„ქორწინება და ოჯახი“

„ქორწინება და ოჯახი“(ამონარიდი)
მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი

გამოსვლა კიევის სასულიერო აკადემიაში
კონფერენციაზე „ოჯახთა ასკეტიზმი.
ოჯახები პოსტათეისტურ საზოგადოებაში“

ხშირად ქორწინება ჭეშმარიტი, მხურვალე, წრფელი სიყვარულით იწყება. ადამიანები ერთმანეთს ერთგულების აღთქმას აძლევენ, არიან რა აღტაცების, აღმაფრენის, ხანდახან ბრმა გატაცების მდგომარეობაში. შეყვარებულები თავდაპირველად ერთმანეთში ხედავნ მხოლოდ კარგს, აიდეალებენ ერთმანეთს, მაგრამ გატაცება დროთა განმავლობაში გაივლის, სიხარული შეიცვლება ყოველდღიურობით, მაშინ ცოლ-ქმარი მტკივნეულად იწყებს ერთმანეთის ნაკლოვანებების აღმოჩენას, ბევრი რამ რაც მანამდე ეჩვენებოდათ კაშკაშა და მშვენიერი, უცბად აღმოჩნდება უღიმღამო, უფერული და ბნელი. ამის გაცნობიერება შეიძლება მოხდეს რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ. თუ წყვილი შეძლებს ამ კრიზისის გადალახვას, ქორწინება შენარჩუნდება, მაგრამ თუ კრიზისი ვერ დაიძლევა, ქორწინება იბზარება.
ჩვენს დროში ქორწინება ხშირად ირღვევა სწორედ იმიტომ , რომ მას არ ჰქონდა მყარი საფუძველი: ყველაფერი აგებული იყო წუთიერ გატაცებაზე, როცა ადამიანებმა ვერ მოასწრეს საფუძვლის ჩაყრა, როცა ვერ მოასწრეს გაერკვიათ, როგორი უნდა იყოს “დიზაინი” მათი მომავალი სახლისა, როცა მაშინვე იწყებენ კედლების ამოყვანას. ასეთი სახლი აუცილებლად აღმოჩნდება აშენებული ქვიშაზე, დაუბერავს ქარი, ადიდდება მდინარეები და ის დაინგრევა. ეკლესია სწორედ ამიტომ აწესებს ცოლ-ქმრისათვის მოსამზადებელ პერიოდს, რათა მამაკაცმა და ქალმა შეძლონ ააშენონ ქორწინება არა მხოლოდ ვნებიან სქესობრივ გატაცებაზე, არამედ გაცილებით ღრმა – გულისხმიერ, სულიერ და ემოციურ ერთიანობაზე, ერთმანეთისადმი თავგანწირვის სურვილზე.
მეუღლეებმა მუდამ უნდა შეავსონ ერთმანეთი. აუცილებელია დავინახოთ და დავაფასოთ სხვაში ის თვისება, რაც ჩვენში არ არის.
თანაცხოვრებისას ორი ადამიანი ერთმანეთს უკავშირდება, მაგრამ მათ შორის არ არის ის საერთო, ის ერთიანობა, რომელიც აუცილებელია ქორწინებისათვის, რომ ის გახდეს საიდუმლო. ამ დროს თითოეულს თავისი ცხოვრება, ინტერესები გააჩნიათ. ისინი დიდი ხნის წინ დაშორდებოდნენ, მაგრამ ცხოვრებისეული გარემოებები აიძულებს მათ დარჩნენ ერთად, რადგან ვერ იყოფენ ბინას. ასეთი ქორწინება – იქნება ეს “ჯვარდაწერილი” თუ “ჯვარდაუწერელი” – არ შეიცავს ისეთ თვისებებს, როგორსაც უნდა შეიცავდეს ქრისტიანული ქორწინება. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ქმარი წარმოადგენს ცოლისათვის იმას, რასაც ქრისტე ეკლესიისათვის, ცოლი ქმრისათვის იგივეა, რაც ეკლესია ქრისტესათვის. ასეთ ქორწინებაში არ არსებობს მჭიდრო დაურღვეველი ურთიერთკავშირი, ერთგულება, თავგანწირული სიყვარული. ადამიანები ასეთ ქორწინებაში ვერ თრგუნავენ თავიანთ ეგოიზმს და მრავალი წლის თანაცხოვრების მიუხედავად საკუთარ თავში ჩაკეტილები ე.ი ერთმანეთისთვის უცხონი რჩებიან.
ყველა ქორწინებას, როგორც უბრალო თანაცხოვრების დასაწყისს, აქვს პოტენციალი, რომ საიდუმლოში გადაიზარდოს, თუ მეუღლეები მუშაობენ საკუთარ თავზე, თუ ისინი მიისწრაფიან ქრისტესკენ, მისი მსგავსებისკენ ქორწინებამ, რომელიც დაიწყო როგორც თანაცხოვრება, შეიძენს ახალ, ცხოველმყოფელ თვისებებს და ნელ-ნელა საიდუმლოდ გადაიქცევა. თუ მეუღლეები ქორწინებას იღებენ, როგორც შესაძლებლობას, რომ ის ახალ ერთობაში გადაიზარდოს, რომ სხვა განზომილებაში შევიდნენ, რომ გადალახონ თავიანთი ეგოიზმი და ჩაკეტილობა, აუცილებელია ისწავლონ განსაცდელის ერთად გადატანა. მნიშვნელოვანია აიტანონ ერთმანეთის ნაკლოვანებები. არ არსებობს ადამიანი და ცოლ-ქმრული წყვილი, ნაკლის გარეშე. არ არსებობს ოჯახი, სადაც ყველაფერი იდეალურად მიდის, მაგრამ თუ ცოლ-ქმარს სურს, რომ მათი ქორწინება იყოს საიდუმლო, თუ სურთ შექმნან ნამდვილი, სრულფასოვანი ოჯახი, ისინი ნაკლოვანებებს ერთად უნდა ებრძოლონ. მეუღლემ მეორე ნახევრის ნაკლი უნდა მიიღოს როგორც საკუთარი ნაკლი და მასთან ერთად იბრძოლოს მის დასაძლევად.
განსაკუთრებული თემაა – ბავშვები. როცა ოჯახში იბადება პირველი შვილი, ცოლ-ქმრული ურთიერთობა გადადის ახალ ფაზაში: იბადება მესამე პირი, რომელიც განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წლებში, დამოკიდებულია მთლიანად მშობლებზე, როგორც ფიზიკურად, ასევე მატერიალურად და სულიერადაც. ყველაფერი, რაც ხდება მშობლებთან და მშობლებს შორის აუცილებლად აისახება ბავშვებზე . თუ მშობლების ქორწინება არის საიდუმლო, სრულფასოვანი ქრისტიანული კავშირი, რომელიც სიყვარულსა და თავგანწირვაზეა დაფუძნებული, თუ მშობლები ხშირად მონაწილეობენ ეკლესიის საიდუმლოებებში, ერთად ლოცულობენ. ადრეულ ასაკიდან აჩვევენ პატარას ეკლესიურ ცხოვრებას, აზიარებენ იმ მადლს, რომელსაც ბავშვი გაუცნობიერებლად იღებს და მათ ეს ასე უხვად ეძლევათ (ხანდახან უფრო მეტი სიუხვით, ვიდრე უფროსებს) ასეთ ოჯახებში ბავშვი იზრდება ჰარმონიულად მშობლებთან, გარშემომყოფებთან, საკუთარ თავთან და თვით ღმერთთანაც. თუ მეუღლეების ურთიერთობაში არსებობს დისჰარმონია, თუ მათი ყოველდღიური ურთიერთობა წარმოადგენს საუკეთესო შემთხვევაში თანაცხოვრებას, მაშინ ბავშვი ვერ შეითვისებს ერთიანობის განცდას მშობლებთან ურთიერთობაში, რადგან ეს განცდა მათ შორის არ არსებობს.
ბავშვთა აღზრდაში თითეული მშობელს განსხვავებული ფუნქცია აქვს – რასაც აძლევს ბავშვს მამა, იმავეს ვერ მისცემს დედა. ის, რაც მიუწვდომელია მამისათვის, შესაძლებელია დედისთვის. თუ უფროსები ისე იქცევიან, თითქოს ყველაფერი მშვენივრადაა, მაშინ, როცა ეს ასე არ არის, ბავშები გრძნობენ სიყალბეს, ბავშვის მოტყუება შეუძლებელია. შესაძლებელია მათ ეს რაციონალურად ვერ ახსნან, მაგრამ ქვეცნობიერად და ემოციურ დონეზე ტყუილს შეიგრძნობენ. ამ დროს რა არის მშობლებისათვის უკეთსი – განქორწინება, თუ ჰარმონიული ურთიერთობის თამაში?
მაგრამ ამავე დროს რატომღაც მიაჩნიათ, რომ ბავშვების გამო ოჯახი უნდა შენარჩუნდეს, რადგან თუ ისინი განქორწინდებიან, ბავშვები ტრამვირებულნი იქნებიან. რასაკვირველია, მშობელთა განქორწინება, როგორც ყოველთვის ბავშვებისათვის უდიდეს ტრავმას წარმოადგენს, ეს არის ჭრილობა, რომელიც შეიძლება არც მოშუშდეს მთელი ცხოვრების მანძილზე. უფრო მეტიც, არასრული ოჯახები(დედის ან მამის გარეშე) ხშირად ბავშვისათვის მრავალი სიძნელეების მიზეზი აღმოჩნდება ხოლმე, რადგან მას არ გააჩნია სრულფასოვანი ოჯახური ცხოვრების გამოცდილება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები