ყველაზე ხშირად რა ტიპის შეცდომები მოსდით ექიმებს?

ვაგრძელებთ საუბარს ორსულობისას ხშირად დაშვებულ შეცდომებზე. შეგახსენებთ, წინა ნომერში ორსულთა შეცდომებზე ვისაუბრეთ. სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, მცდარი ნაბიჯი ექიმმაც გადადგას. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რა სწრაფად იცვლება მიდგომები, სამედიცინო რეკომენდაციები. არასწორი ქმედების მიღმა შესაძლოა ანგარებაც იმალებოდეს და ექიმი შეგნებულად უნიშნავდეს ორსულს უსარგებლო გამოკვლევებსა თუ წამლებს. ასე რომ, სასაუბრო ბევრია. ჩვენი სტუმარია მე-5 კლინიკური საავადმყოფოს სამეანო სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი მამუკა ნემსაძე.

  • – ბატონო მამუკა, ყველაზე ხშირად რა ტიპის შეცდომები მოსდით ექიმებს?

– ექიმების შეცდომათა მთავარი მიზეზიც ნორმისა და პათოლოგიის აღრევაა. ორსულობის ფიზიოლოგიას, რომელიც მართლაც მნიშვნელოვნად განსხვავდება არაორსული ორგანიზმის ფიზიოლოგიისგან, პათოლოგიად მიიჩნევენ და ცდილობენ, “უმკურნალონ”. არც ორგანიზმის კომპენსატორულ შესაძლებლობებს ითვალისწინებენ და “პრობლემის მოსაგვარებლად” ყველაზე მარტივ გზას – წამალს ირჩევენ. არადა, ორსულობა სწორედ ის დროა, როდესაც წამლების მოხმარება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.

ბევრი წამალი

  • – რომელი მდგომარეობის არასწორი მართვა ხდება ყველაზე ხშირად?

– გულძმარვაზე, ყაბზობაზე, ჰემოროიდული ვენებისა და ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზზე უკვე ვისაუბრეთ. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ტოქსიკოზიც. ის საკმაოდ გავრცელებულია და ხშირად ორსულობის პირველი ნიშანიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შემაწუხებელია, იშვითადაა საშიში და მეთექვსმეტე–მეოცე კვირას, წესისამებრ, თავისთავად გაივლის. ტოქსიკოზის აღსაკვეთად დამატებით წამლების მიღება არ არის რეკომენდებული – უნდა ვეცადოთ, ეს პრობლემა ზედმიწევნით ფიზიოლოგიურად, კვების მოწესრიგებით მოვაგვაროთ.

  • – კერძოდ, რას ურჩევდით ორსულებს?

– ჭამონ ხშირად და მცირე ულუფებით, ერიდონ ცხარე, კუჭის ლორწოვანის გამაღიზიანებელ საკვებს, დიდ ულუფებს, აკონტროლონ ტრიგერები – მაპროვოცირებელი ფაქტორები (მძაფრი სუნი, შიმშილი და სხვა). შეიძლება მცენარეული საშუალებების გამოყენებაც. მაგალითად, კოჭასი (სიროფის, აბების ან ფხვნილის სახით, დღეში არა უმეტეს 4 გრამისა), გვირილის ნაყენისა, აკუპუნქტურისა. ამ საშუალებათა უეფექტობისას შეიძლება დაინიშნოს ვიტამინი B6, ანტიჰისტამინი (მაგალითად, დოქსილამინი). მეტისმეტად ხშირი, დაუოკებელი ღებინება დეჰიდრატაციას, მეტაბოლურ დარღვევებს იწვევს. ამ დროს საჭიროა პაციენტის სტაციონარში მოთავსება და ინტრავენური გადასხმების ჩატარება.

ვიტამინები და პოლივიტამინები

– საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა ორსულებისთვის პოლივიტამინების კომპლექსის დანიშვნაც. წინათ ვიტამინები ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოდ მიიჩნეოდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. მეტიც – ვიტამინებს ზიანის მოტანაც კი შესძლებია. A ვიტამინის შესახებ უკვე მოგახსენეთ. იგივე შეიძლება ითქვას ცხიმში ხსნად სხვა ვიტამინებზეც – E-ზე, K-სა და D-ზე. ისინი ორგანიზმში გროვდებიან და სიჭარბის შემთხვევაში ვნებენ მას. რაც შეეხება წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინებს, ბრიტანელებს მიაჩნიათ, რომ ორსულობის დროს მათი სმა ფულის ქარისთვის გატანებაა.

  • – საინტერესოა, რატომ?

– ვიტამინები ორგანიზმში ორი გზით ხვდება: საკვების საშუალებით და დანამატის სახით. თუ ქალი ბალანსირებულად იკვებება ანუ ჯანსაღი კვების პრინციპებს იცავს, ის სათანადო რაოდენობით მიიღებს ყველა საჭირო ვიტამინს. ასეთ დროს მათი დამატებითი მიღება, ბუნებრივია, საჭირო არ არის. პოლივიტამინები უნდა დაინიშნოს მაშინ, როცა ქალი არასრულფასოვნად იკვებება სოციალური თუ სხვა მიზეზების გამო. ერთადერთი ვიტამინი, რომელზეც ეს წესი არ ვრცელდება, გახლავთ ვიტამინი B9 – ფოლიუმის მჟავა. ორსულობის დადასტურებისთანავე ყველა ქალმა უნდა დაიწყოს სათანადო დოზით მისი მიღება. მეტიც: თუ ქალი დაორსულებას გეგმავს, ფოლიუმის მჟავას მიღება სამი თვით ადრე მაინც უნდა დაიწყოს, ვინაიდან ეს ვიტამინი მეტად ეფექტურად ეწევა ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პრევენციას – 50%-ით ამცირებს შემთხვევათა სიხშირეს.

იოდი ყველა ორსულისთვის

– ასევე არ არის საჭირო განურჩევლად ყველა ორსულისთვის იოდის დანიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ იოდდეფიციტურ გარემოში ვცხოვრობთ. საკმარისია, რაციონში შევიტანოთ იოდით მდიდარი საკვები: თევზი (კამბალა, ქაშაყი, სკუმბრია, ვირთევზა) და ზღვის წყალმცენარეები (მაგალითად, ზღვის კომბოსტო), რძის ნაწარმი, წიწიბურას, ფეტვის ბურღული, თაფლი, ლიმონი, ნიგოზი. ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების დროს კი იოდის დამატებით მიღება აკრძალულიც კია. თუმცა ისეთი მდგომარეობებიც არსებობს, რომლებიც იოდის დანიშვნის პირდაპირი ჩვენებაა (სხვათა შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ორსულობისას იოდდეფიციტური მდგომარეობა 4-5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე თირეოტოქსიკოზი). ასე რომ, მხოლოდ ორსულის სათანადო გამოკვლევის, ანამნეზის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ უნდა გადაწყდეს, საჭიროა თუ არა მისთვის იოდის დანიშვნა.

საშოდან გამონადენი

– მედიკამენტური მკურნალობის ერთმნიშვნელოვანი ჩვენება არც საშოდან გამონადენია. ორსულობისას ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ძვრების შედეგად საშოში, როგორც ჰორმონმოპასუხე ორგანოში, სეკრეციული პროცესები ძლიერდება, რაც ე.წ. თეთრად შლით – საშოდან გამონადენით ვლინდება. ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა და მკურნალობას არ მოითხოვს. ინფექცია მხოლოდ მაშინ უნდა ვიეჭვოთ, თუ გამონადენი გახდა ჭარბი, შემაწუხებელი, გაუჩნდა არასასიამოვნო სუნი, დაერთო ქავილი, წვა. უნდა გავარკვიოთ, ეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ბრალი ხომ არ არის. გამონადენის მიზეზი შეიძლება იყოს დისბიოზიც, სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციაც. მიზეზის დასადგენად ტარდება საშოს ნაცხის კვლევა და შედეგის მიხედვით ინიშნება მკურნალობა.

ორსულობისას ტიპობრივია წელის ტკივილიც. მისი შემცირება შესაძლებელია წყალში ვარჯიშით, მსუბუქი ვარჯიშით, დამჭერი ქამრით…

უსარგებლო კვლევები და პროცედურები

– არ არის გამორიცხული, ექიმმა უსარგებლო, ზედმეტი გამოკვლევა ან მანიპულაცია დანიშნოს. მაგალითად, დღეს უსარგებლოდ მიიჩნევა:

* კერტების დამუშავება. ლოგინობისთვის მზადების პროცესში ქალები ხშირად იმუშავებდნენ ძუძუსთავებს, თითქოს ბავშვს ასე უფრო გაუადვილდებოდა კვება. ბოლო ხანს დადგინდა, რომ ეს არავითარ სხვაობას არ იძლევა.

* მენჯის ზომების განსაზღვრა. თანამედროვე ლიტერატურა მოგვიწოდებს, თავი შევიკავოთ მენჯის რუტინული გამოკვლევისგან, ვინაიდან ეს არ იძლევა რეალურ შედეგს. საქმე ის არის, რომ არსებობს ორი ცნება: ანატომიურად ვიწრო მენჯი და კლინიკურად ვიწრო მენჯი. უკანასკნელ შემთხვევაში მენჯი შესაძლოა ნორმალური ზომისა იყოს, მაგრამ ბავშვი იყოს დიდი და მაინც განვითარდეს დისპროპორცია – შეუთავსებლობა მენჯისა და ნაყოფის თავის ზომებს შორის. ისიც შესაძლებელია, ანატომიურად ვიწრო მენჯში თავისუფლად გამოეტიოს მცირე ზომის ნაყოფი. ამრიგად, მშობიარობამდე პროგნოზის გაკეთება რთულია. სამაგიეროდ, ქალი, რომელმაც იცის, რომ ვიწრო მენჯი აქვს, ღელავს, ელის გართულებას, საკეისრო კვეთას და ეს, ცხადია, უარყოფითად აისახება მშობიარობაზეც. ამიტომ გვირჩევენ, წინასწარ მენჯი არ გავზომოთ.

* ბაქტერიული ვაგინოზის, ქლამიდიოზის, ციტომეგალოვირუსული ინფექციის, ტოქსოპლაზმოზის რუტინული სკრინინგი. სკრინინგის ეფექტურობა არაფრით მტკიცდება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს ინფექციები საშიშია ორსულისთვის, მაგრამ მათზე ყველა ქალის გამოკვლევა ან არაინფორმაციულია, ან პროგნოზულად ვერაფერს ცვლის. ერთადერთი, რაც გამოკვლევას მოაქვს, დამატებითი ხარჯია. ამიტომ ჩამოთვლილი ინფექციების სკრინინგი მხოლოდ რისკის ჯგუფის ქალებთან არის რეკომენდებული.

ხშირი ექოსკოპია

– ექოსკოპია მეანობაში კვლევის ფასდაუდებელი მეთოდია. ის უსაფრთხოა და, ამავე დროს, ძალზე ინფორმაციული. ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება შეიძლება ორსულობის ნებისმიერ პერიოდში, დაორსულების მომენტიდან მშობიარობამდე. თუმცა ამან მეორე უკიდურესობა გამოიწვია – ბევრი ორსული (ზოგი – ექიმის რეკომენდაციითაც) ლამის თვეში ორჯერ იტარებს ულტრაბგერით გამოკვლევას. ეს სრულიად ზედმეტია, თუ დედას ან ნაყოფს არ აქვთ პრობლემა, რომელიც მუდმივ მონიტორინგს მოითხოვს.

  • – როგორია ექოსკოპიური კვლევების ოპტიმალური რაოდენობა?

_ ულტრაბგერითი კვლევის ჩატარების ვადები პროტოკოლით არის განსაზღვრული. მისი დახმარებით ვადგენთ ორსულობის ვადას, ვადასტურებთ ჩანასახის არსებობას საშვილოსნოს ღრუში, ვზომავთ ნაყოფის საყელოს სივრცის სიგანეს (ე.წ. კისრის ნაოჭს), გამოვრიცხავთ განვითარების ანომალიებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ულტრაბგერითი გამოკვლევა ორსულობის მეთვრამეტე-მეოცე კვირას, როდესაც სხეულის სტრუქტურები უკვე კარგად ჩანს და მკაფიო წარმოდგენას ვიღებთ ნაყოფის ნერვული მილის, გულ-სისხლძარღვთა, საშარდე, ძვალსახსროვანი სისტემის მდგომარეობის შესახებ. თუ ამ ვადაზე ყველაფერი წესრიგშია, შემდგომი გამოკვლევა საჭირო აღარ არის.

  • – მეოცე კვირის შემდეგ ორსულმა ექოსკოპია აღარ უნდა ჩაიტაროს?

– თუ ქალი იმყოფება ექიმის მეთყვალყურეობის ქვეშ, ეს უკანასკნელი განსაზღვრავს საშვილოსნოს ზრდის დინამიკას სათანადო გრაფიკული გამოსახულების – გრავიდოგრამის – საშუალებით, თუ ნაყოფის ზრდა დამაკმაყოფილებელია, საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე გრაფიკის შესაბამისად იზრდება, დამატებითი ულტრაბგერითი კვლევა საჭირო აღარ არის. ექსპერტთა შეთანხმებით, მოწოდებული იყო ბოლო ექოსკოპიის ჩატარება ოცდამეთორმეტე კვირას, მაგრამ მიდგომა შეიცვალა, ვინაიდან მეოცე კვირის შემდეგ ორგანოები ჩამოყალიბებულია და ნაყოფი მხოლოდ ზომაში იმატებს, ზრდის ტენდენციას კი ექიმი ექოსკოპიის გარეშეც შეაფასებს. შესაძლოა, ქალს თავად სურდეს ექოსკოპიის ჩატარება, უნდოდეს ნაყოფის დანახვა, სურათის გადაღება. მას ამის უფლება აქვს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ  ამ გამოკვლევას სამედიცინო მნიშვნელობა არ ექნება, მშობიარობის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ულტრაბგერით კვლევას ორსულთა პათოლოგიების მართვისთვის. მისი მეშვეობით ფასდება სისხლის მიმოქცევის დოპლერომეტრიული მაჩვენებლები ჭიპლარში, განსაკუთრებულ შემთხვევებში – რეზუს-სენსიბილიზაციისა და ნაყოფის ზრდის შეფერხებისას – საშვილონოს არტერიებსა და ნაყოფის თავის ტვინშიც. თუ მეთვრამეტე–მეოცე კვირას რუტინული ულტრაბგერითი კვლევის დროს ეჭვი გაჩნდა გულის თანდაყოლილ პათოლოგიაზე, საჭიროა ნაყოფის გულის სონოანატომიის ექსპერტული შეფასება – დამატებითი კვლევა 3D და 4D ტექნოლოგიებით. თუმცა დღეს უკვე არსებობს ნაყოფის გულის მოცულობის შეფასების 5D(!) ტექნოლოგიაც.

  • – მოარული აზრის თანახმად, ტრანსვაგინალური (საშოსმხრივი) კვლევა შეიძლება ორსულობის სპონტანური შეწყვეტის ან ნაადრევი მშობიარობის მიზეზად იქცეს…

– ეს დიდი შეცდომაა! ექოსკოპიური კვლევის არც ერთი მეთოდი – არც ტრანსაბდომინალური (მუცლის ზედაპირიდან) და არც ტრანსვაგინალური – ორსულისთვის საზიანო არ არის. ვაგინალური გამოკვლევა არათუ პროვოცირებას არ უწევს ნაადრევ მშობიარობას, არამედ, პირიქით, სწორედ იმის დადგენაში გვეხმარება, არსებობს თუ არა ასეთი მშობიარობის რისკი. იზომება საშვილოსნოს ყელის სიგრძე, რომელიც ნაადრევი მშობიარობის მარკერია. ხშირად სწორედ ექოსკოპიის მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრება შემდგომი ტაქტიკა. ისიც უნდა ითქვას, რომ ვაგინალური ექოსკოპია ყველა ორსულს რუტინულად არ უტარდება. ის მოწოდებულია, როცა ქალს გადატანილი აქვს ნაადრევი მშობიარობა, მისი ერთი შვილი მაინც წონანაკლული დაიბადა, წინა ორსულობისას ჰქონდა ისთმიკოცერვიკალური უკმარისობა და ა.შ. ეს ყველაფერი ნაადრევი მშობიარობის რისკის ფაქტორებია.

დაფიქრდი და იმოქმედე

– მინდა, კიდევ ერთ გავრცელებულ შეცდომასაც შევეხო. ბევრი ორსული ნაჩქარევ გადაწყვეტილებას იღებს სამშობიარო კლინიკის შესახებ. მშობიარობა დღესასწაულია, რომელიც უსიამოვნო გარემომ არ უნდა დაჩრდილოს. მით უმეტეს, ქალის განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს მშობიარობის ნორმალური წარმართვისთვისაც. ამიტომ ნაჩქარევად ნუ გააკეთებთ არჩევანს, მოინახულეთ რამდენიმე კლინიკა, გაესაუბრეთ ექიმებს, აუხსენით, რა გსურთ, რას ელით სამშობიაროსგან. არ მოგერიდოთ კითხვების დასმა. თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ, მოიძიეთ ალტერნატივა. ასევე მინდა მოგიწოდოთ, არ თქვათ უარი ანტენატალურ მეცადინეობებზე. ე.წ. მშობელთა სკოლა ქალს მეტად ღირებულ ინფორმაციას აწვდის და დიდად ეხმარება ორსულობისა და მშობიარობის წარმატებით დასრულებაში. იქ ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცეს ორსულობისა და მშობიარობის დროს, როგორ დაძლიოს შიში, რას ელოდოს, როგორ მოხდება მშობიარობა, რა იქნება მშობიარობის შემდეგ, როგორ მოუარონ პატარას და ა.შ. მახსოვს, ათიოდე წლის წინ რამდენიმე ორსულს შევთავაზე ასეთ ჯგუფში ჩაწერა და დაიწყო ზარები: ესა და ეს ქალი ჩემი ახლობელია და მშობელთა სკოლაში ნუ დაიბარებთო. გამეცინა. ეს ხომ გამოცდა არ არის?! ეს თავად ორსულისთვისაა საჭირო. ახალგაზრდა, გამოუცდელმა ქალებმა ბევრი რამ არ იციან. რითია ცუდი, თუ ამ საკითხებში გაერკვევიან? მშობელთა სკოლის გაკვეთილებს ესწრებიან მამებიც, ვინაიდან ისინიც სრულფასოვნად უნდა ჩაერთონ ორსულობისა და მშობიარობის პროცესში. შესაძლოა, მიგაჩნდეთ, რომ იმავე ინფორმაციის მოძიებას თავადაც შეძლებთ. რა თქმა უნდა, დღეს ის სავსებით ხელმისაწვდომია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, თქვენ მიერ მოძიებული ცნობები შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს. მშობელთა სკოლაში კი სარწმუნო ინფორმაციას მიიღებთ, ისეთს, რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ. ამასთან, მშობელთა სკოლის დახმარებით შეგემატებათ თავდაჯერება და, მერწმუნეთ, მშობიარობაც გაცილებით ადვილად ჩაივლის.

გვანცა გოგოლაძე

წყარო : aversi.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები