მახსოვს, როცა სამშობიაროდან გამომწერეს და ქუჩაში გავედი,  მეგონა პირველად გავედი გარეთ, გარშემო ყველაფერს თითქოს დაზუმებულად ვხედავდი, ყველაფერი ძალიან დიდი იყო მე კი პატარა. სახლში მისული ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე, რამდენიმე წუთი ესე ვიყავი… მაშინ ვერ მივხვდი, რა მჭირდა. ღამე კოშმარები მაწუხებდა… როცა ფიქრს ვიწყებდი და შორს მივდიოდი, მერე თითქოს შიში მიპყრობდა, შიში, რომ არ გავგიჟებულიყავი. მსგავსი შეგრძნება აქამდე არ მქონია. უმეტეს შემთხვევაში დაღლილი და სევდიანი ვიყავი, ერთადერთი რაც მიხაროდა, პატარას დანახვა იყო.. ჩემი ესეთი მდგომარეობა 3 თვე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი გამერკვია, თუ რა მჭირდა, სწორედ ამ დროს გავიგე ტერმინი- პოსტსამშობიარო დეპრესია და შემდეგ უკვე დავიწყე მისი კარგად შესწავლა.

მშობიარობის შემდგომ  ზოგიერთი დედა ბედნიერებასთან ერთად სევდას განიცდის. ახალბედა დედა ამ დროს ემოციებს ვერ აკონტროლებს, ამ მდგომარეობას ,,baby blues’’ (მშობიარობის შემდგომი ხასიათის ცვლილება) ქვია, რომელიც  ქალების 40-80%ს ემართება. აღნიშნული ემოციური მდგომარეობა თუ ორ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა შესაძლებელია დედას მშობიარობის შემდგომი დეპრესია ქონდეს.