა ფსიქოთერაპიაში?

ფსიქოთერაპია – სიტყვასიტყვით ეს „სულის მკურნალობას“ ნიშნავს.

საკუთარ ემოციებსა და განცდებთან გამკლავება, არც ისე მარტივია. ამისათვის ხშირად ადამიანები სპეციალისტს მიმართავენ. ვინ არის ფსიქოთერაპევტი, რა კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ ის და კონკრეტულად რაში დაგვეხმარება? რამდენად ხშირად მიმართავენ თერაპიას საქართველოში ქალები? ამ კითხვებზე პასუხს დიალოგი • Dialogi – ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის გენერალური მენეჯერი, ანი ბარჯაძე გაგვცემს;

მოკლედ რომ გვითხრათ, საერთოდ რა არის ფსიქოთერაპია?

ფსიქოთერაპიის დეფინიცია, ერთი სიტყვით შეუძლებელი დასაწერია, ეს არის პროცესი, რომელსაც ადამიანი გადის მას შემდეგ, რაც დაიწყებს ფსიქოლოგთან სიარულს. პროცესის დაწყება, უამრავი არასასიამოვნო ფაქტორის დაძლევისთვის გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ფსიქოლოგიური საშუალებებითა და ხერხებით ხორციელდება. ეს არის შინაგანი განწყობის დაბალანსება, ფსიქო – ემოციური მდგომარეობის სასიკეთო ცვლილება, გარემოში სასურველი ადაპტაცია და თერაპია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობითა თუ გაგებით.
პროცესი, რომელიც გეხება და ხელს გკიდებს, რათა მიგიყვანოს სასურველ დანიშნულებამდე, როგორი გზაც არ უნდა იყოს წინ.

რამდენად ეფექტიანია ფსიქოთერაპია?

ხანდახან ჩვენ ყველა წარმოსახვით ვქმნით „პრობლემას“ …

პირველი სწორედ ესაა, ვიყოთ რეალობაში საკუთარ თავთან და გავიგოთ ნამდვილად გვინდა თუ არა რაიმე, ნამდვილად გვაწუხებს თუ არა კონკრეტული ფაქტი, იქნებ უბრალოდ აღიარება გვიჭირს და სულ სხვა რამეს ვაბრალებთ იმ გარემოებას, რომელშიც აღმოვჩნდით ?
გარდა ამისა, დამეთანხმებით, პასუხი არის ის, რაც უბრალოდ გვჭირდება ადამიანებს, ყველგან და ყოველთის, ამ პროცესში კი ჩნდება ჯანსაღი კითხვები, რომელსაც აუცილებლად ახლავს განმარტებითი პასუხი.
თავად ვუყურებ ადამიანებს  კონსულტაციაზე შესვლისა და გამოსვლის შემდგომ,  სულ მცირე დაკვირვებითაც კი ნათლად ჩანს მათი შეცვლილი სახე, რომელიც, შინაგან მდგომარეობასთან ერთად, გარეგნობაზეც აისახება.
საუთარი თავის გაცნობაზე დიდი შედეგი რა შეიძლება იყოს, ყველაფერი ჩვენ ცნობიერშია და ვართ იქ, სადაც ჩვენი ფიქრები.

ქალები უფრო ხშირად მოგმართავენ თუ მამაკაცები?

დაახლოებით 60% ქალები, 40 % კი მამაკაცები.
კაცებს უფრო მეტად უჭირთ პრობლების აღიარება და სამწუხაროდ,  კულტურიდან გამომდინარე, მათთვის, ემოციების გამოხატვა, სირცხვილთანაა დაკავშირებული.

რა შეუძლია აღმოაჩინოს ქალმა ფსიქოთერაპიის დროს?

ქალმა ფსიქოთერაპიაში ყველა ის დეტალი შეიძლება აღმოაჩინოს რაც იმ მომენტში მისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია.
მას შეუძლია ფოკუსში მოაქციოს კონკრეტული მიზანი ან მიზნები,
მოიპოვოს ძალა დაალაგოს ურთიერთობები როგორც ოჯახში, ასევე პარტნიორთან, მოიტოვოს უკან წარსულის ტრავმები ან არასასიამოვნო გამოცდილებები, რომელიც აწმყოშიც იკვეთება და ყოველდღიურობაში პრობლემებს გვიქმნის
შეინარჩუნოს ჯანსაღი ურთიერთობა შვილებთან,
ჰარმონიაში მოვიდეს საკუთარ თავთან, იგრძნოს მთლიანობა, სექსუალურობა და მიიღოს საკუთარი თავი და სხეული.
ეს ყოველივე, ან თითოეული მათგანი, შესაძლოა დალაგდეს, როგორც ინდივიდუალურ თერაპიაზე ასევე ჯგუფურ სესიებზე.

საბოლოოდ კი, მთავარია მიმღებლობა და სურვილი, დანარჩენი ყველაფერი დაძლევადია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები